კვადროციკლი მესტიაში ხევში გადაიჩეხა - დაღუპულთაგან ერთი შს სამინისტროს თანამშრომელია
„დრონი.ჯი“-სთვის მესტიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. დაღუპულია სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორი თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი ეკატერინე კერესელიძე. კერესელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.
ჩვენი ინფორმაციით შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მესტიაში მომხდარ ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ/.
„30 ივლისს, მესტიაში, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს“,- აცხადებენ უწყებაში.
სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრეს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კომენტარი