სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვაშლებს ევა დღესაც არიგებს, მე კი მუდამ ფუნჯებს მთავაზობს“ - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მხატვართან

სამყაროში არსებული ყველა ფერი მისია. ის თამამია და არა მხოლოდ ფერთა შეხამებაში, არამედ გამოხატვის ფორმებშიც. ქართული კომპოზიციებით დაწყებული, კახური პეიზაჟებიდან კუბიზმამდე და აბსტრაქციამდე განვლილ გზას თუ თვალს გადავავლებთ, შეიძლება ეჭვიც კი შეგვეპაროს, რომ ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა შექმნა. თავად ხელოვანი ამას ძიებისა და ახლისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილით ხსნის. ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნებას ერთი საერთო აქვსქართული ფესვები.

ქართველი მხატვარი ლევან მოსიაშვილი უკვე 20 წელია ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში მოღვაწეობს. ლევანი შეყვარებულია ქართულ კულტურაზე. მას სურს ეს სიყვარული საზღვრებს გარეთ გაიტანოს და ევროპელებს აჩვენოს. ამბობს, რომ წუთითაც არ მოსწყვეტია ქართულ ფესვებს, უფრო მეტიც - იგი სულით მუდამ დაატარებს ქართულ მზეს და ევროპელებს სიამაყით აცნობს ქართულ კულტურას. დრო და დრო, მონატრებული, უბრუნდება თავის ქვეყანას და დაგროვილ სათქმელს გვიზიარებს თავისი ჯადოსნური ფუნჯით.

ჩვენ კახეთიდან საფრანგეთამდე განვლილი გზისა და ემიგრანტი მხატვრის ქართული ფიქრების შესახებ მოგიყვებით.

დრონი.ჯი გთავაზობთ ინტერვიუს უცხოეთში მოღვაწე ქალთველ მხატვართან ლევან მოსიაშვილთან:

- თქვენ უკვე 20 წელია საფრანგეთში მოღვაწეობთ და ერთ-ერთ საუკეთესო შემოქმედად ითვლებით ევროპაში. რას გრძნობთ ხოლმე, როდესაც თქვენს სამშობლოში თქვენი პერსონალური გამოფენები იმართება?

- უკვე 20 სრულდება ჩემი ევროპული საქმიანობის დასაწყისიდან, ბუნებრივია, საქართველო უპირველესი ბარომეტრია ხელოვანის წარმატებისთვის. აქ კრიტიკა და აპლოდისმენტი უფრო სასიამოვნოა ვიდრე უცხო გარემოში. სიმართლე გითხრათ, მქონდა რამოდენიმე მასშტაბური გამოფენა ბოლო წლებში თბილისშიც და რეგიონებშიც. ქართველმა დამთვალიერებელმა კახელი ფრანგი მიწოდა და ეს ალბათ მართალიც არის. უფრო მეტ დროს ევროპულ გარემოს ვუთმობ და იქაც საქართველოზე, კახეთზე ვყვები ჩემეული ფერებით.

-რამდენადაც ვიცი, პირველი შთაგონების წყარო თქვენთვის მშობლიური კახეთი იყო. თუ გიძლიათ, ძალიან მოკლედ გვიამბოთ, რა გზა განვლეთ კახეთიდან საფრანგეთამდე, რო სწორად- დღემდე?

- ჯერ ალბათ გზის შუამდეც არ მივსულვარ, სადღაც კაჭრეთში ვარ და თელავში მწვადს რომ წვავენ, ჯერ ბოლსაც ვერ ვხედავ. ეს გზა გასავლელია, პრაქტიკულად ნოლიდან დავიწყე და დღეს უკვე არა მარტო გამოფენას, არამედ ლექციებსაც მთხოვენ, რომ მოვუთხრო ევროპელებს საქართველოზე - ეს სტიმული და დიდი პატივია. უამრავი რამ გამოვიარე აქამდე, რას აღარ გადავაწყდი, იყო ათასნაირი შემოთავაზება, მაგალითად ბიზნესში რომ გადავსულიყავი და ფრანგული ყველი გამეყიდა საქართველოში - ასეთი თემები უამრავი მოდიოდა და მოდის, თუმცა, გაგიგიათ - პური მეწაღემ არ უნდა გამოაცხოსო. კახური სიჯიუტით ვაგრძელებ ცხოვრებას, იქ სადაც გამოფენას ვაწყობ, კახური ქუდიც მახურავს და ვთვლი, რომ ამოცანა ისაა, ჩვენზე მოვუთხრო უცხოეთს და არა პირიქით.

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა აღაფრთოვანებს უცხოელ დამთვალიერებელს თქვენს ნამუშევრებში?

