სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ გასცა პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციის ბრძანება?

„დრონი ჯი“: როგორ დაიწყეთ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიება?
გიგლა გობეჩია (ჟურნალისტი): ზვიად გამსახურდიას ბუნდოვანი გარდაცვალების შესახებ გამოძიება დავიწყე 1994 წლის აპრილიდან. მიზეზი წმინდა ჟურნალისტური იყო. მთელმა ეროვნულმა მოძრაობამ გადაიარა ჩვენი გაზეთის „ახალგაზრდა ივერიელის“ ფურცლებზე. მაშინ სხვა გამოცემები არ იყო. ურთიერთობა მქონდა ეროვნული მოძრაობის ყველა მაშინდელ ლიდერთან.
განსაკუთრებით ტბილი და ადამიანური ურთიერთობები ჩამომიყალიბდა პრეზიდენტ გამსახურდიასთან, მას შემდეგ, რაც 1990 წლის 19 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით მოვიგერიე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პიკეტი გია ჭანტურიას ხელმძღვანელობით.
პიკეტი ტარდებოდა ჩვენს რედაქციაში, ჩემს კაბინეტში, მონაწილეობდნენ ედპ-ის ლიდერები, მათ შორის მამუკა გიორგაძე, ვანო ხუხუნაიშვილი. მათ მოიტანეს გია ჭანტურიას განცხადება, რომელიც მე უნდა დამებეჭდა, თითქოს ზვიად გამსახურდია იყო სუკის აგენტი, ის მას იწვევდა ტელევიზიაში დებატებზე და იქ დაუმტკიცებდა ამ ფაქტს.
მე არ დავბეჭდე ეს განცხადება და ამან გამოიწვია პიკეტი. მე მათ შევპირდი, რომ დავბეჭდავდი ამ წერილს, ოღონდ უნდა წარმოედგინათ დოკუმენტები. ისე ჩავიდა მიწაში ბატონი ჭანტურია, რომ არაფერი წარმოუდგენია.
პირიქით, მგონია, რომ სუკის აგენტი თვითონ იყო. იქ ედპ-ში აგენტი ბევრი იყო და ამის არგუმენტები გამაჩნია. კგბ-სთან ახლოს დგომის გარეშე ედპ-ის წევრებს არავინ მისცემდა უფლებასი კრემლის სვეტებიან დარბაზში 1990 წელს ჩაეტარებინათ პრესკონფერენცია. ედპ აქტიურ მონაწილეობას იღებდა პრეზიდენტ გამსახურდიას ლიკვიდაციის ოპერაციაში.
- ეს ბრალდებაა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვთ?
- დევნიდნენ სამეგრელოში და დაინტერესებული იყვნენ ამაში და ეს ფაქტია. მე არ დავუბეჭდე ეს წერილი და როგორც რედაქტორი, მართალი ვიყავი.
ედპ-დან მითხრეს, პოლიტემიგრანტ ძმებს გუდავებს აქვთ ეს მასალები და ისინი ამერიკიდან მოდისო. არ დავუჯერე მათ და დავურეკე ედუარდ გუდავას, მან შორს დაიჭირა თავი, თქვა, რომ ზვიადის აგენტობის შესახებ პირველად ესმოდა და არანაირი მასალები არ ჰქონდა.
გაზეთ „თბილისს“ დააბეჭდინეს ეს ინფორმაცია. გუდავას პოზიცია რომ გაიგეს, ფაქტი იყო, რომ დამარცხდნენ ამ დუელში. იძულებული გახდნენ, პიკეტი მოეხსნათ. როგორც კი გავრცელდა სამეგრელოში პრეზიდენტის გარდაცვალების ამბავი, რაკი წარმოშობით იქიდან ვიყავი, მით უმეტეს ის სოფლები ჩემი მშობლიურია, სადაც პრეზიდენტმა ბოლო დღეები გაატარა, ბუნებრივია, დავიწყე ჟურნალისტური ძიება.
