სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯვარცმა, როგორც კაცობრიობისადმი უსაზღვრო სოლიდარობა

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამონარიდებს სუროჟელი მიტროპოლიტის - ანტონის ზეპირი ქადაგებებიდან. ეს ქადაგებები და ანტონ სუროჟელის სხვა გამოსვლები გადაიცემოდა 70 – 90 - იან წლებში BBC - ის მაუწყებლობით, იბეჭდებოდა ფრანგულ, ინგლისურ, ბერძნულ გამოცემებში და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ბევრმა თეოლოგმა ანტონ სუროჟელს „მარტივი თეოლოგიის ფუძემდებელი“ უწოდა და იგი დღემდე მიჩნეულია თანამედროვეთაგან ერთ-ერთ უდიდეს ჰუმანისტ მართლმადიდებელ მოძღვრად.

"...რა მდგომარეობა უჭირავს ღმერთს სამყაროსთან მიმართებაში, რომელიც თვითონ შექმნა - არავის უთხოვია, ამაში სამყაროს მონაწილეობა არ მიუღია - და ათასწლეულების განმავლობაში ასეთ ტრაგიკულ, ზოგჯერ აუტანელ მდგომარეობაშია? ნუთუ საქმე ისეა, რომ ღმერთმა თავისი ნების ცალმხრივი ქმედებით გამოიხმო არსებობისთვის მთელი სამყარო და ოდესმე, მას პირისპირ უკვე არა როგორც შემოქმედი, არამედ როგორც მსაჯული შეხვდება? სად არის სიმართლე? სად არის სამართლიანობა? სად არის შესაძლებლობა სამყარომ, მკაცრი, პირქუში ღვთის წინაშე და მისი არყოფნისას, თავისი თავი განახორციელოს?

ღმერთი სამყაროს შემოქმედია, მაგრამ შექმნის აქტი არც ისეთი მარტივია, როგორც გვეჩვენება. ამ აქტის არსი ის კი არ არის, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი რატომღაც გადაწყვეტს, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო,შექმნას მთელი სამყარო, შემდეგ თვალი ადევნოს მის განვითარებას და ელოდოს განკითხვის დღეს. ეს თითქმის ექსპერიმენტივით გამოიყურება: რა გამოვა? მაგრამ ეს ასე როდია. ღვთის შემოქმედებითი აქტის საფუძველში რაღაც უფრო დიდი ძევს.

ღმერთი ქმნის ამ სამყაროს და ამავე დროს, მოუწოდებს ყოფის ისეთი სისავსისკენ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი გავიზიაროთ ღმერთთან ერთად, მონაწილეობა მივიღოთ მის მარადისობაში, მის ცხოვრებაში; ადამიანი იმისთვის არის მოწოდებული, რომ ღმერთის ცხოვრების თანამონაწილე გახდეს; და ღმერთი, ადამიანის შექმნისას, თავის თავს გასცემს. ის არამარტო გამოიხმობს სიცოცხლისთვის რაღაც საცოდავ არსებას, რომელიც ყველაფერში მისგან დამოკიდებული იქნება; ის გამოიხმობს ყოფისთვის არსებას, რომელიც მის პირისპირ იდგომება, სრულუფლებიანად, რომელიც ღმერთთან პირისპირ იურთიერთებს.

მაგრამ ურთიერთობა ხომ რაღაცით თვითშეზღუდვას ნიშნავს; ქმნის რა ადამიანს, ქმნის რა სამყაროს, ღმერთი თავის წინაშე თანამოსაუბრეს აყენებს, რომელიც უნდა მიიღოს ისეთად, როგორიც არის, და როგორიც იგი გახდება თავისი თავისუფალი ნებით. ღმერთი ჩვენ გამოგვიხმობს მყოფობაში, გვაყენებს თავის წინ და გვთავაზობს ყველაფერს, რაც თვითონ არის, მზადაა გაგვიზიაროს ყველაფერი, რაც მას აქვს; ჩვენი უფლებაა მივიღოთ ან უარი ვთქვათ. ღმერთის მხრივ, ეს არის მზადყოფნა, თავისი თავი ბოლომდე გვანაცვალოს. ღმერთი ჩვენ უბრალო ნების აქტით კი არ გვქმნის, ის ჩვენ გვქმნის უდიდესი თავსშემოვლების, თავგანწირული სიყვარულის აქტით.

