"დახლზეა მამული, კაცობა, სინდისს ხომ ბითუმად ყიდიან"...
გვსურს გაგაცნოთ ერთი ქართველი პოეტის მრავლისმთქმელი ლექსი, მისი ავტორის შესახებ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის. ნოდარ ოდიშელიძე დაიბადა 1956 წელს. 1981 წელს დაამთავრა თელავის ი.გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1978 წლიდან მუშაობდა დუშეთის რაიონის ლაფანაანთკარის საშუალო სკოლაში. სკოლის დირექტორი იყო 2007 წლამდე. ლექსებს სკოლის პერიოდიდან წერს. მისი ლექსები ქვეყნდებოდა დუშეთის რაიონულ გაზეთში და გაზეთ "ლომისაში" 2006 წელს გახდა ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი.
ბაზრობა.... ყველაფერს ყიდიან,
ყველაფერს ყიდულობს მავანი...
აქ ყველა ქლესა და ფლიდია,
არავის აწუხებს სხვა ვალი.
დახლზეა მამული, კაცობა,
სინდისს ხომ ბითუმად ყიდიან.
ცოდნაზე ძვირია არცოდნა -
მოგება საკმაოდ დიდია.
თაროზე,დახლზე და დახლის ქვეშ
როლები,ახალი როლები
იყიდეთ, უფასოდ მოყვება
ჯამბაზის ქუდი და რგოლები.
ბრძენკაცის როლი გსურთ? –
იყიდეთ, სცენაზე კვალი რომ დატოვოთ.
სულელის როლისთვის ზედმეტად
სულელი ბრძანდებით, ბატონო.
მოყვასი ჩუმად რომ გაწიროთ,
თან მის დამცირებას დაესწროთ,
ნიღაბი გჭირდებათ ყმაწვილო,
მიმართეთ ნიღბების მაესტროს.
- ინებეთ ერთგულის ნიღაბი,
ამ სახით ხალხს შეუყვარდებით,
იაფად მოგართმევთ რადგან თქვენ
ცნობა გაქვთ - ორგული ბრძანდებით.
...ეშმაკი ჩუმ-ჩუმად იცინის
- მისთვის სახეირო დღე დგება,
მორიგდნენ: ვაჟკაცის ნიღბისთვის
სული ჩააბარეს ცვედნებმა...
კომენტარი