- უცხოელები სულს და სიმშვიდეს ეძიებენ და ვფიქრობ, ეს უნდა ვანახოთ, სიმართლეზე ვესაუბროთ ფუნჯებით, ქართული მზე უნდა იდოს ნამუშევარში. უცხოელები დიდი ბავშვები არიან, უნდა დააჯერო, რომ საქართველოს მხოლოდ დადებითი მუხტი აქვს - ესეც ხელოვნებაა.

- გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ქართველი დამთვალიერებელი ზუსტად აღიქვამს იმას, რისი გადმოცემაც გსურთ ამ ნამუშევრებით?

- არა, რაღა დროს მოლოდინია, ქართველები მშვენივრად ერკვევიან ვინ ვინაა, აქ პოზები ზედმეტია, რენტგენივით გშიფრავენ თუ ვინ ხარ, რა გიდევს თავში - უძლიერესი ინტუიცია აქვთ ჩვენებს.

- თქვენს შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს სექსუალური შინაარსის ნამუშევრებს. არის თუ არა ინტიმი ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო?

- უმთავრესია გიყვარდეს! ამის გარეშე სიახლოვე არაა სავსე, უნდა მოყვე სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზე, გადმოსცე თუ რა ხდება შენში. ქალი სტიმულია და მიწიერი სამოთხე. ვაშლებს ევა დღესაც არიგებს, მე კი მუდამ ფუნჯებს მთავაზობს.

- არის თუ არა ჩვენი საზოგადოება მზად იმისთვის, რომ ნამუშევრები რომლებიც ინტიმური დატვირთვისაა, თავისუფლად და დადებითად მიიღოს?

- რა თქმა უნდა, მზადაა და თან როგორ. მას ეს სიამოვნებს, ბუნებრიობა პოეტურიც არის და ლამაზიც ერთგვარად. ვფიქრობ ესთეტიურ ჩარჩოებს არც ვცდები, ჩვენი საზოგადოება საკმაოდ კრიტიკულია თუ არ მოსწონს გამოხატავს კიდეც.

- აკლია თუ არა ქართულ საზოგადოებას სექსუალური განათლება და იღებთ თუ არა ამ კუთხით უარყოფით შეფასებებს?

- არაფერი არ აკლია, არასოდეს უთქვამთ ჩემთვის, რომ რაიმე ისე არაა. თუ მხატვრულობა და ფანტაზია გაგაჩნია, ყველგან მიღებული ხარ. ასე რომ, მე ზედმეტად ვეღარ განვანათლებ, ისედაც დევს ყველაფერი ტილოებში. მექანიკურად ვერავის ვასწავლით, გრძნობებისა და სულის დანახვაა მთავარი, აქვს კი ვინმეს ამდენი დრო? ულამაზესი თაობები მოდის, მათ ყველაფრის ფასი იციან !

- თქვენზე გავიგე, რომ არაერთი კონკურსის გამარჯვებული ბრძანდებით. რას გრძნობთ, როდესაც გამარჯვებულად თქვენს სახელა და გვარს აცხადებენ?

- მხატვარი საქართველოდან - აი ესაა ბედნიერება, მე ხომ ჩემს თავს არ ვეკუთვნი მარტო? თქვენსასაც ვყვები, თქვენითაც მტკივა და მიხარია!

- მაინც რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან წასულიყავით, აქაურმა უპერსპექტივობამ?

- არავითარ შემთხვევაში, უპერსპექტივობა არ ყოფილა მიზეზი, კონკურსებში გამარჯვებამ იქ ადგილი დამიმკვიდრა და მოხდა ისე, რომ საფრანგეთის მთავრობიდან დამიკავშირდნენ, ჩართეს თავიანთი საელჩო და გამხადეს ღირსი ვყოფილიყავი პირველი ქართველი ხელოვანი, რომელიც სახლშივე დააჯილდოვეს ევროპაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით. მე არსად გავქცეულვარ და არც მატერიალისტურ მიზნებს ვემსახურები.

- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და მოღვაწეობის აქ გაგრძელებას?

- აქ ისედაც ხშირად ვარ, უამრავი პროექტი, იდეა, ურთიერთობა მაქვს, არც არასოდეს გავწყვეტ ამ გზას. საქართველოს გარეშე ნუ იტრაბახებს ვინმე ღირსეული შექმნას, ჩემი ფესვები აქაა, ესაა სიამაყეც და ტვირთიც. აქედან მოზელილ ცომს ბევრი პური უცხვება, თუკი მერცხლები ბრუნდებიან და ბუდეებს ამაგრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100