სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებულ სამეფოში უმაღლესი განათლება „სულ რაღაც“ ერთი თირკმელი დაგიჯდებათ

შოტლანდიის დანდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სიუ რებბიტ როფი, ერთობ უცნაური ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სტუდენტებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საკუთარი თირკმლები გაყიდონ, რათა მიღებული თანხით სწავლის საფასური გადაიხადონ. მან დონორებს მოუწოდა, სტუდენტებს თირკმლების ტრანსპლანტაციის სანაცვლოდ, 28 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაუხადონ.

როგორც რებბიტ როფი ამბობს, შინაგანი ორგანოების გაყიდვის ლეგალიზაცია მინიმუმ ორ პრობლემას მოხსნის. პირველი, ტრანსპლანტაციისთვის მკვეთრად აიწევა იმ ორგანოების რაოდენობა, რომელიც მოთხოვნადია და მეორე, დაეხმარება იმ სტუდენტებს, რომლებიც სოცილაურად დაუცველები არიან და ფინანსური პრობლემები აქვთ.

,,გუშინ, სამი ადამიანი გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში იმ მიზეზით, რომ ვერ შეძლეს თირკმლების დონორების პოვნა. რა თქმა უნდა, ახლად გარდაცვლილი ადამიანის თირკმლებსაც გამოდგება ტრანსპლანტაციისთვის, მაგრამ ცოცხალი ადამიანის თირკმლები ავადმყოფების უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. ყოველწლიურად, ბრიტანეთში ორი ათასზე მეტ ადამიანს სჭირდება თირკმლების ტრანსპლანტაცია,“– განაცხადა დანდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

მისი თქმით, დონორ სტუდენტებს იმის საშუალებაც მიეცემათ, რომ კარგი საქმის კეთებასთან ერთად, ფულიც იშოვონ.

,,ჩვენ ახალგაზრდებს სწავლის საფასურს 20-30 ათას ფუნტს ვახდევინებთ, ზოგი მათგანი ამ თანხას ბანკისგან სესხად იღებს. რატომ არ უნდა მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ კარგ საქმესთან ერთად, სწავლის საფასურის დასაფარი თანხაც გააკეთონ?“– აღნიშნა სიუ რებბიტ როფმა.

სხეულის ნაწილებით ვაჭრობა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთშიც აკრძალულია. დონორობა საკუთარ ნება-სურვილზეა დამოკიდებული. თუ გაერთიანებული სამეფო რებიიტ როფის იდეას მოიწონებს, მაშინ კანონის შეცვლა მოუწევს, რადგან მან 2004 წელს,,ადამიანის ორგანოების დაცვის” კანონი მიიღო, რომლის მიხედვით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა დანაშაულია.

თირკმლების გაყიდვის ლეგალიზაციის იდეამ საზოგადოების ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. Daily Telegraph–ის ცნობით, ბრიტანეთის თირკმლების გამოკვლევის ფონდის დირექტორი, პროფესორი ნილა ტერნერი ამ იდეის წინააღმდეგია. მისი თქმით, დონორობა ნებაყოფლობითია და არავის აქვს უფლება ვინმე დაავალდებულოს, საკუთარი შინაგანი ორგანოები სხვას გადაუნერგოს.

,,გადაწყვეტილება, გახდე ცოცხალი დონორი, ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ის მოტივაციის საფუძველზე უნდა მიიღო და არა ვინმეს დაძალებით. თან ისიც უნდა დავამატო, რომ შინაგანი ორგანოების თავისუფლად გაყიდვას, მავანნი ბოროტად გამოიყენებენ,“– განაცხადა ნილ ტერნერმა.

ამ იდეის მოწინააღმდეგეები იმასაც აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ თირკმლებს გაყიდიან, შესაძლოა, მოგვიანებით ინანონ, თუმცა გვიანი იქნება.

Daily Telegraph–ი, ამ საკითხზე, დანდის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტ ლუის ლასდენსსაც ესაუბრა. სტუდენტის თქმით, მისთვის მიუღებელია დეკანის იდეა და ის მილიონ ფუნტ სტერლინგზეც არ გაყიდის თირკმლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100