სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყევლის მოყვარული არქიმანდრიტი თვლის, რომ ხატს ადამიანის აბუჩად აგდება შეუძლია...

რუბრიკით „სახელითა მამისათა“ გაზეთ „ასავალ–დასავალის“ (2012 წლის 6–12 თებერვალი, გვ.20) ფურცლებზე გამოქვეყნდა ინტერვიუ არქიმანდრიტ ბართლომესთან (ფირცხალაშვილი), რომელიც პარლამენტის წევრების „ფეისბუქიდან“ დაწყევლის ინიციატორია და ამას არც მალავს.

მისი თქმით, მცდარია შეხედულება, რომ სასულიერო პირი არ უნდა იწყევლებოდეს. ამავე დროს მამა ბართლომე მიიჩნევს, რომ ტელეჟურნალისტები „ყველა სიტყვაში იწყევლებიან“.

არქიმანდრიტს არ მოსწონს „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის კარიკატურებიც და მიაჩნია, რომ მათ ავტორსაც და გამომქვეყნებლებსაც უფალი განურისხდება.

მეტიც – არქიმანდრიტთან ინტერვიუდან ირკვევა, რომ ხატსა და სანთელს ადამიანის აგდება შეუძლიათ: „სანთელსა და ხატს ნურავინ აიგდებს, თორემ სანთელი და ხატი მათ ისე აიგდებს, ვეღარავინ უშველით“, – ამბობს მამა ბართლომე.

„დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს ფრაგმენტს გთავაზობთ:

"ყველას ახსოვს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოქვეყნებული ჩემი წყევლა, რომელიც პარლამენტარებს ეხებოდათ, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

წყევლა მრავალგვარია. მაგალითად, ტელეჟურნალისტები ყველა სიტყვაში იწყევლებიან. წყევლაა, როცა გარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილს ადარებ რომელიმე პოლიტიკოსს და ამბობ, რომ მის ბედს გაიზიარებს!

წყევლაა, როდესაც აქვეყნებ ბიძინა ივანიშვილის სურათს, სადაც ის დაჩოქილია, ხელში სანთელი უჭირავს და პუტინ–მედვედევის "ხატზე" ლოცულობს. ესაა სანთლისა და ტაძრის შეურაცხყოფა.

მე მგონი, ეს ადამიანები სატანისტები არიან. ესენი ისედაც დაწყევლილები არიან და ნურავინ მეტყვის, რომ სასულიერო პირის წყევლა არ შეიძლება. მირჩევნია, ადამიანები წყევლამ შეაჩეროს, ვიდრე საბოლოოდ უფსკრულში გადაიჩეხონ!

სანთელს და ხატს ნურავინ აიგდებს, თორემ სანთელი და ხატი მათ ისე აიგდებს, ვეღარავინ უშველით! ხოლო ის ადამიანები, ვინც სხვებს თავისუფალი აზრის გამო უსწორდებიან, არიან ყურმოჭრილი მონები, ჯალათები და ნუ გაგიკვირდებათ, თუ როდისმე მათ და მათი ოჯახის წევრებს უფლის რისხვა დაატყდებათ თავს ან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ. ისინი არიან უსამართლოები და უსამართლობას უფალი თავისივე ხელით ასწორებს!”, – ამბობს ინტერვიუში ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პროცესების დროს არქიმანდრიტმა ბართლომემ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა შეჩვენების ტექსტი, რომელიც პარლამენტარებისთვის იყო განკუთვნილი:

„ქართული სამართლის ძეგლებს დავესესხები და შევაჩვენებ მათ. ყველა დეპუტატს ვწყევლი, რომელმაც ხმა მისცა ამ კანონს:

თავი მათ მხრებზე წყეულ იყოს, მხრები მკერდზე, მკერდი წელზე, წელი ბარძაყთა ზედა წყეულ იყოს, ბარძაყი მუხლზე, მუხლი წვივზე, წვივი კოჭთა ზედა, კოჭი ტერფთა ზედა იყოს წყეული, მის ტერფქვეშ მიწა იყოს წყეული, მიწამ პირი უყოს და ჯოჯოხეთმა შთანთქას სული და ხორცი მათი, სახლეულითურთ მათით. ამინ.“

არქიმანდრიტი ბართლომე ერთადერთი არ არის, ვინც სახელმწიფო მოხელეებთან და სხვა საჯარო პირებთან ურთიერთობის დროს წყველას მიმართავს. საჯარო რეესტრის თანამშრომლები თბილისის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა მიქაელ ასათიანმაც დაწყევლა. მისი წყევლის ტექსტი ასე გამოიყურებოდა:

„...ბატონო ელდერ თუ ვერ გაიგებთ და ისევ დაიწყებთ იგივეს განმეორებას, წყეული საჯარო რეესტრის თანამშრომლების გამართლებას, შენც ისე გაგაშავოს ღმერთმა, როგორც ეს ასოებია შავი. ამინ!

ბატონო ელდერ, კარგად გამიგე. მე სხვა არაფერი შემიძლია, გარდა წყევლისა და დალოცვისა. დასაწყევლი წყევლას ექვემდებარება, ხოლო, დასალოცი დაილოცება. ამიტომ თქვენც წყეულიმც იყავთ დედაბუდიანად იმ ოთხეულთან ერთად. ის ფული, რომელიც თქვენ დამინაგარიშეთ თქვენს ახსნა-განმარტებით ბარათში, თქვენი კუბოს საფასურად მომეტანოს თქვენს სახლში. ამინ!!!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100