მაგრამ ამით არ მთავრდება თანაფარდობა უფალსა და ადამიანს შორის. ათასწლეულების, შეიძლება მილიონობით წლების მანძილზე, ადამიანი ჩამოყალიბების თავის გზას ეძებს, და ამავე დროს, ხშირად ადამიანი თავის ღირსებას ივიწყებს, წვრილმანდება, თავისი თავის უღირსი ხდება. ღმერთი კი მას არ ტოვებს. მთელი კაცობრიობის ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი ლაპარაკობს სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა გზით, ნათელი გონების და სუფთა გულის ადამიანების მეშვეობით, განსწავლული, განათლებული ადამიანების მეშვეობით, ლაპარაკობს ცხოვრების საშინელების მეშვეობით, ლაპარაკობს სინდისის მეშვეობით, მოუწოდებს ადამიანს, სრულად გაიზარდოს. მაგრამ ის არამხოლოდ ლაპარაკობს.

ლაპარაკი არ არის ძნელი, მოწოდება ადვილია, მოთხოვნა - სულ იოლი საქმეა. ღმერთი ადამიანური ცხოვრების და ადამიანური ტრაგედიის თანამონაწილე ხდება, ის ადამიანი ხდება; ის ხორციელდება; ღმერთი ისტორიაში შედის; ღმერთი თვითონ ატარებს მის სიმძიმეს; ღმერთი იძირება ჩვენს სამყაროში და ეს სამყარო მთელი სიმძიმით, მთელი საშინელებით, მომაკვდინებლად აწვება მის მხრებს. ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ, ისურვოს კაცობრიობის ხსნა და ეს მისი სურვილისამებრ მოხდეს, ის თავის ძეს აგზავნის დედამიწაზე, იმისთვის, რომ ადამიანებთან იცხოვროს და ადამიანებისგან მოიწყლას, რაღაც გაგებით - მოკვდეს.

ამაშია ღმერთის უსაზღვრო პასუხისმგებლობა თავის პირველად გადაწყვეტილებაზე, შექმნის ფუძემდებლურ აქტზე. ამით ღმერთი ჩვენს წინაშე თავის თავს ამართლებს; ის მაყურებელი არ არის; ის განზე არ დგას, თუმცა, შეუძლია ასე მოიქცეს. ის შედის შუაგულში, ცხოვრების ტრაგედიაში და ჩვენთან ერთად მონაწილეობს მასში...

ადამიანს შეუძლია იწამოს ღმერთი, ადამიანს შეუძლია პატივი სცეს ამ ღმერთს; შეგიძლია მას ენდო, მისი ერთგული იყო, ხედავდე, რომ ამ ღმერთს ადამიანის ისეთი რწმენა აქვს, მას ისეთი იმედი დააკისრა, სიკვდილამდე და ჯვარცმული სიკვდილით ისე შეიყვარა, რომ შეგიძლია მას გაჰყვე, სადაც არ უნდა წავიდეს. ღმერთი თავის თავზე იღებს უკანასკნელ პასუხისმგებლობას სამყაროს ბედზე, გადაარჩენს სამყაროს ქრისტეს ხორცშესხმით და ჯვარცმული სიკვდილით.

რას ნიშნავს ეს? რატომ შეუძლია ერთი კაცის, ბეთლემში ქალწულისგან შობილი იესო ქრისტეს სიკვდილს გადაწონოს ადამიანთა მოდგმის მთელი ცოდვა? რით განსხვავდება ეს სიკვდილი სხვა დანარჩენ სიკვდილთაგან? ის არ ყოფილა უფრო საშინელი, ვიდრე სიკვდილი, ათასწლეულების განმავლობაში რომ განუცდიათ ადამიანებს, თავიანთი მრწამსისთვის მებრძოლ ადამიანებს, ან იმ ხალხს, უბრალოდ, დედამიწის ქარტეხილებში რომ მოჰყვნენ.

ადამიანები ფიზიკურად უფრო მეტად იტანჯებოდნენ, ვიდრე ქრისტე იტანჯა ჯვარზე; მის გვერდით ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს, ისინი ისეთივე სიკვდილით კვდებოდნენ, როგორც იესო. რატომ არა აქვს მათ სიკვდილს ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ქრისტეს სიკვდილს? რატომ არის ქრისტე - მხსნელი, და ეს ავაზაკები - არ არიან სამყაროს მხსნელები? თქვენ იტყვით: ერთი მათგანი არამზადა იყო, მეორემ კი მოინანია. კარგი, მაგრამ ის მეორე ხომ ჯვარზე შეიცვალა შინაგანად? თუნდაც დასასრულს, ხომ შევიდა სასუფეველში? რატომ არის მისი სიკვდილი ასე უმნიშვნელო და ქრისტეს სიკვდილი ასე მნიშვნელოვანი?

ქრისტეს სიკვდილი იმით კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ კვდება თვით ღმერთი, - ხორცშესხმული, ვინაიდან, თავისი ღვთიურობის გამო, როგორც ღმერთი, ის არ კვდება; სიკვდილი ადამიან იესო ქრისტეს ეხება. როცა ჩვენ ვფიქრობთ ქრისტეზე, ღმერთზე, ხშირად მის მონაწილეობას ჩვენს ადამიანურ ბედში ჯერ იმაში ვხედავთ, რომ ის უბრალოდ, ადამიანი გახდა, რომ უსაზღვრო შემოისაზღვრა, რომ მარადისი წუთისოფელში შემოვიდა.

შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ის შემოვიდა ცოდვილ ქვეყანაში, საშინელ ქვეყანაში, ღვთაებრივ ცხოვრებას მოწყვეტილ ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, ყველა შედეგითურთ: ქვეყანაში, სადაც დაბუდებული იყო სიკვდილი, შიმშილი, ობლობა, სისასტიკე. ეს ყველაფერი სიმართლეა. მშიერ-მწყურვალი, გაწამებული, მწუხარე ქრისტე - სიძულვილით გარემოსილი იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებოდა ავადმყოფობის, სიკვდილის, დაუნდობლობის, უსამართლობის საშინელებას; ეკუთვნოდა იმ ქვეყანას, მტრის ჯარისკაცთა მიერ რომ იყო ოკუპირებული და დამცირებული - ყველაფერი ეს სიმართლეა; სიმართლეა ისიც, რომ, როგორც ადამიანი, ჯვარზე მოკვდა.

რა საჭირო იყო მისი ჯვარცმა? რატომ გამოგზავნა მამა ღმერთმა ძე იმისთვის, რომ ის ჯვარცმულიყო?

- ის იმიტომ კვდება, რომ თავის თავზე იღებს ადამიანისადმი უსაზღვრო სოლიდარობას. ის თავის თავზე იღებს ღვთისგან მოწყვეტილი, ღვთისგან მიტოვებული, გაღატაკებული ადამიანის ბედს. გაიხსენეთ ქრისტეს სიტყვები, ისტორიაში ყველაზე საშინელი ღაღადი, რომელიც ჯვრიდან იქნა გაგონილი: "ღმერთო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?"(მათე, 27, 46). ეს ჯვარზე მომაკვდავი მაცხოვრის ყვირილია. როგორ შეეძლო მას, ვინც თვითონ არის ღმერთი, დაეყვირა სიტყვები, რომელიც კაცობრიობის ტრაგედიას, ცხოვრების და სიკვდილის მთელ საშინელებას გამოხატავს? ჩვენ ამის ახსნა, გაგება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გავშიფროთ ის, რაც მოხდა:

მოხდა ის, რომ რაღაც მომენტში ქრისტემ თავს იდო ადამიანის არსებობის და ყოფის ერთადერთი, საბოლოო საშინელება: ღმერთის დაკარგვა, უღმერთობა, რაც ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი. ის მოკვდა ღმერთის დაკარგვის გამო; მოკვდა იმიტომ, რომ იმის განცდა და გადატანა მოინდომა, რაც ყოველი ადამიანის შემზარავი ბედია: დროით და სივრცით შეზღუდვის საშინელება, მარადისობის დაკარგვა, ღმერთის დაკარგვა. არ არსებობს ურწმუნო დედამიწაზე, რომელმაც ისე გადაიტანა უღმერთობა, ღმერთის დაკარგვა, როგორც ეს გადაიტანა სიკვდილის მომენტში ძეღმერთმა, რომელიც ძე კაცისა გახდა.

ქრისტეს საიდუმლო მოიცავს ადამიანთა არსებობის მთელ საიდუმლოს, მთელ მის საშინელებას და მთელ მის დიდებას; არავინ რჩება ქრისტე მაცხოვარის საიდუმლოს გარეთ. ღმერთი ქრისტეს დედამიწაზე მოვლინებით, ჯვარცმით, - ნამდვილად ბოლომდე, ტრაგიკულად და დიდებულად, უსაზღვრო მორჩილებით გასცემს საკუთარ თავს სამყაროს გადასარჩენად და ამით ბოლომდე ახორციელებს შემოქმედის პასუხისმგებლობას სამყაროს ბედ-იღბალზე..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100