ჩემი საახლობლოდან დავიწყე ძიება, იმ დროს ინფორმაციას არავინ გასცემდა, თუ ნდობის მომენტი არ იქნებოდა. მაშინ მოპოვებული ბევრი ინფორმაცია დღემდე გამოუქვეყნებელი მაქვს იმიტომ, რომ ვუფრთხილდები ჩემს ინფორმატორებს.
მაშინ ამაზე მუშაობა ძალიან სახიფათო იყო და ამის გამო არაერთი დარტყმა მიგვიღია. მუქარები იყო, „მხედრიონს“ არ ვეხატებოდი გულზე, 1995 წელს `მხედრიონელები~ რედაქციაში შემოგვივარდნენ ერთ-ერთი პუბლიკაციის გამო.
ზვიად გამსახურდიას დარი პრეზიდენტი აწი საქართველოს თუ ეყოლება, მე ეს მეეჭვება. ის გახდა საერთაშორისო შეთქმულების მსხვერპლი.
მამა ბუშის ცნობილი ფრაზა, ეს კაცი დინების საწინააღმდეგოდ მიდისო, პაროლი იყო ამ ერთუჯრედიანი კიტოვანისა და სიგუასთვის, რომ დაეწყოთ ეს გადატრიალება. ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. სანამ ამას არ მოვინანიებთ და არ შევაფასებთ, საშვილთაშვილო წყევლად დარჩება.
- თქვენ აცხადებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების თარიღი რეალურ თარიღს არ ემთხვევა. რა ფაქტი გაქვთ ამის დასადასტურებლად?
- დაცვა და მისი თანმხლები პირები ასახელებენ 30 დეკემბერს, მე სხვა არგუმენტი მაქვს, 29 დეკემბერს არის გარდაცვლილი. ჩემი რესპონდენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია პროკურატურას ჯერ არ გაუბათილებია.
დაცვის წევრების ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მოვლენები ასე განვითარებულიყო. ეროვნული გვარდიის რამდენიმე წევრმა პირადად ჩაატარა გამოძიება და 1994 წლის 29 დეკემბერს აღნიშნეს პრეზიდენტ გამსახურდიას გარდაცვალების წლისთავი.
თავიანთი სახსრებით გადაუხადეს წლისთავი ერთ-ერთ ოჯახში და იქ ითქვა ამის შესახებ. ვინც მხარს უჭერდა 30 დეკემბერს, ისინი გამტყუნდნენ.
29 დეკემბერს 1993 წელს, ჯიხაშკარის ბატალიონის უფროსის, გუჯუჯი ებრალიძის დავალებით, სხვათა შორის, გარდაცვალების წინ მას ხელზე სამი ექვსიანი გამოესახა და დასივდა თავად, მას ერთ-ერთი სეფეროლი მიუძღვის ზვიადის ღალატში, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში გაგზავნა ხალხი, რომ ჩამოეტანათ პრეზიდენტის ხელუხლებელი შარვალ-კოსტუმი, პრეზიდენტმა თავი მოიკლა და უნდა გავაპატიოსნოთო.
ეს მოხდა 29 დეკემბრის დილით, კიდევ ერთი ჯგუფი სხვა მიმართულებით გაუშვა, წამლის მოსატანად. გზაში კაცი დააწიეს, გამსახურდიამ თავი მოიკლაო. ეს ხდება წინა დღეს. მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ და ნელ-ნელა მოჰყავდათ მთიანი სამეგრელოს სოფლებიდან ბარის სოფლებისკენ პრეზიდენტი, ეს ცხადია და დასტურდება.
დაცვამ რამდენჯერმე უარყო მშვენიერი ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა პრეზიდენტის გადაყვანა. სოფელ ლატალში, სოფელ მუჟავაში და კიდევ რამდენიმე უსაფრთხო ადგილას. გიორგაძის ხალხი ედგა კვალში ზვიად გამსახურდიას, გიორგაძე ამას ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ პრეზიდენტის ლიკვიდაციის დავალება მან არ შეასრულა.
თვითონ აღიარებს, რომ ეს დავალება შევარდნაძისგან მიიღო. მე ცოცხალი გამსახურდია არ მჭირდებაო, იყო შევარდნაძის ფრაზა, როცა აცნობეს, რომ ალყაში იყო ზვიადი, გიორგაძემ კი თქვა, მე ასეთ სისხლიან დავალებას ხელს არ მოვაწერო.
მე ინტერვიუში ავთანდილ იოსელიანი მიდასტურებდა, რომ მათ გამსახურდიას გადაადგილების ყველა მარშრუტი იცოდნენ. ზვიადის ლიკვიდაციის გეგმა სამეგრელოს რაიონების უშიშროების სამსახურების ყველა უფროსს ჰქონდა, ამიტომ ჩამოაცილეს ზვიად გამსახურდიას ერთგული ხალხი. ეს საქმე გაირჩა სოფელ ჯიხაშკარში.
- გამსახურდიას პირადი დაცვის უფროსთან, რობინზონ მარგველანთან შეხვედრა და საუბარი ჩვენც გვინდოდა, მაგრამ რატომღაც იმალება...
- ყველას არ აძლევს ინტერვიუს, ჩემთან ცოცხალი თავით არ ჯდება, იმიტომ რომ მე ყველაფერში არ დავუჯერებ მას. მძიმე შეკითხვებს თავს არიდებს. ძალიან დაბნეულები არიან დაცვის სხვა წევრებიც.
ბესარიონ გუგუშვილის როლიც ისეთივეა, როგორიც სიგუა-კიტოვანის როლი ზვიადის დაღუპვაში. მიმაჩნია, რომ გუგუშვილი, მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე უშუალო მოწმენი არიან ამ ტრაგედიისა.
უფრო ვრწმუნდები, რომ სიმართლე იციან, მაგრამ შეგნებულად მალავენ ამას. ალბათ ამას კომისია დაადგენს. თავიანთ ინტერვიუებში გახლართულები არიან. ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან.
- თქვენ აღნიშნეთ ჩემთან ადრე, რომ გყავთ ინფორმატორები, რომელთა უსაფრთხოების მიზნით მათ გვარებს ვერ დაასახელებთ. რა არის კიდევ სკანდალური და უცნაური ამ საქმეში?
- ძალიან სკანდალური იქნება ერთი ფაქტი, რომელიც ერთმა თვითმხილველმა ამას წინათ დამიდასტურა. ბოლო ხანს ახალი მიმართულება გაჩნდა ჩემს გამოძიებაში. ის მარშრუტი, რომელიც პრეზიდენტმა და მისმა ამალამ გაიარა, ბევრისთვის ცნობილია, თუმცა გაჩნდა ახალი სოფელი, სადაც ნამყოფია პრეზიდენტი. მაგრამ იმ ვადებში არ ეტევა, ისე როგორც არის აქამდე ცნობილი.
ზუგდიდის რაიონის ერთი სოფელია, მე ჯერ ამაზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ უნდა ჩავიდე და ადგილზე ვნახო. ეს სოფელი არსად ფიგურირებს. არაერთგან მსმენია, რომ იქ მუშაობდა ზვიად გამსახურდიას ორეულიც. ასეთები ბუნებაში იყვნენ, ქუდი რომ დაახურო, შორიდან ვერ გაარჩევ ზვიადი მოძრაობდა თუ არა.
ჩემი ინფორმატორი მისახელებს თარიღს, როდის გაიარა პრეზიდენტმა ის სოფელი, მაშინ როცა გამსახურდია უკვე არის სხვაგან. პირველად, სადაც ღამე გაათია პრეზიდენტმა, აღმოჩნდა, რომ იყო ოთარ ფაცაციას აგარაკი.
გაგრძელება იხილეთ ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 11 იანვრის ნომერში. გაზეთი „დრონი.ჯი“ - მოითხოვეთ ყველგან და აღნიშნეთ საუკეთესო...
პ.ს: „დრონი.ჯი“ მზადაა, ამ თემის ირგვლივ, გამოაქვეყნოს ყველა იმ პირის ინფორმაცია, მოსაზრება თუ ანალიზი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 1991-92 წლების მოვლენებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100