უსუფაშვილის შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან
ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, დუნია მიატოვიჩის საქართველოში ვიზიტი გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მოხარულები არიან ერთმანეთთან კვლავ შეხვედრის შესაძლებლობით.
შეხვედრაზე საქართველოში მედიის და გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ არსებული ვითარებით.
მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებაც. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
კომენტარი