სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე რონდელი: ზოგი ქართველი რუსებს გაშლილი პურმარილით ელოდა და ელის...

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სემიონ ბაღდასაროვი რუსი ,,დერჟავნიკი“ და შოვინისტია. მისი თქმით, დეპუტატის განცხადება, 2014 წლამდე საქართველოსთან ომის დაწყების შესახებ, მხოლოდ ანტიქართული განწყობის გამომხატველია. პოლიტოლოგის თქმით, დღეს რუსეთს არა აქვს იმის მიზეზი და საბაბი, რომ საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესია განახორციელოს.

- რუსეთის დუმაში, ცხარე დებატები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა საქართველოსთან ომის დაწყება. ერთ-ერთი დეპუტატის, სემიონ ბაღდასაროვის თქმით, 2014 წლამდე საქართველოსთან ომი აუცილებელია. თქვენი აზრით, მსგავსი განცხადებები ქართველების დასაშინებლად კეთდება, თუ რუსეთი რეალურად გეგმავს საქართველოსთან მორიგი ომის დაწყებას?

- ბაღდასაროვი არის ოდიოზური ფიგურა, მისი გვარის მიუხედავად, ის საშინელი რუსი ,,დერჟავნიკი“ და შოვინისტია. დუმა მსგავსი ადამიანების სიმრავლით გამოირჩევა და მათ შორის რამდენიმეს ძალიან ანტიქართული განწყობა გააჩნია, ბატონი ბაღდასაროვიც იმათ რიგებშია. საერთოდ, ამ დეპუტატის ნათქვამი შეიძლება სერიოზულადაც არ აღვიქვათ, თუმცა ნიშანდობლივი ისაა, რომ ის რუსეთში ძალიან ბევრი ადამიანის აზრს გამოხატავს. ამიტომ, ალბათ ამ ადამიანისთვისაც ღირს ყურის დაგდება, რადგან მას რუსეთის დუმაში სიტყვა ეთქმის. საქმე იმაშია, რომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოში, გეგმა ჩაეშალა. მას წინასწარ ჰქონდა გათვლილი, რომ ჩვენს ჯარს ალყას შემოარტყამდა ცხინვალსა და გორში, მათ ნაწილს ამოხოცავდა, უმრავლესობას კი დაატყვევებდა. გეგმის მიხედვით, ჯარის განეიტრალების შემდეგ, თბილისში ხელისუფლების რეჟიმი ავტომატურად დაეცემოდა, რუსები კი ხელისუფლების სათავეში საკუთარ კანდიდატს აიყვანდნენ და საქართველო რუსეთის მონა-მორჩილი გახდებოდა. თუმცა ეს რუსებს არ გამოუვიდათ და როგორც ჩვენი რუსი კოლეგებისგან ვიცი, ამას ძალიან განიცდიან და ვერ ეგუებიან. სწორედ ამის გამო, ბაღდასაროვმა ბოღმის მორიგი პორცია ამოანთხია. ამ ბოღმაში კი კარგად ჩანს რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების დიდი ნაწილის აზრი. ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ საქართველოსთან საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის და კარგი იქნებოდა, საქართველოში კიდევ ერთხელ შეჭრა.

- ანუ მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს დამორჩილებაა?

- რათქმაუნდა, ხელისუფლების შეცვლა და თავიანთი პოზიციების განმტკიცება, დღესაც მათ ინტერესებშია. რუსები ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაგვაშაონ. ამისთვის პროპაგანდისტულ ომს გამოიყენებენ. მოაწყობენ აფეთქებებს ჩრდილეთ კავკასიაში და ამაში ჩვენ დაგვდებენ ბრალს. ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელია, თუმცა ღია ომის გამოცხადება, ნაკლებად სავარაუდოა. დღეს 2008 წელი არ არის. აგვისტოს ომმა ძალიან ბევრი რამ უჩვენა დასავლეთს. დღეს რუსეთშიც ოპოზიციის აქტიურობის გამო, სიტუაცია დაძაბულია. თან, დასავლეთშიც უკვე უხერხულად გრძნობენ თავს და რუსეთს ყველაფერში მხარს ვეღარ დაუჭერენ, მათ ტყუილებსა და სისულელეებს აღარ გაიზიარებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსეთს არა აქვს იმის მიზეზი და საბაბი, რომ საქართველო წინააღმდეგ ღია აგრესიული პოლიტიკა განახორციელოს.

- ბაღდასაროვის ნათქვამი რომ გამართლდეს და რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადოს, შეძლებს ჩვენი ქვეყანა მეზობლის აგრესიისგან თავის დაცვას?

