BBC, Guardian, Reuters... ლაშქარავას გარდაცვალებას გავლენიანი საერთაშორისო მედია ეხმაურება
TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე სასტიკად სცემეს, საერთაშორისო გავლენიანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან. მათ შორის არის BBC, Guardian და Reuters. BBC სტატიაში წერს, რომ ლაშქარავას სახის არეში რამდენიმე დაზიანება აღენიშნებოდა, თუმცა კლინიკიდან მაინც გამოწერეს. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლაშქარავა ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტი დაშავებული ჟურნალისტიდან, ვისაც 5 ივლისს თავს დაესხნენ . პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშქარავას გარდაცვალება წარმოუდგენელ ტრაგედიად შეაფასა, თუმცა მის გადადგომას ითხოვენ. ის მთავრობასთან ერთად დადანაშაულებულია ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის ორკესტრირებაში, - წერს BBC. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 5 ივლისის ლგბტ მარშის წინააღმდეგ ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. სტატიაში საუბარი შეეხო 2019 წელს ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას. "ქართველი ოპერატორი ულტრამემარჯვენე, ანტი ლგბტ ჯგუფების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა" - ამ სახელწოდებით სტატიას კი Guardian აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ გამოჩენილი ქართული ტელევიზიების მენეჯერები და წარმომადგენლები ღარიბაშვილის მთავრობას ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ორკესტრირებაში ადანაშაულებენ. ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ღარიბაშვილი მკაცრი კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ის პრაიდის მარშის ჩატარებას შეეწინააღმდეგა და მასზე თქვა: "საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია", - წერია სტატიაში. "ძალადობისა და ლაშქარავას გარდაცვალების გამო პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტთან და მმართველი გუნდის ოფისთან, ასობით ადამიანი შეიკრიბა, - წერს Reuters 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. Reuters-ის სტატიაში წერია, რომ აქტივისტები ხელისუფლებას მოძალადე ჯგუფებისა წახალისებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს ძალადობისგან დაეცვათ ჟურნალისტები და ლგბტ თემის წარმომადგენლები. "ქართველი ოპერატორი, რომელსაც ლგბტ მარშის ჩატარების წინააღმდეგ გამოსულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლება სასტიკად სცემეს, გარდაცვლილი იპოვეს", - ასე ეხმაურება Deutsche Welle ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას. სტატიაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავას მაშინ სცემეს, როცა 50-ზე მეტ ჟურნალისტს ჰომოფობიური დაჯგუფებები თავს დაესხნენ. გამოცემა ასევე წერს, რომ ძალადობამ საქართველოში ლგბტ საზოგადოებას მარშის გაუქმება აიძულა. ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლები მას სასტიკად გაუსწორდნენ. მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მომხდარზე პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.
კომენტარი