სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამინისტროების გაერთიანებით საჯარო მოხელეთა რაოდენობა 6-ით მცირდება

რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას სამინისტროების გაერთიანების შესახებ აცნობა. აქამდე ყველას ეგონა, რომ ამის მიზეზი საჯარო მოხელეთა შემცირებაა, რაც პირდაპირ პროპორციულად უკავშირდება თანხის დაზოგვას ბიუჯეტში. რეალურად კი ბევრი არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ გაერთიანების შედეგად მხოლოდ 6-ით ნაკლები საჯარო მოხელე იმუშავებს სამინისტროებში - ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარედგინა პარლამენტს.

ასე მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 60-ია, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო მოხელეების რიცხვი 775-ია. მათი გაერთიანების შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა 835 იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემცირება არც ერთს ემუქრება.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2203 პირი მუშაობს, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროში 1377. ამ ორი უწყების გაერთიანებით თანამშრომელთა რაოდენობა 3580-ია, თუმცა სამინისტროში მომუშავეთა რიცხვი 3568-მდე შემცირდება - 12 ადამიანს უშუალოდ შეეხება ცვლილება და მათგან 6 სხვა უწყებაში გადაინაცვლებს.

ენერგეტიკის სამინისტროში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 135-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 788 საჯარო მოხელე პირი ემსახურება, მათი გაერთიანების შემდეგ თანამშრომელთა რიცხი 929 იქნება - ანუ თანამშრომელთა რიცხვი 923 იქნება და ზემოთ ხსენებული 6 ადამიანი ამ უწყებაში გადმოინაცვლებს.

შემცირება არ შეეხება ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებულ უწყებას, აქაც მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებია მოსალოდნელი, ჯამში კი იქ დასაქმებულ პირთა რაოდენობა უცვლელი რჩება - სპორტისა და კულტურის სამინისტროს გაერთიანებით იქ მომუშავე პირთა რაოდენობა 7044 იქნება, 64 ადამიანი კი, რომელიც ამ უწყებაში მუშაობდა, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში შესულ ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს შეუერთდება.

გამოდის, რომ ამხელა რეფორმა მხოლოდ 6 ადამიანის „ზურგზე ჯოხის გადარტყმა“ აღმოჩნდა, რეალურად კი ნამდვილი მიზეზი ერთგვარი ბურუსითაა მოცული და არავინ იცის მისი დადებითი მხარე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100