სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი ვაშინგტონში ვიზიტზე უარს ამბობს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი გუნდის არცერთმა წევრმა არ იცის ახალ მთავრობაში რომელ თანამდებობას დაიკავებს.

როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიზნესცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე მინისტრების სავარაუდო კანდიდატურა მხოლოდ მისთვის არის ცნობილი.

„არავინ არაფერი იცის, ვიცი მხოლოდ მე და ესეც საეჭვოა, უნდა წარვუდგინო ეს კანდიდატურები ჩემი გუნდის წევრებს და შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები. ცნობილია მხოლოდ ერთი - მე ვიქნები საქართველოს პრემიერ-მინისტრი“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან კოალიციის ლიდერმა კატეგორიულად უარყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების ფაქტი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი უცხოეთში დაგეგმილ შეხვედრებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მან უკვე მიიღო ოფიციალური მიწვევა ვაშინგტონისგან.

„მივიღე მოწვევა, თუმცა უარს ვამბობ აშშ-ში წასვლაზე, რადგან იქ ახლა არჩევნებია და ჩემი მისვლა ნაკლებად საინტერესო და ეფექტური იქნება. მით უფრო ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს უნდა მივხედოთ“,- განმარტა ბიძინა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, მიიღო თუ არა ივანიშვილმა ოფიციალური მოსკოვისგან მილოცვა. რაზეც ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისგან რაიმე სახის მილოცვა არ მიუღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100