სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქი - პრეზიდენტად...

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც ცოტა ხნის წინ საეკლესიო მოღვაწეებს მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების შერისხვისაკენ მოუწოდებდა, საშობაოდ უკვე ხელისუფლებას მოუწოდებს, „მოუსმინოს ადამიანების მიერ გამოთქმულ პროტესტს “. ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა საშობაო ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეარხ „როსია 1“-ის ეთერით გადაიცა.

რისი ნიშანია ეს – პატრიარქი პუტინის გაადამიანურებას ცდილობს, თუ მთელი რუსული ეკლესია გალიბერალდა და პუტინისადმი დაპირისპირებულ ბანაკში გადაბარგდა? არც ერთი და არც მეორე “პატრიარქი კირილი თვით აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე!” – ასე ფიქრობს ეროვნული სტრატეგიის საბჭოს ყოფილი დირექტორი, პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი:

„არის თუ არა თანამედროვე რუსეთში ლიდერი პუტინის საწინააღმდეგო ბანაკიდან, ვისაც შეუძლია მოდერნიზაციის დაცემული ალამი აღმართოს? – სვამს კითხვას პოლიტოლოგი და პასუხობს – ეს არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო ლიდერი – პატრიარქი კირილია, ერში ვლადიმერ გუნდიაევი. სწორედ მათ გააჩნიათ ორგანიზაციული, მობილიზაციური და პოლიტიკური პოტენციალი: მაცხოვრის ტაძარში ათონის მთიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის სარტყელთან მიახლების მსურველი 120000კაცი იყო დღეში. არცერთ მიტინგს არ შეუძლია ამდენი ხალხის შეკრება. ეს ადამიანები წარმოადგენენ რუსული მოდერნიზაციის რესურსს – მათ შეუძლიათ რუსეთის ხელისუფლების შეცვლა! არსებობს ჩემი – სტანისლავ ბელკოვსკის კოეფიციენტი – 4%! ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ დედაქალაქში საკმარისია 4%–ის აქტიურობა, რომ გადაწყვიტოს ხელისუფლების პრობლემა!

კირილს აქვს პოლიტიკური ამბიციები – მას სურს საერო ხელისუფლება! პატრიარქი კირილი მოსკოვის ყველა რაიონში ეკლესიებს აშენებს, სულ 600 ტაძარს აგებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა საჭირო იქნება, თითოეულში 50–100 კაცს მოუხმობს, მთელი მოსკოვის მასშტაბით – 300000–600000 კაცს! საშუალოდ გამოდის 4%!“

ეს არის თუმც კი ცნობილი პოლიტოლოგის, მაგრამ მაინც კერძო პირის აზრი, რომელსაც მრავალი ოპონენტი ჰყავს თვით რუსეთშიც, მაგრამ, გამომდინარე გუნდიაევის პირადი და საზოგადოებრივი, სულიერი და მატერიალიური რესურსებიდან, არაფერია მოულოდნელი:

„თამბაქოს მიტროპოლიტის“ სახელით ცნობილი უშიშროების აგენტი, ფსევდონიმით „მიხაილოვი“, დღევანდელი პატრიარქი კირილი – სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატია რუსეთის პრეზიდენტობისათვის – საეკლესიო საქმიანობას იგი წარმატებით უთავსებს საფინანსო–ეკონომიკურს: არის ცნობილი ბიზნესმენი – სარგებლობდა რა საგადასახადო შეღავათებით, იყო კომერციულ ბანკ „პერესვეტის“, საქველმოქმედო ფონდ „ნიკას“, სააქციო საზოგადოება „საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის“, სააქციო საზოგადოება „თავისუფალი სახალხო ტელევიზიის“ და რიგი სხვა სტრუქტურების დამფუძნებელი. ფონდმა ‘ნიკამ“, თავისი „თამბაქოს სკანდალით“, გუნდიაევს მტკიცედ მიაკერა „თამბაქოს მიტროპოლიტის“ მეტსახელი. „ნიკა“ ახორციელებდა სიგარეტების საბითუმო გაყიდვებს, რომლებიც რუსეთში შემოდიოდა ჰუმანიტარული დახმარების სახით! კირილის სუფთა შემოსავალი ასეულობით ამერიკული დოლარი იყო. 8 თვის მანძილზე მან განბაჟების გარეშე შემოიტანა დაახლოებით 8 მილიარდი სიგარეტი. მეორე ბიზნესი, რომელთანაც დაკავშირებული იყო კირილი – გახლდათ ნავთობის ექსპორტი. ბიზნეს–პარტნიორ, ეპისკოპოს ვიქტორთან ერთად გაჰქონდა რამდენიმე ტონა ნავთობი წელიწადში. კომპანიის ყოველწლიური საქონელბრუნვა შეადგენდა 2 მილიარდ დოლარს; ამას გარდა, მის ინტერესში შედიოდა ზღვის ბიორესურსები – ხიზილალა და ზღვის სხვა პროდუქტები (შემოსავალი – 17 მილიონი დოლარი), აქვს ავტომობილის ბიზნესი კალინინგრადში, საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების მეშვეობით –ტურიზმის ბიზნესი და სხვ.

