ოცდასამი პოლიტიკური პარტია ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
ცესკოს თავმჯდომარემ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური პარტია შეუერთდა.
შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მათ შეკითხვებს უპასუხეს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა - ელისაბედ ველიძემ და საარჩევნო სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ინოვაციური პროგრამის მეშვეობით, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) წარმომადგენლების დანიშვნა ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში მოახდინონ. მომხმარებლებისთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ჩამოტვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, სამომავლოდ კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას მისცემს პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიასაშუალებებს მათთვის საჭირო საჭირო რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ რეჟიმში გაიარონ.
პროექტი ცესკოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
კომენტარი