75 წელი ცოლ-ქმრის საზარელი თვითმკვლებიდან და ცვაიგის უკვდავი მემკვიდრეობა
1942 წლის 22 თებერვალი...გარდა იმისა რომ ჰიტლერი მთელ ევროპას იმონებდა, მსოფლიოს გამთენიისას სენსაციური ამბავი დაატყდა თავს. მწერალმა, რომელსაც სიცოცხლე ძალიან უყვარდა, ცოლთან ერთად მოიკლა თავი - დილით, მათ ოთახში შესულ მსახურს ცოლ-ქმარი მაგიდასთან მჯდომი და საძილე წამლის დიდი დოზისგან "სამუდამოდ დაძინებული" დახვდა.
იქვე გამოსათხოვარი წერილები იდო. ავტორი წერილში სინანულს გამოთქვამდა გერმანულენოვანი ევროპის გადაგვარების გამო და მეგობრებს მიმართავდა: "სალამს ვუძღვნი ყველა მეგობარს, დაე მათ ნახონ მზის ამოსვლა გრძელი ღამის შემდეგ. მე კი ძალზე სულსწრაფი ვარ და პირველი მივდივარ მის შესახვედრად..."
შტეფან ცვაიგი იყო, მწერალი, რომელზეც ცნობილმა ბიოგრაფმა დომინიკ ბონამ თქვა, შტეფან ცვაიგი სიკვდილიდან 70 წლის შემდეგაც ახერხებს საზოგადოების მოხიბვლასო.
დღეს, 2013 წლის 22 თებერვალს 75 წელი გავიდა მწერლის გარდაცვალებიდან და შტეფან ცვაიგი ისევ რჩება ქალების და არა მარტო ქალების საყვარელ მწერლად.
"წიგნებში, სცენასა და ეკრანზე, - სადაც სინამდვილე ესოდენ გამარტივებული და შერყვნილია, -რატომღაც სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა, ლამაზ და რჩეულ ადამიანთა ხვედრია, არადა "ქალთა შორის ავადმყოფებიც, სახიჩრებიც, უმწიფარნიცა და მიხრწნილი დედაბრებიც, ათვალწუნებულნიცა და გარიყულნიც ბედავენ გამიჯნურებას."
"სწორედ ათვალწუნებულებს, დაღდასმულებს, დამჭკნართ და უარყოფილთ ბევრად უფრო სახიფათო ხვაშიადი აქვთ, ბევრად უფრო ვნებიანი გატაცება იციან, ვიდრე ბედნიერებმა და ჯანმრთელებმა; მათ უფრო ფანატიკურად, გააფთრებით, ბრმად უყვართ. არც ერთი ვნება დედამიწის ზურგზე ისეთი გაუმაძღარი და წრეგადასული არ არის, როგორც უპერსპექტივო, უიმედო სიყვარული ღმერთის ამ გერებისა, რომელთაც ქვეყნად თავიანთი არსებობა მხოლოდ მაშინ მიაჩნიათ გამართლებულად, როდესაც ვინმეს ეტრფიან და მათაც ვინმე ეტრფის.“
ამ სიტყვების ავტორს ხშირად ქალების გულის ფსიქოლოგადაც მოიხსენიებენ, თუმცა რა გასაკვირია მის შემოქმედებაზე ხომ ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზმა იქონია დიდი ზეგავლენა. შტეფან ცვაიგი თავადაც დიდი ფსიქოლოგი იყო..
"ყველაფერ ავტორიტარულისადმი ზიზღი მთელი ცხოვრების მანძილზე თან მდევდა..." - წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შტეფან ცვაიგი.
ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, მეგობრების მიერ "საქმის ჩაწყობით" წინა ხაზზე წასვლას აცდენილი, ხოლო ჰიტლერის ეპოქაში ფაშიზმს გარიდებული ცვაიგისგან თითქოს არაფერია გასაკვირი ამ გამონათქვამში, მაგრამ ბევრი მისი ბიოგრაფი ამ ფრაზაში მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ანარეკლს ხედავს - ცხოვრების იმ პერიოდისა, რომელზე საუბარიც არასოდეს უყვარდა. არადა, ერთი შეხედვით, უზრუნველი, ფუფუნებით სავსე ბავშვობა გაატარა, მაგრამ ქედმაღალი და დესპოტი დედის გამო, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბიჭი ვერასოდეს ტკბებოდა თანატოლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი ცხოვრების პირობებით.
გიმნაზიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, შტეფან ცვაიგმა მშობლიური სახლი მიატოვა, მარტომ დაიწყო ცხოვრება და დედის დამთრგუნველ კრიტიკას გარიდებულმა, დიდი ხნის მანძილზე ნაგროვები გრძნობა უკვე თამამად გადაიტანა ქაღალდზე და 20 წლისამ ლექსების კრებული გამოსცა - "ვერცხლის სიმები". არადა, სამი წლით ადრე, ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებული ერთადერთი ლექსის გამო დედისგან ისეთი სიტყვები მოისმინა, რაც ფაქტობრივად მისთვის წერის აკრძალვას ნიშნავდა.
ახალგაზრდა პოეტი იმდენად გათამამდა, რომ თავისი კრებული რილკესაც კი გაუგზავნა და გულის ფანცქალით ელოდა დიდი ავსტრიელი პოეტის შეფასებას. საპასუხოდ რილკემაც გამოუგზავნა საკუთარი წიგნი - ეს უკვე აღიარება იყო, მაგრამ ცვაიგს მალე "მოყირჭდა" ლექსების წერა, ცოტა ხანს სხვის ლექსებს თარგმნიდა, მერე კი, მრავალი წელი, მხოლოდ კითხულობდა, ბევრს მოგზაურობდა და დიდი პროზაიკოსობისთვის ემზადებოდა...
სხვათა შორის, ცალკე ცხოვრებამ დედასთანაც უფრო დააახლოვა. მეტიც, ემიგრაციაში მყოფმა უკვე მოხუცი დედის გარდაცვალება, განსაკუთრებით კი გარდაცვალების მიზეზი, რომ შეიტყო, ეს მისი დეპრესიის ფიალის პირველი წვეთი აღმოჩნდა
გადის დრო და ტვინგახურებული ნაცისტები ცვაიგის წიგნებს კოცონზე წვავენ. მწერალი დარწმუნდა, რომ ევროპისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო მისი იდეალებით ცხოვრება. 1940 წელს ბრიტანეთის მოქალაქე გახდა - ინგლისმაც გაუცრუა იმედი... შემდეგ ამერიკა - იქაც იგივე... ბოლოს კი "ქვეყნიერების ბოლოში" - ბრაზილიაში გაერიდა ევროპულ ორომტრიალს და როდესაც დარწმუნდა, რომ ჰიტლერი მთელ ევროპას დაიმონებდა, სიცოცხლის ამ თვითმკვლელობით დასრულება ინება.
„ბედი ტრაგიკულ ფორმებში ახვევს სწორედ დიდ ადამიანებსო“ თქვა და თავადაც ასეთი ტრაგიკული ბედით გაშორდა ამ სამყაროს.
კომენტარი