სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრაიენ ვაითმორი: საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან მისი ქვეყნის კონფლიქტის მოგვარება მისი "დიდი ოცნებაა". თუმცა, ამ ოცნებამ ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მოკავშირეებთან სიტყვიერ ომში ჩააბა. ამის შესახებ წერს ბრაიენ ვაითმორი რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიუროს სტატიაში, სათაურით - "საქართველო რუსეთისადმი პოლიტიკას ცვლის".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილმა ივანიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ნათქვამისთვის გააკრიტიკა, როცა პრემიერმა განაცხადა, რომ "საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში".

"ვისი გული მოგებას ცდილობს? ამას საქართველოს სუვერენიტეტისთვის, თავისუფლებისთვის, მომავლისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ექნება შედეგი", - ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს.

ეს ყოველივე, - წერს ბრაიენ ვაითმორი, - ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გარშემო ატეხილი უთანხმოების მცირე მაგალითია. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება, მათ შორის საგარეო ურთიერთობებზე კონტროლი პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ხელში გადავიდა. ანალიტიკოსთა განცხადებით, ივანიშვილის მთავრობასა და სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობა რუსეთის პოლიტიკის გარშემო ასახავს საქართველოს ფუნდამენტურ დილემას, თუ როგორ უმკლავდება ის თავის დიდ და ძლიერ ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც ჯერაც ისწრაფვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავის ვირტუალურ ვასალებად იხილოს.

ივანიშვილი და მისი საგარეო პოლიტიკის მინისტრები აცხადებენ, რომ არ შეცვლიან საქართველოს პროდასავლურ კურსს – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - სააკაშვილის დარად, ისინიც აცხადებენ, რომ აფხაზეთიცა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია და უარს ამბობენ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ვიდრე რუსეთი არ გააუქმებს სადავო ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე განლაგებულ 10 ათას ჯარისკაცს არ გაიყვანს. თუმცა, ამავდროულად, საქართველოს ახალი მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობას ეძებს და მასთან ისეთ საკითხში თანამშრომლობას აპირებს, როგორიც ვაჭრობაა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ მიდგომას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობაც. NDI-ის გამოკითხვებით, ქართველების 68%-ი დარწმუნებულია, რომ "ქართული კოალიცია" საუკეთესოდ გაუმკლავდება რუსეთთან ურთიერთობას, 54% კი ნდობას უცხადებს მას, რომ ქვეყანას ნატო-ში გააწევრიანებს.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის აქციანზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხზე მღელვარება იგრძნობოდა, - წერს ბრაიენ ვაითმორი, - 21 წლის გიორგი სიბაშვილი დემონსტრაციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სახემოხატული მივიდა. მისი განცხადებით, შეწუხებულია, რომ საქართველო უახლოვდება რუსეთს და შორდება დასავლეთს.

"რუსულ ბაზარზე ქართული ღვინო ბრუნდება. თუმცა, რა ხეირი აქვს ამას ჩვენთვის? ვფიქრობ, მათ პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიები უნდა დაგვუბრუნონ, მერე კი ღვინოზე ვილაპარაკოთ", - ციტირებს სტატიის ავტორი ახალგაზრდა ქართველის სიტყვებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ვიდრე სააკაშვილი გაურბოდა დე-ფაქტო ხელისუფლებთან ურთიერთობას, ივანიშვილის მთავრობა აცხადებს, რომ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უფრო მეტ კონტაქტს გეგმავს.

"ჩვენ უნდა მივცეთ მათ შესაძლებლობა, აირჩიონ ახალ, დემოკრატიულ საქართველოს, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება და რუსეთს შორის, როგორიც ის ახლა არის", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს.
"სააკაშვილის კრიტიკის საპასუხოდ ახალი მთავრობა აცხადებს, რომ მიუხედავად მისი ანტირუსული რიტორიკისა, სააკაშვილის მმართველობისას რუსულ კომპანიებს საქართველოს ერთობ მნიშვნელოვანი ობიექტები მიჰყიდეს. ისინი ასევე აცხადებე, რომ სააკაშვილმა არ აღკვეთა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება", - აღნიშნავს ბრაიენ ვაითმორი.
სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვები, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ახალ პოლიტიკას მხარს უჭერს ნატო, ევროკავშირიცა და აშშ-იც.

"ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომლის კეთებასაც ევროპელები, ამერიკელები და ნატო-ს წარმომადგენლები ყოველთვის ურჩევდნენ საქართველოს. ერთი მხრივ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმე უნდა გავაკეთოთ. მეორე მხრივ, ამის გაკეთებას ყოველთვის გვირჩევდნენ", - ციტირებს სტატიის ავტორი დავით უსუფაშვილის სიტყებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100