მკვდრეთით აღმდგარი
ეროვნულ არქივში უამრავ საინტერესო ფოტოს შორის ორი, თითქმის ერთნაირი და უცნაური, ნამუშევარია დაცული. ერთ ფოტოზე ცნობილი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი კუბოშია ჩასვენებული და თავთან სანთელი უნთია, მეორეზე კი მიცვალებული ჩასასვენებელში წამომჯდარა და იღიმება.
ამ უცნაური ფოტოების ავტორია ცნობილი ფოტოგრაფი ნიკოლოზ საღარაძე. თუმცა, გადაღების სცენარი თავად დადიანს შეუთხზავს. დრამატურგს ასეთი სპექტაკლის დადგმა ერთი მევალისთვის თვალის ასახვევად განუზრახავს. ქუთაისის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ვიღაც შეძლებული კაცისაგან ფული უსესხია და თამასუქზეც მოუწერია ხელი. დათქმულ ვადაში თეატრმა ვალის გასტუმრება ვერ შეძლო, აღებული ვალდებულების შესრულება შალვა დადიანს უწევდა, მას კი, აბა, ფული სად ჰქონდა…
მოგვიანებით, როდესაც ნიკოლოზ საღარაძემ უმდიდრესი ფოტოალბომები არქივს ჩააბარა, ამ ფოტოებით გაოცებულ არქივის თანამშრომლებს უამბო, რა შედეგი მოჰყვა მათ მიერ საგანგებოდ დადგმულ სპექტაკლს. შალვა დადიანის მოულოდნელ “გარდაცვალებას” საზოგადოების მწუხარება მოჰყოლია და მევალესაც, დარწმუნებულს, რომ ვალს ვეღარავინ დაუბრუნებდა, თამასუქი დაუხევია, თუმცა მეორე დღესვე ცუდ დღეში ჩავარდნილა, რადგან ”მკვდრეთით აღმდგარი” მოვალე ქუჩაში ცოცხალი დაუნახავს. გვარიანად შეშინებულს სული რომ მოუთქვამს, დადიანი საყვედურებით აუვსია: თავს რად იკლავდი, დავიჯერე შენი სიკვდილი და გული დამწყდა, გეთქვა რაც გიჭირდა და ვალს ისედაც გაპატიებდიო.
კომენტარი