ბორჯომის ხეობაში სტიქია ისევ მძვინვარებს - მოსახლეობა მთელი ღამის გატარებას ღია ცის ქვეშ აპირებს
სტიქიის ეპიცენტრში შესაძლოა, დასახლებული პუნქტები მოექცეს. ამ დროისთვის სოფელ დაბასთან ევაკუაცია გამოცხადებული არ არის, თუმცა ერთმა ოჯახმა საცხოვრებელი უკვე დატოვა. ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ არ არის გამორიცხული, სახლები არაერთ ოჯახს დაატოვებინონ.
გარდა ამისა, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები ვერ ხორციელდება, რადგან ის ტერიტორია, სადაც ხანძარი მძვინვარებს, სამაშველო სამსახურებისა და სახანძრო ტექნიკისთვის მიუვალია.
ვერ ხერხდება ცეცხლის შვეულმფრენებით ჩაქრობაც იქიდან გამომდინარე, რომ ვერტმფრენებს ღამის ხედვის აღჭურვილობა არ გააჩნიათ. ისინი მუშაობას ხვალ დილით, 6 საათიდან განაახლებენ.
ამ წუთებში სოფელ დაბის და მიმდებარე სოფლის მოსახლეობა ქუჩაში იმყოფება. ისინი საცხოვრებელ სახლებში არ შედიან, რადგან შიში აქვთ იმისა, რომ ხანძარი ახლოს არის და შესაძლოა, მათ საცხოვრებელ სახლებს გადმოედოს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი მთელი ღამის განმავლობაში გარეთ დარჩებიან და ადგილობრივი და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ღია ცის ქვეშ დაელოდებიან.
ადგილზე იმყოფება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, თორნიკე გვაზავა.
„ცოცხალი ძალა, როგორც გუშინ, დღესაც ადგილზე რჩება, როგორც მაშველები, ისე მთელი სატყეო სააგენტო. ორი რეგიონი მყავს უკვე მობილიზებული და უკანა მხრიდან რომ არ მოხდეს გავრცელება ტყის მასივში და შემდეგ სოფლებში გადასვლა, ცოცხალი ძალა მაღლა იქნება განლაგებული მთელი ღამის განმავლობაში,“ - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.
წყარო: რუსთავი 2
კომენტარი