სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წერექართულად პროექტის ფარგლებში ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები დაიწყო

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად ფარგლებში დაინტერესებული პირები კომპიუტერისა და ელექტრონული მოწყობილობებისთვის ფონტების შექმნას შეისწავლიან.

პროექტს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია, „ჯეოლაბი“ და თიბისი ბანკი, კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი მიზანია ქართველი დიზაინერების ფონტების გაციფრულებაში მომზადება.

ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები რვა ლექციისაგან შედგება. 2 თვის განმავლობაში, დაინტერესებული პირები შრიფტის აგებისა და მისი ტექნიკური დამუშავების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ. მასტერკლასებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Monotype-ის ფონტების ინჟინრები იან კარვატი, ფილიპ ბლეზეკი და ამავე კომპანიის ქართველი კონსულტანტ-დიზაინერი აკაკი რაზმაძე ჩაატარებენ.

მასტერკლასების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები #წერექართულად პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებული შრიფტებისათვის ფონტებს შექმნიან. ასევე მათ მიერ გაკეთებული ფონტები კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულების პროექტში იქნება გამოყენებული.

ფონტების ინჟინერიის კურსებზე დარეგისტრირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო, 400-მდე შემოსული აპლიკაციის შედეგად 25 საუკეთესო აპლიკანტი შეირჩა. ისინი ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, ახალ უნარებს დაეუფლებიან.

Monotype Imaging ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი ფონტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მაგალითად, Helvetica, Times New Roman და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100