გორბაჩოვს პუტინის პრეზიდენტად დაბრუნება არ სურს
საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი რუსეთის ხელისუფლებას კვლავ აკრიტიკებს.
"ხელისუფლება წარსულში გვექაჩება მაშინ, როცა ქვეყანა მოდერნიზაციას საჭიროებს",_ განუცხადა გერმანულ ჟურნალ "შპიგელს" მიხეილ გორბაჩოვმა რუსეთის ხელისუფლებასა და რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.
მისივე შეფასებით, მაშინ, როცა ქვეყანას მოდერნიზაციას სჭირდება, რუსეთის მმართველი პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას სულ უფრო მეტად ემსაგავსება.
რუსეთში 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას გორბაჩოვმა განაცხადა, რომ არ სურს პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის დაბრუნება. მისივე აზრით, პრემიერ-მინიტრი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენითაა დაინტერესებული, ხოლო რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს, იგი მათ გადაჭრას არც აპირებს.
"ქვეყანაში არსებული ვითარება იდეალურისგან ძალიან შორსაა. ხელისუფლება ხალხის აზრს არ ითვალისწინებს, ხოლო პოლიტიკური პარტიები მმართველი რეჟიმის პირობებში მხოლოდ მარიონეტები არიან", - დასძენს სსრკ-ს ექს პრეზიდენტი.
მიხეილ გორბაჩოვს რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ გაუკრიტიკებია. ცოტა ხნის წინ, "ეხო მასკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "პუტინი და მისი "სახალხო ფრონტი" ქვეყანას უკან ექაჩებიან".
კომენტარი