საქართველოში სამი აზერბაიჯანული ბანკი ერთდროულად აქტიურდება
ქართულ ბანკებს სერიოზული კონკურენტი უჩნდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
ქართულ ბანკებს აზერბაიჯანული ბანკების სახით შესაძლოა ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეთ. ქართულ ბაზარზე გააქტიურებას ერთდროულად სამი აზერბაიჯანული ბანკი გეგმავს. რადიო “კომერსანტისთვის” აზერბაიჯანული “ფაშა ბანკის” საქართველოში შემოსვლის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანის ხუთეულში მყოფი ბანკი ქართული საბანკო სექტორითაა დაინტერესებული. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლებელია მათ საქართველოში 100 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება განახორციელონ. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს საქართველოში უკვე მოქმედ “აზერბაიჯანის განვითარების ბანკთან” ერთად გააკეთონ.
ირკვევა ისიც, რომ წლის ბოლოსთვის გააქტიურებას “კავკასიის განვითარების ბანკიც” გეგმავს, რომელიც საქართველოში დღეისათვის მხოლოდ ფილიალითაა წარმოდგენილი.
საქართველოს საბანკო ასოციაციაში ამას ქართული ბაზრის მიმზიდველობით ხსნიან და არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ სერიოზული კონკურენციის გაწევა სცადონ მითუმეტეს, რომ ისინი საკუთარ ქვეყანაში ძალიან მსხვილი მოთამაშეები არიან და იგივე “ფაშა ბანკის” დამფუძნებლებს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ.
კომენტარი