ჩეჩნეთში მოციქულ მუჰამედის ნაქონი ნივთები ჩაიტანეს
მნიშვნელოვან რელიგიურ მოვლენად აღიქვა ჩეჩნეთის რელიგიურმა ელიტამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დიდი ბრიტანეთიდან მოციქულ მუჰამედის ნაქონი ფიალის და იმ ორი ხალიჩის ჩამოტანა გროზნოში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მის საფლავზე იყო გადაფარებული.
ისლამური რელიქვიები ჯერ ქ.გროზნოს ახმედ კადიროვის სახელობის მეჩეთში გამოფინეს, შემდეგ კი რამზან კადიროვმა თავისი თანაგუნდელების და უმაღლესი რელიგიური პირების თანხლებით ისინი შემოატარა რესპუბლიკაში არსებულ მუსულმანებისთვის ყველა წმინდა ადგილში, რის შემდეგაც მათ საბოლოო ადგილსამყოფელად კადიროვების საგვარეულო სოფელი ცენტეროი მიუჩინა. მანქანების კორტეჟის მსვლელობის მარშუტზე გამოსული იყო ათასობით მორწმუნე.
ჩეჩენი მუსულმანების დიდი ნაწილი აღფრთოვანებულია აღნიშნული რელიქვიების ჩეჩნეთში ჩამოტანით, რასაც ორგანიზაცია გაუკეთა ცნობილმა ბიზნესმენმა რუსლან ბაისაროვმა. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს ნივთების ნამდვილობა. მათი თქმით, გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა ეს ნივთები დიდ ბრიტანეთში და თუ ისინი ნამდვილად მოციქულ მუჰამედის ნაქონია და არა ასლები, როგორ გაუშვეს ხელიდან მისმა უმდიდრესმა არაბმა მემკვიდრეებმა. თუმცა ცალკეული დაეჭვებული პირების მოსაზრება არაფრად მოჩანს ასობით ათასი ჩეჩენი მუსულმანის განწყობის ფონზე.
კომენტარი