ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის გამო მამაკაცმა ხობში გამგეობის მინები ჩაამსხვრია
ხობში ბიძინა ივანიშვილის ასწლოვანი ხის გადატანას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სოფელ შუა ხორგში მცხოვრებმა 57 წლის მამაკაცმა გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია.
ლევან ჯოჯუა სახლთან მისასვლელი გზის შეკეთებას ითხოვდა. მისი თქმით, ივანიშვილისთვის ხეების ამოთხროსას გზები საგრძნობლად დაზიანდა.
გამგეობაში მისულ ჯოჯუას ადგილზე არავინ დახვდა, რასაც მისი გაღიზიანება გამოიწვია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ უწყებაში.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი