ვიდეომასალა ლოპოტას ხეობაში აყვანილი მძველებისა და გათავისუფლების შესახებ (VIDEO)
შს სამინისტრო ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეო მასალასთან ერთად, სპეცოპერაციისა და მძევლების გათავისუფლების ამსახველ ჩანაწერსაც ავრცელებს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყვება როგორ აიყვანეს იგი მძევლად და როგორ ჩაანაცვლა შს სამინისტროს თანამშრომელმა, რომლის გასათავისუფლებლადაც აღნიშნული სპეცოპერაცია დაიწყო.
რამაზ ფარადაშვილი - სასაზღვრო პოლიციის მაიორი: ‘’თანამშრომლებთან ერთად ასული ვიყავი ლოპოტას ხეობაში, 5 დაკარგული ახალგაზრდის მოსაძებნად, გზაზე შეირაღებული ჯგუფის მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოვყევით. დაახლოებით ათმა ადამიანმა შემოარტყა ჩვენს ავტომანქანას ალყა. ძალით გადმოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ ჩვენ მძევლებად ვიყავით აყვანილები. ამის შემდეგ გამოჩნდნენ მათი სხვა შეიარაღებული წევრებიც ხუთ დაკარგულთან ერთად. მე ვუთხარი მათ, რომ ისინი მათთვის მძიმე ტვირთი იქნებოდნენ, რადგან მე ვიყავი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი და ამ სექტორის უფროსი, უფრო ღირებული ვიქნებოდი მათთვის. შევთავაზე გაეთავისუფლებინათ მძევლობიდან ჩემი თანამშრომლები და ხუთი მოქალაქე, ჩემი მძევლად აყვანის სანაცვლოდ, ისინი დავარწმუნე ამაში და გაათავისუფლეს მძევლები.
მე არ ვიცოდი მათი მიზნების შესახებ, რა ამოძრავებდათ მათ. შეიარაღებულები იყვნენ, ჰქონდათ ყუმბართმტყორცნები, ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენ ხეობაში ჩავედით, სადაც მოვიდა შს სამინისტროს წარმომადგენელი, მათი საუბრის შემდეგ, მითხრეს რომ მე აღარ ვიყავი საჭირო პიროვნება და გამომიშვეს."
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა პირებმა მძევლად შს სამინისტროს ოფიცერი აიყვანეს.
ნიკა კობახიძე - პოლიციის ოფიცერი: ‘’მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლოპოტას ხეობაში იმყოფებოდა შეიარაღებული დაჯგუფება, რომელსაც მძევლად ჰყავდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მათთან მოსალაპარაკებლად მისულიყო შს სამინისტროს თანამშრომელი. აღნიშნული თანამშრომელი მათთან მივიდა და განუცხადა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებდა ხეობაში ნებისმიერი შიარაღებული დაჯგუფების გადაადგილებას. ოფიცერმა განუცხადა მათ, რომ გაეთავისუფლებიათ დაკავებული მესაზღვრე, ვინაიდან იგი იყო მისული მათთან მოლაპარაკების განსახორციელებლად და მხოლოდ მესაზღვრის გათავისუფლების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მოლაპარაკების დაწყება. ამაზე შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დათანხმდენ და დაიწყო მოლაპარაკება.
ოფიცერმა მათ განუცხადა, რომ ერთადერთი გზა სიტუაციიდან გამოსვლის იყო იარაღის დაყრა და დანებება, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო, მეტიც, შსს-ს თანამშრომელს უთხრეს, რომ იგი მათი მძევალი ხდებოდა.
ოფიცერმა განაცახადა რომ აღნიშნული უნდა ეცნობებინა ხელმძღვანელობისთვის ტელეფონით და მოითხოვა იმ ტერიტორიაზე გასვლა, საიდანაც იყო მობილური კავშირის საშუალება. აღნიშნულზე ისინი დათანხმდნენ, მაგრამ გააყოლეს ორი შეიარაღებული პირი. ოფიცერი გაემართა წინასწარ შერჩეული ადგილისკენ, სადაც შსს-ს სპეცრაზმის მიერ მოწყობილი იყო ჩასაფრება, აღნიშნული ჩასაფრების შედეგად შესაძლებელი გახდა ერთ-ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია და შსს-ს თანამშრომლის გამოყვანა."
კომენტარი