თიბისი ბანკის მიერ აღდგენილი ფიროსმანი თიბისი გალერეაში გამოიფინა
თიბისი ბანკის დაფინანსებით ფიროსმანის აღდგენილი ნამუშევრები თიბისი გალერეაში გამოიფინა. „თამარ მეფე“ და „რუსთაველი“ დამთვალიერებლისათვის მირზაანის მუზეუმის კოლექციასთან ერთადაა წარმოდგენილი.
გამოფენის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი, ნიკა ანთიძე და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე. დღეიდან ფიროსმანის ნამუშევრების ხილვა ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლება.
გამოფენა საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. სკოლის მოსწავლეებისათვის ეწყობა საგანმანათლებლო ტურები, რომელთა მიზანია ფიროსმანის შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. მუზეუმის გიდი მოსწავლეებს ფიროსმანის შესახებ ისტორიებს მოუყვება. ასევე თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა ანიმაცია ფიროსმანის შემოქმედების შესახებ, რომლის პრეზენტაცია გამოფენაზე შედგა.
თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის პორტრეტები ფიროსმანის მიერ 1913-1914 წლებშია შესრულებული. მირზაანის კოლექციაში ეს ნამუშევრები 1989 წელს მოხვდა. მანამდე ისინი ცნობილი ფილოლოგის იოსებ მეგრელიძისა და თეატრმცოდნე ნინო შვანგირაძის კერძო კოლექციაში, შემდეგ კი ხალხთა მეგობრობის მუზეუმში ინახებოდა. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით ფიროსმანის „თამარი“ და „რუსთაველი“ საჩუქრად მირზაანის ფიროსმანის მუზეუმს გადასცა. ამ დროისათვის ნამუშევრებზე უკვე ჩატარებული იყო რესტავრაცია, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო, ნამუშევრები საკმაოდ იყო დაზიანებული.
ურთულესი სარესტავრაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოს სპეციალისტების, ნანა მანაგაძისა და ეველინა კარსელის მიერ.
პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა: საფუძვლიანი კვლევის შემდეგ დაზიანებული ადგილები რესტავრირდა, დეფორმაცია გასწორდა, დამუშავდა და გაიწმინდა ზედაპირი. შედეგად, ექსპონირებისათვის მომზადებულ უნიკალურ ნამუშევრებს საზოგადოება პირველად სწორედ თიბისი გალერეაში წარედგინა.
რაც შეეხება მირზაანის მუზეუმის კოლექციას, ეს მუზეუმი ფიროსმანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ფლობს. ეს არის 1895-1918 წლებში განსხვავებულ ჟანრსა და თემაზე, ასევე მასალაზე (მუყაო, თუნუქი, მუშამბა) შესრულებული ნამუშვრები. კოლექცია ათწლეულების განმავლობაში იქმნებოდა კერძო კოლექციებიდან და მუზეუმებიდან. ნამუშევრებს შორისაა „კალოობა“ „ნატურმორტი შაქრის თავით“, „მალაკნების ქეიფი“, „მწოლიარე ქართველი ქალი“ და „მუშა სოსო“, „ხილის დუქანი“, „დათვი თავისი ბელებით“, „სონა უკრავს გარმონს“, ,,წარაფი”, „ქალი სააღდგომო კვერცხებით“.
ფიროსმანის სურათებთან ერთად გამოფენაზე ექსპონირებულია პაბლო პიკასოს მიერ 1972 წელს შესრულებული ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი.
გამოფენა თიბისი გალერეაში 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტი თიბისი ბანკისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.
კომენტარი