კომპანია “არემჯი გოლდისა“ და „არემჯი კოპერის“ თანამშრომლებმა ქუთაისის პარლამენტის წინ აქციას გამართეს
2 აპრილი 2015
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრას და მათგან კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდნენ.
მათი თქმით დაუშვებელია საპარლამენტო კომისიის შექმნა, რადგან საყდრისის საბადოს შესახებ ყველაფერი უკვე გარკვეულია. „არემჯის“ თანამშრომლების განცხადებით, გერმანელ ექსპერტებს, რომლებმაც საყდრისის საბადო წლების განმავლობაში იკვლიეს გრანტები აქვთ შეჭმული, ისევე, როგორც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებს.
„ჩვენ გვაინტერესებს რა უნდათ მათ. გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხები, რატომ უნდათ, რომ 3 000 კაცი, რომელთა უკანაც ოჯახები და შვილები დგანან, ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ. ჩვენ კი ვიცით, რაც უნდათ. მათ უნდათ, რომ ჭაობში და სიღარიბეში ვიყოთ, მაგრამ ჩვენ არ გვინდა სიცრუეში ცხოვრება. ჩვენ გვინდა მუშაობა და სიმართლით ცხოვრება“, - განაცხადა „არემჯი კოპერის“ თანამშრომელმა გიორგი ნასყიდაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მათ პასუხს არ გასცემენ და საყდრისის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, ისინი პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ქუთაისში უფრო მეტი ადამიანი ჩავა.
კომენტარი