კარანტინში გამომწყვდეული შეყვარებულების წერილები - როცა სიყვარულს, ორ სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიო პანდემიაზე მეტად ეშინია
როცა მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული, როცა სამყარო covid 19-ს ებრძვის და უამრავი დაინფიცირებული და გარდაცვლილი ჰყავს, ალბათ, ძნელია იფიქრო სიყვარულზე... მაგრამ, როცა ორი შეყვარებული ადამიანი სხვადასხვა ქვეყნის კარანტინშია გამოკეტილი, მათ შორის ათასობით კილომეტრია და არ იციან ხვალიდნელი დღე როგორი გაუთენდებათ, დამეთანხმებით, რომ ესეც არ არის მსოფლიო პანდემიაზე ნაკლები ტრაგედია.
დრონი.ჯი გთავაზობთ შეყვარებულების წერილებს კარანტინიდან.
იტალია; ვენეტო; ახლანდელი დრო; პაციენტი ნომრით 007.
შეყვარებულის წერილი კარანტინიდან.
უკვე მესამე დღეა ვენეტოში, კარანტინში ვარ გამოკეტილი. ვერ გირეკავ, მხოლოდ მოწერა შემიძლია, აქამდე ამის საშუალებაც არ მქონდა. არ ინერვიულო, მგონი covid 19 არ მაქვს, მაგრამ აქ ისეთი სტრესული სიტუაციაა არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მენატრები, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე...
შენი თვითმფრინავი ცას სანამ ასცდებოდა, მანამდე გიყურებდი, მერე წამოვედი და მალევე კარანტინშიც მიკრეს თავი.
ჩემს პერანგს შენი სუნამოს სუნი ჯერ კიდევ ასდის, მიუხედავად იმისა, რომ აქ სულ ყველგან საავადმყოფოს დამპალი კედლების სუნია...
ეს სამი დღეა მგონია, რომ ისევ ჩემს გვერდით გძინავს და თმებზე გეფერები. არ ვიცი ამ მოგონებებით როდემდე გავქაჩავ, მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ არის. ხალხს დახმარება სჭირდება და რაც შემიძლია ვაკეთებ, თან ნომრით 007 ვარ და ყველა ჯეიმს ბონდს მეძახის, ამიტომ ვცდილობ როგორც ჯეიმს ბონდს შეეფერება ისეთი დახმარება გავუწიო. :)))
ხუმრობა იქით იყოს და ეს პირბადე და ფანჯრები, რომლიდანაც არაფერი ჩანს მაფრენინებს. ჩემი კლაუსტროფობიის ამბავი ხომ იცი, გაგიკვირდება და აქაც უკვე ყველას გავაგებინე:))) არ შეგეშინდეს, კარგად ვარ, მიუხედავად იმისა რომ აქ უკვე ბევრი გარდაიცვალა.
მგონი მსოფლიო ვეღარ სუნთქავს იცი, მაგრამ მე შენ მყავხარ ამისთვის.
მიყვარხარ.
შენი ამბები გამაგებინე, მეც როგორც კი შევძლებ მოგწერ. თავს გაუფრთხილდი.
საქართველო; თბილისი; ახლანდელი დრო; პაციენტი ნომრით 005;
იცი, აქაც არ ჩანს ფანჯრებიდან არაფერი. მხოლოდ წამლების, ავადმყოფობის, შიშის და სპირტის სუნია. ხო, სწორად მიხვდი, მეც კარანტინში ვარ და მაგიტომ ვერ მოგწერე აქამდე... მაგრამ შენი ამბები უფრო მადარდებს ახლა.
მე, ჩემს ქვეყანაში, ჩემს მიწაზე, ჩემს ხალხთან ერთად მაინც ვარ და ვიცი მომივლიან... მაგრამ შენ, უცხო მიწაზე, უცხო ხალხთან, ათასობით კილომეტრის მოშორებით რა უნდა ქნა. თან, აქ ამბობენ ვენეტოში ძალიან ცუდი მდგომარეობააო.
აეროპორტში მაცემინებდა და პირდაპირ კარანტინში მიკრეს თავი. მერე სიცხემაც ამიწია. ორი დღე გადაუდებელშიც ვიწექი, მაგრამ კორონა არ გაქვსო ექიმებმა სიხარულით მახარეს. ახლა ისევ კარანტინში დამაბრუნეს.
ვფიქრობდი, აქედან რომ გავალ დაუფიქრებლად გავფრინდები ისევ იტალიაშიათქო, აბა შენ, ჯერ რომ ვერანაირად ვერ დაბრუნდები საქართველოში ვიცი... მანდ ვიქნებოდი და მოგივლიდი, მაგრამ ფრენები აღარ იქნებაო. სამყარო ჩაკეტა მგონი ამ ვირუსმა. ქოლერის მერე ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს.
მეშინია იცი? ჩემს გამო არა, შენს გამო მეშინია. ღამე ვეღარ ვიძინებ, აქ ისედაც ძნელია დაიძინო, მაგრამ ეს ინფორმაციები მაფრენინებს... იტალიაში, ყოველდღე გარდაცვლილების რეკორდული რიცხვს ჭკუიდან გადავყავარ და აქედან, ამ კარანტინში გამომწყვდეულს შენი დახმარება რომ არ შემიძლია ეგ ყველაზე მეტად მაგიჟებს.
ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ თავს გაუფრთხილდე, ჩემს გამო.
მიყვარხარ...
იცი, ჩვენი, მანდ გატარებული დღეების სუნი, ჯერ კიდევ ასდის იმ ჩემოდანს, რომელიც საწოლის კუთხესთანაა მიგდებული და კაცმა არ იცის როდის ეღირსება ამოლაგება.
გკოცნი ბევრს ბევრო კილომეტრიდან შორს, თუმცა მაინც ყველაზე ახლოს, რადგან შენ და შენზე ფიქრი რომ არა, ამ კედლებში დღეები კიდევ უფრო უფერული იქნებოდა და არ ვიცი რა მეშველებოდა.
შენიშვნა: წერილი არ შეიცავს რომელიმე კონკრეტული პირის მონაყოლს და ის დაიწერა ბლოგის სახით, სპეციალურად დრონი.ჯი-სთვის.
კომენტარი