სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედპ-ს ვებ-გვერდს რუსეთიდან ერთი თვის მანძილზე არალეგალურად აკონტროლებდნენ

ედპ-ს ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განხორციელდა, რომელიც 26 ივლისს დაფიქსირდა, ამის შესახებ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტიამ ოფიციალურად მიმართა უწყებათაშორის კომისიას და ყველა შესაბამის სტრუქტურას, რომელიც ვალდებულია აღნიშნული საქმით დაინტერესდეს.

„26 ივლისს საღამოსვე, ედპ-მ მიიღო ოფიციალური წერილი იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსგან, რომლის ანალიტიკური ჯგუფის მოკვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ აღნიშნული კიბერ-შეტევა განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებული IP მისამართებიდან, კიბერ-შეტევის შედეგად დაზომბირებულ იქნა ედპ-ს ცენტრალური ოფისის ყველა კომპიუტერი და 29 ივნისიდან მოყოლებული ერთი თვის მანძლზე კონტროლდებოდა, რითაც შესაძლებელი იყო თვალთვალი პარტიის ცენტრალურ ოფისზე“-განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.

ბაჩუკი ქარდავას თქმით, ამასთან ერთად, წაშლილია პარტიის საპრეზენტაციო პროგრამები და ედპ-ს მიერ ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები. პარტია ოფიციალურ ვებ-გვერდს ამ მომენტისათვის ვერ იყენებს. ედპ-ს ლიდერი აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე განხორციელებულ შეტევას უწოდებს „პოლიტიკური პარტიები არიან ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი და ნებისმიერი ასეთი ქმედება პირდაპირ კავცშირშია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მოშლასთან“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს მისი სატელიტების სასარგბლოდ შეასუსტოს ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც კონკურენციას უწევენ მის სატელიტებს საქართველოს ტერიტორიაზე. ბრიფინგზე ითქვა იმის შესახებაც, რომ ედპ-ს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე შვეიცარიის ელჩს რუსეთის ფედერაციის მისამართით გაკეთებულ საპროტესტო წერილს გადასცემს.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ედპ-ს საპარლამენტო წარმომადგენელი ბატონი გურამ ჩახვაძე ოფიციალური საპროტესტო წერილით მიმართავს შვეიცარიის საელჩოს, რომელიც რუსეთთან შუამავლის ფუნქციას ასრულებს. გურამ ჩახვაძის განცხადებით კი, საპროტესტო წერილის შინაარსი მოიცავს კიბერ-შეტევის ფაქტს ედპ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც დადასტურებულად განხორციელდა რუსეთს ფედერაციიდან.

„ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავდასხმას; მეორეც ედპ-ს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კიბერშეტევა, რომელიც არის დანაშაული და კვალიფიცირდება, როგორც კიბერტერორიზმი და ეს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსშიც არის დაფიქსირებული, განახორციელეს რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა.

ჩვენ აღნიშნული ოფიციალური წერილით გამოვხატავთ პროტესტს, რადგან ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშრისო ნორმების დარღვევა და ასევე ღია აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდე“ - განაცხადა ჩახვაძემ. დეპუტატის თქმით, ორშაბათს ოფიციალურად შეხვდება შვეიცარიის ელჩს და რუსეთის ფედერაციის მისამართით გაკეთებულ პარტიის საპროტესტო წერილს გადასცემს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100