სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„უბორკა“ სულში

შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას.

იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი…

მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა...

ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან.

ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო. სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე...

უი, ფრთხილად.... აქ ისეა ყველაფერი მიყრილ-მოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება...

ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა, ცუდად კი არ გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან...

მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=43899

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100