სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონელებმა რუსული არმიული გუნდის საგასტროლო აფიშაზე რუსეთის სისასტიკეზე მიანიშნეს

პოლონური გაზეთი Nova Trybuna Opolska იუწყება, რომ პოლონურ ქალაქ ოპოლში ადგილობრივები ორიგინალური პროტესტითა და მინიშნებებით დახვდნენ მოსკოვიდან საგასტროლოდ ჩასულ „სისხლიანი რუსული არმიის გუნდს“. პლაკატებზე, რომლებიც ქალაქში ამ გუნდის საგასტროლო ტურნეს შესახებ იუწყებოდა და მთელ ოპოლში იყო გაკრული, რუსეთის მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილებში ჩადენილ სისასტიკეზეა მინიშნებული, სასტიკად ქცევის ადგილების ჩამონათვალში კი საქართველოცაა შეტანილი.

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი აფიშაა, რომელიც გუნდის ჩამოსვლის შესახებ იუწყება, მაგრამ სხვა, მსგავსი პლაკატებისგან დიდად განსხვავდება: ესაა მსხვილი შრიფტით შესრულებული წარწერა პოლონურად "Olej Ruskich", რომელიც რუსულმა გამოცემებმა თარგმნეს, როგორც «Смажь русских (жидким маслом)», ხოლო ქვემოთ,უფრო მცირე ზომის შრიფტით წარწერაა: „რიბენტროპ-მოლოტოვი; ციმბირი, კატინი, ბუდაპეშტი, პრაღა, ჩეჩნეთი, საქართველო, სმოლენსკი“. აფიშაზე გამოსახულ, რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ გუნდის წევრებს შორის წინა პლანზე პოლონელებმა სტალინის მომღიმარი პორტრეტიც ჩაამატეს.

სწორედ ეს აფიშაა იყო გამოფენილი იან კახანოვსკის სახელობის თეატრის შესასვლელში, სადაც საბჭოთა არმიის გუნდი ალექსანდრე პუსტოვალოვის ხელმძღვანელობით მაყურებლის წინაშე წარსდგა.

პლაკატები სახალხო ხსოვნის ასოციაციის ოპოლსკის განყოფილებამ დაამზადა და გამოფინა. ამ ასოციაციის წევრებმა კონცერტის დღეს თეატრის შესასვლელთან პიკეტიც მოაწყვეს. ისინი აპროტესტებენ, რომ რუსული არმიის გუნდი პოლონეთში რუსული არმიის ტრადიციის კულტივირებას ახდენს.

„ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს და ივიწყებს იმ სისატიკეს, რომელიც რუსულ არმიას უკავშირდება“, - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი ერჟი ლისიაკი, - „ვფიქრობ, ჩვენთვის, ისევე როგორც რუსებისთვის, უმჯობესი იქნებოდა, თავიანთი „კულტურა“ მათ სხვა ადგილებში გაევრცელებინათ. შესაძლოა, ისინი იმას ელოდებიან, როდის მოკვდება ყველა, ვისაც ახსოვს. ამიტომაც ვავრცელებთ ჩვენს პლაკატებს ოპოლში“.

ერჟი ლისიაკმა განმარტა, რომ პლაკატები, გარკვეულწილად, იუმორშიცაა გადაწყვეტილი. როცა წარწერის "Olej Ruskich" განმარტება მოსთხოვეს, მან განაცხადა, რომ თავდაპირველად სხვა რამის დაწერა სურდათ, მაგრამ „ესეც ივარგებს“.

„საგანგებოდ აღვნიშნე ისეთი ადგილები, როგორიცაა ციმბირი (მეფის რუსეთის დროს რუსმა დამპყრობლებმა პოლონეთის ელიტის დიდი ნაწილი გადაასახლეს ციმბირში, რადგან მათ მხარი დაუჭირეს მე-19 საუკუნეში რუსეთის წინააღმდეგ ორ აჯანყებას), კატინი და სმოლენსკი“, - ამბობს ლისიაკი, - „ეს თავისებური პროვოკაციაა, მაგრამ ჩვენ გვინდა დავაფიქროთ ხალხი, რომელიც მსგავს შოუებზე დაუფიქრებლად მიდის“.

ბოლოს კი ასოციაციის პრეზიდენტმა დაამატა, რომ მსგავსი პლაკატები მრავლადაა დამზადებული და მისი გავრცელებისკენ მოუწოდა იმ ქალაქების მოსახლეობას, სადაც საბჭოთა არმიის გუნდის გასტროლებია დაგეგმილი.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100