სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მართლმადიდებელ სამყაროში ერთადერთი, მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობლის ფრესკა

ეს ფრესკა თბილისიდან 80–იოდე კილომეტრის დაშორებით, დირბის დედათა მონასტერში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა კედელს ნალესი ნაწილი ჩამოაცალეს. „იოსების ყვედრება“ – ასე ეწოდება ფრესკას.

რამდენიმე წლის წინ (2007) დირბის დედათა მონასტერში, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქარელის რაიონში, ფრონეს ხეობაში მდებარეობს, რესტავრაციის დროს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ფრესკა, რომელიც უნიკალურია იმდენად, რამდენადაც მასზე მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელია გამოსახული. „იოსების ყვედრება“ – ასე ჰქვია ფრესკას, რომელიც საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ მასზე ნათლადაა გამოსახული მიდგომილი ღვთისმშობელი.

მიდგომილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფრესკა ერთადერთია მართლმადიდებელ სამყაროში. მოგვიანებით, ხატმწერმა ირაკლი ცინცაძემ ამ ფრესკის საფუძველზე შექმნა ხატი, რომელიც სასწაულმოქმედადაა მიჩნეული. არსებობს უამრავი მაგალითი, როთა ამ ხატის წინაშე ლოცვა–ვედრების შემდეგ დიდი ხნის უნაყოფო წყვილებს შვილები შეეძინათ. ერთ–ერთი ემიგრანტი ქართველის მონდომებით, ხატის მესამე ასლი აშშ–ში, კერძოდ კი ნიუ–იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაშია დაბრძანებული.

რაც შეეხება დირბის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერს, იგი ფრონეს ხეობაში, თბილისიდან სულ რაღაც 80 კმ–ის დაშორებით მდებარეობს. ადმინისტრაციულად დირბი ქარელის მონიციპალიტეტში შედის.

მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის.

დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".

დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".

ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია.

იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.

მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.

2007 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100