მარკ ცუკერბერგი ნაქირავებში აღარ იცხოვრებს
სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში 7 მლნ დოლარად სახლი შეიძინა.
სახლში, რომლის საერთო ფართობიც 500 კვ.მ-ს შეადგენს, 5 საძინებელი, მუსიკალური ოთახი და საცურაო აუზია. ცუკერბერგის სახლი მენლო-პარკთან მდებარე Facebook-ის შტაბ-ბინიდან 10 წუთის სავალზეა.
როგორც ფოტოებიდან დარწმუნდებით, ცუკერბერგის სახლი სხვა სახლებისგან თითქმის არაფრითაა გამორჩეული - მარკს არ უყვარს ფეშენებელური საცხოვრისები და, როგორც მისი მეგობრები ნახევრად ხუმრობით ამბობენ, სახლი დიდად არ სჭირდება, რადგან Facebook-ში ცხოვრობს.
ზოგიერთმა პაპარაციმ ცუკერბერგის მიერ სახლის ყიდვის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე დაიწყო სამზადისი, რომ მაღალ მესერზე გადაძრომა ან ხეებზე აცოცება მოუწევდა მარკის სახლის რომელიმე ფანჯრის ან ეზოს გადასაღებად, მაგრამ ასე არ მოხდა: მოკრძალებულობის გარდა, სახლი ნებისმიერი მსურველისთვის ადვილად ხელმისაწვდომია - რა თქმა უნდა, დათვალიერებას ვგულისხმობთ.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაკურსით გადაღებული სახლის ფოტოები და სენსაციისა და ნოყიერი ლუკმის მომლოდინე ტაბლოიდები პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა.
26 წლის ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. მისი ქონება ჟურნალმა Forbes-მა 7 მლრდ დოლარად შეაფასა. ცუკერბერგი აშშ-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 35-ე ადგილზეა.
აქამდე ცუკერბერგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და საცხოვრებელს ძალიან ხშირად იცვლიდა.
კომენტარი