სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახა კალაძე ზვიად სიჭინავას ფარულად დასცინის, ქეცბაიასთან ურთიერთობას კი თავად მიხედავს

დაპირებისამებრ, ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ნაკრებიდან წასვლის მიზეზები განმარტა და სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ნაკრებში დარჩენის მორალური უფლება არ ჰქონდა, რადგან ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე „სრულიად აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში“. კალაძე განმარტავს, რომ იმ ორი წლის მანძილზე, რაც „დემე“ დაკავებულია, სამართალს ამაოდ ეძებდა.

კალაძის წერილში ბიძინა ივანიშვილისეული ტერმინოლოგიაც გაჩნდა. მან „ანგაჟირებული, ჯიბის ჟურნალისტები“ ახსენა და მათი მხრიდან მასა და დემეტრაძეზე თითქოსდა განხორციელებულ „სერიულ თავდასხმებზე“ ისაუბრა. კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და მას „სამარცხვინო“ უწოდა. „მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემდამი პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. ნუთუ ერთი მადლობა არ მეკუთვნოდა იმ 15 წლისთვის, რაც ნაკრებში გამიტარებია?“, - გული წყდება ფეხბურთელს.

კახი კალაძემ მინიშნებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც დასცინა. მის წერილში ვკითხულობთ: „სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება, ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს“.

ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სცადა პასუხი გაეცა მათთვისაც, ვისაც მიაჩნია, რომ თემურ ქეცბაია კალაძისგან ასეთი მოქცევის ღირსი არ იყო და, როგორც მინიმუმ, მთავარი მწვრთნელი კახა კალაძეს წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა მაინც, რომ ნაკრებიდან მიდიოდა და მას ეს პოლიტიკური ტრიბუნიდან არ უნდა გაეგო.

„დღეს კი ფედერაციაში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი, მისი ჭკუით მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში. დამშვიდდით ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე”, - ამაზე შორს კახა კალაძე არ მიდის და საკმაოდ ვრცელ წერილში სხვაგან არსად ახსენებს თემურ ქეცბაიას.

როგორც ჩანს, კახა კალაძეს მასთან მიმართებაში სიტყვა „პოლიტიკის“ ხსენება აღიზიანებს, თუმცა, ერთი მხრივ, უცნაურად ჟღერს, ადამიანს ზურაბ ნოღაიდელისა და ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგომა გსურდეს, პოლიტიკაში წასულად მოხსენიება კი - არა. კალაძის თქმით, ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება არა პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებისას გააკეთა და სწორედ საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში, საზოგადოების წინაშე ჩათვალა თავი ვალდებულად, რომ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობებინა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100