სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამაკაცმა საკუთარი ფეხის თითები კოქტეილს ინგრედიენტად შესწირა

ყოფილ საზღვაო ქვეითს, ბრიტანელ ნიკ გრიფიტსს ყინვის გამო ფეხის თითებზე პრობლემა შეექმნა. ექიმმა სასწრაფო ამპუტაცია გადაწყვიტა, რათა განგრენა არ წასულიყო.

ვინაიდან ნიკი კარგად იცნობდა კანადური სასმელების ტრადიციას, იცოდა ისიც, რომ ქალაქ დოუსონში არსებობდა ბარი, სადაც კოქტეილ "მჟავე თითებს" ამზადებდნენ. ეს სასმელი განსაკუთრებული იმითაა, რომ მთავარი ინგრედიენტი ადამიანის მუმიფიცირებული თითია, რომელსაც პირდაპირ ჭიქიდან სვამენ და სმის დროს ტუჩებით ეხებიან. გრიფიტსმა გადაწყვიტა საკუთარი სამი თითი კოქტეილის ინგრედიენტად შეეწირა და ექიმს თავისი გეგმების შესახებ უამბო. ამპუტაციის შემდეგ ქირურგმა მოჭრილი თითები სპირტში შეინახა, რათა ნიკს კანადაში ფოსტით გაეგზავნა.

ამანათი ბარში 11 ივნისს მიიტანეს და მუმიფიცირების პროცესი უკვე დაწყებული იყო. როგორც მენეჯერმა განაცხადა, თითს საბოლოოდ გამოსაშრობად ექვსი კვირა დასჭირდებოდა, შემდეგ კი მზად იქნებოდა სასმელში გამოსაყენებლად. მან ნიკს მოწვევა გაუგზავნა და ამცნო, რომ ზაფხულის ბოლოს საკუთარი თითის კოქტეილის დალევას შეძლებდა.

ნიკ გრიფიტსი რიგით მე-16 ადამიანია, რომელმაც თავისი თითი კოქტეილს ინგრედიენტად შესწირა. თავად სასმლის იდეა 1973 წლიდან მოდის, როდესაც კაპიტანმა დიკ სტივენსონმა შემთხვევით მოჭრილი ფეხის თითი იპოვნა. მან გადაწყვიტა შეექმნა "კოქტეილის კლუბი "მჟავე თითები", სადაც სასმელს ადამიანის მოჭრილი თითების გამოყენებით მოამზადებდნენ.

როგორც ბარში მომუშავე პერსონალი აცხადებს, ამ დაწესებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ კლიენტებს კოქტეილის დალევის შემდეგ თითების ჭამის ან სუვენირად შენახვის სურვილი უჩნდებათ, რაც აკრძალულია. ერთსა და იმავე თითს კოქტეილში მრავალჯერ იყენებენ, თითების რაოდენობა კი არც ისე ბევრია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100