- საქმე იმაშია, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას, ასეთი საშინელი მეზობლისგან თავის დაცვა მხოლოდ დიპლომატიით, მეგობარ ქვეყნებთან კავშირებითა და ვაჟკაცობით შეუძლია. ჩვენს დიდი მეზობელს უნდა დავანახოთ, რომ მათ არა თუ ხაჭაპურებითა და ღვინით დავხვდებით, არამედ ძალით. აუცილებელია ქვეყნასა და ერს წარმოადგენდე და მაშინ შენი მეზობელიც დაფიქრდება, ღირს თუ არა შენთან შებრძოლება.

- თუმცა, რაც არ უნდა ვაჟკაცურად დავხვდეთ რუსეთს, ძალისმიერი მეთოდით მისი მოგერიება გავიჭირდება, რადგან მისი ჯარი რიცხოვნობით, ბევრჯერ აღემატება ჩვენსას.

- რა თქმა უნდა, მარტო ძალისმიერი მეთოდით რუსეთს ვერ მოვერევით. მარტო ძალით არც რუსები მუშაობენ. ისინი ფსიქოლოგიურ მეთოდებს იყენებენ. კრემლი ზეწოლას ახროციელებს, როგორც ჩვენზე, ასევე ჩვენს მოკავშირეებზე. ამაში რუსეთი უამრავ ფულს ხარჯავს. აგერ, თუნდაც ტუალუ ავიღოთ. რამდენი ფული დაიხარჯებოდა იმაში, რომ ამ ქვეყანამ, რომელიც მალე ჩაიძირება, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. რუსეთს არ აწყობს ჩვენი დამოუკიდებლობა და წინსვლა, ამიტომ ყველაფერს გააკეთებს, ეს რომ ჩაახშოს. რუსეთს რომ წინააღმდეგობა გავუწოთ და მისი გეგმები არ განხორციელდეს, ამისთვის პირველ რიგში, ჩვენი ერთიანობა და ერთად დგომაა საჭირო.

- რუსი დეპუტატები, ასევე უკმაყოფილონი არიან აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის პოლიტიკით. მათი თქმით, რუსეთის ბიუჯეტიდან აფხაზეთზე მილიონები იხარჯება, თუმცა უშედეგოდ. ფულის ნაწილი გზაში იკარგება, დარჩენილ ნაწილს კიდევ აფხაზი ჩინოვნიკები ,,იჯიბავენ.“ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ აფხაზებსა და რუსებს შორის ურთიერთობა დაიძაბოს?

- მათ შორის ურთიერთობა რაც არ უნდა დაიძაბოს, აფხაზეთში ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს და ის აფხაზებს ზედმეტი სიტყვის ამოღების უფლებასაც კი რა მისცემს. რუსეთი რამდენიმე ათეული წელია აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მუშაობს. კრემლი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფერს აკეთებდა, რათა აფხაზეთი მას დარჩენოდა. ამისთვის მილონები დაიხარჯა. ახლა კი რუსეთი აფხაზეთს არავის დაუთმობს. მათ აფხაზები დაიმონეს, ისინი რუსეთის მარიონეტები არიან.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე ,,ისკანდერისგანთავსებას აპირებს. რა საფრთხის შემცველია ეს საქართველოსთვის?

- დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ,,ისკანდერი“ აფხაზეთში განთავსდება, თუ ვლადიკავკაზში. თუ მათი გამოყენების ჟამი დადგა, სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენთვის საფრთხის შემცველია. რა თქმა უნდა, მათი ჩვენი ქვეყნის სიახლოვეს განთავსება, ძალიან საშიშია.

- ხვალ ოპოზიციის აქცია იგეგმება, რომელსაც, როგორც ამბობენ, რუსეთი აფინანსებს. თქვენი აზრით, ეს რუსეთის პროპაგანდისტული პოლიტიკის ნაწილია?

- საშინაო საქმეებში კარგად არ ვარ ჩახედული, რადგან ამის დრო არ მაქვს. არიან ამ საქმის ხელმარჯვე ოსტატები, რომლებიც დილიდან დაღამებამდე ტელევიზიით არიან გამოჭენებული. საშინაო საქმეებზე მათ უნდა ჰკითხოთ, რადგან ბევრი ჭორიც იციან. ისე, ვისი აქცია იგეგემება? არც გამიგია.

- ,,ეროვნული ფორუმისლიდერი, გუბაზ სანიკიძე მართავს აქციას...

- „დიდი ქართველის“ აქცია ყოფილა. დატკბეს ვისაც უნდა ამ აქციით, ასეთი საპროტესტო გამოსვლები ჩემთვის თაფლი ნამდვილად არ არის. ზოგიერთი ქართველი რუსებს გაშლილი დროშებითა და პურმარილით ელოდებოდა და დღესაც ელის. ასეთი ქართველები გველებივით ჩუმ-ჩუმად სისინებენ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100