ეს – ეკონომიკა, ახლა – პოლიტიკა: სეკულარიზებული რუსული ეკლესია მართლმადიდებლობისადმი ერთგულებას საკუთარი საწყაოთი აფასებდა. იგი იმპერიულ პოლიტიკურ ზრახვებს, საუკუნეების მანძილზე „მესამე რომის“ მესიანისტური იდეებით ნიღბავდა და დღეს უკვე შენიღბვაც არ სჭირდება – რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას – „РПЦ“–ს – გაცხადებული აქვს შორსგამიზნული ზრახვანი – ფილეტურ– კგბ–ური მართლმადიდებლობის გავრცელებით მსოფლიოში შექმნას სწორედ იმ სახის რუსული მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც ახალმა პატრიარქმა დაისახა ბრიტანული „ერთა თანამეგობრობის“ ანალოგიით. ეკლესიის აწინდელი იერარქი, ჯერ კიდევ მიტროპოლიტობის დროიდან, ძველი სამყაროს საზღვრებს არ სჯერდება და ახალში თესავს «РПЦ»- ის მარცვლებს: რუსეთის პატრიარქი 2009 წლის სექტემბერში ქრისტე მაცხოვრის ტაძარში შეხვდა ლათინური ამერიკის ქვეყნების – პარაგვაის, ჩილეს, დომინიკის რესპუბლიკის, ურუგვაის, კოლუმბიის, მექსიკის, ეკვადორის, ბრაზილიის, კუბის, გვატემალის, ვენესუელის, კოსტა–რიკის, ბოლივიის, პერუს, არგენტინის, ნიკარაგუის, პანამის ელჩებს და დაუფარავად მოახსენა სტუმრებს:

„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ლათინური ამერიკის ქვეყნებს განიხილავს, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სულიერ პოლუსს“ და იქვე აღნიშნა, რომ თუ ამ ქვეყნებში დაარსდებოდა რუსული ეკლესიები, ისინი დიდ წვლილს შეიტანდნენ რუსი და ლათინოამერიკელი ხალხების დაახლოებაში! დღეისათვის ეს უმრავლეს ქვეყნებში უკვე განახორციელა და, სავარაუდოდ, ტაძრების კედლები დაუბრკოლებელ საშუალებად აქცია მასპინძლების რუსული სპეცსამსახურების აგენტებთან საურთიერთობოდ!

პატრიარქ კირილის მარჯვენა ხელი, მართლმადიდებელ ექსპერტთა ხელმძღვანელი კირილ ფროლოვი, კიდევ უფრო დაუფარავად აცხადებს რუსული ეკლესიის მისწრაფებებს: „ჩემი აზრით, რუსი ერის, რუსეთის სახელმწიფოებრივი და მსოფლიოს მართლმადიდებლური ინტერესები თანხვდებიან – მართლმადიდებლობის ექსპორტი – ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელება მთელ მსოფლიოში და მსოფლიოს რუსოფილური სარტყელის შექმნა!“

რუსი პუბლიცისტების და პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი სტანისლავ ბელკოვსკის უწოდებს წამქეზებელს, პუტინსა და რუსულ ეკლესიას შორის განხეთქილების ჩამომგდებს. მათი აზრით, ბელკოვსკი ცილს სწამებს პირველიერარქს, როდესაც განზრახ უგონებს კირილ გუნდიაევს საერო ამბიციას და პრეზიდენტობისაკენ სწრაფვას.

მაგრამ რა არის მიუღებელი ამ კაცის ვარაუდებში? პატრიარქი, რომელიც ფლობს ზღვა სიმდიდრეს, ეკონომიკურ ბერკეტებს, პოლიტიკურ ზეგავლენას მთელ მსოფლიოზე, მოყოლებულს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თანამდებობის დროიდან – სწორედ რომ შესაფერისი კანდიდატურაა სავაჭრო ბიზნესისა და საეკლესიო ხელისუფლების გასაერთიანებლად და მსოფლიოს რუსოფილური სარტყელის შესაქმნელად!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100