უმიზეზოდ დაპატიმებული ექიმი, NDI-ს კვლევები და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები
გთავაზობთ, დღეს 15 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრება. კონფერენცია ორდღიანია და ის გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის ქრეიგ კენედის მიერ არის ორგანიზებული. კონფერენციას ასევე ესწრებიან ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბოლდტი, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკიევიჩი, ლატვიის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალდას ზატლერსი, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის ასისტენტი ჰეიჯ ალექსანდერი, ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკური მრჩეველი იევა კუპჩე, უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელი და “კოპენ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტი დანიელ ფატა. საქართველოს მხრიდან კი კონფერენციას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი. კონფერენციაზე განხილვის თემა არის საქართველოს როლი რეგიონსა და რეგიონს მიღმა და საქართველოს განვითარების გზა.
თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ინგლისის ქალაქ ჰაი უიკომის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც ლორდ მერი ჩოდრი შაფიკი ხელმძღვანელობს. ვიზიტის მიზანია ორ ქალაქს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის განხილვა და თბილისში არსებული მუნიციპალური პროექტების გაცნობა.
NDI-ს საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, როგორია საზოგადოების განწყობა საქართველოში - მოსახლეობისთვის პრიორიტეტად კვლავ დასაქმება რჩება. 61 პროცენტისთვის უმთავრესი სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზეა ტერიტორიული მთლიანობა 34 პროცენტით, 32 პროცენტი კი მთავარ საკითხად ხელმისაწვდომ ჯანდაცვას მიიჩნევს. მოსახლეობის 58 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. განსხვავებული პოზიცია აქვს 8 პროცენტს. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 43 პროცენტმა უპასუხა - "დიახ", 38 კი ამბობს - "არას". კვლევა 13-დან 27 მარტის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხა 3 103 მოქალაქე. კვლევაში 113 კითხვა მოხვდა.
19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიას და მანიფესტაციის ორგანიზატორებს საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით მიმართავს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფის უმთავრესი ამოცანა იქნება საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციის გაცვლა და კანონით გათვალისწინებული მოქმედებების კოორდინირებულად განხორციელება, მათ შორის, მიზანმიმართული პროვოკაციებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და ეფექტიანი პრევენციული მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მანიფესტანტების, მათ შორის, იმ პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომლებიც შეიძლება საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან დაცვას.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი სპეციალურ განცხადებას აკეთებს. დეპუტატი ამტკიცებს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჯორჯ ბუშის ქუჩაზე 19 აპრილთან დაკავშირებით გაკრული პლაკატები ჩამოხიეს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა შემთხვევა დილის 05:00 საათზე ვიდეოფირზე დააფიქსირეს.
ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით, ორი მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოქალაქეს, დიპლომის დამზადების სანაცვლოდ, 2 800 ამერიკული დოლარი მოსთხოვა, ამ თანხიდან 300 დოლარი ავანსად დაიტოვა, ხოლო დიპლომის დამზადება თანამზრახველს, ერთ–ერთი გაუქმებული უმაღლესი სასწავლებლის ყოფილ რექტორს სთხოვა. სამართალდამცველებმა ის მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როცა მან მოქალაქეს დარჩენილი 2 500 დოლარი გამოართვა და დამზადებული ყალბი დიპლომი გადასცა. ყოფილი რექტორის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოქალაქის მიერ გადახდილი 300 აშშ დოლარი, მისი 3 ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის და ატესტატის ასლები, ასევე 19 შეუვსებელი ყალბი დიპლომი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ინციდენტი სოფელ ციხისძირში. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ გამოძება დაიწყო 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, ფიზიკური დაზიანების ფაქტზე. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა ციხისძირში მცხოვრებ რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც სამეგრელოს მიმართულებით წავიდნენ.
სოფელ ხაიშის მოსახლეობამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, მოთხოვნით - არ აშენდეს ხუდონჰესი. ადგილობრივებმა ჯერ სოფლის კრება მოიწვიეს, შემდგომ კი საპროტესტო აქციაც გამართეს. ხაიშელების თქმით, ხუდონჰესის აშენება მათთვის მიუღებელია, რადგანაც სრულად დაიტბორება ხაიში და ხაიშის თემში შემავალი კიდევ 6 სოფელი. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხუდონჰესის მშენებლობა შედგება, თუმცა იქ მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო ზარალის ასანაზღაურებლად კონპენსაციას გადაუხდის.
დაპირისპირება "ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში - აქტივისტების ერთმა ნაწილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და პარტიის წევრების ნაწილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მათი განცხადებით, პარტიის წევრმა ია გოგოლაძემ აქტივისტი გიორგი მაღრაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირში და საარჩევნო კარუსელებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. გიორგი მაღრაძის მხარდამჭერები გოგოლაძისგან ცილისწამებისათვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ია გოგოლაძე კი აცხადებს, რომ ბრალდებას საფუძველი აქვს და მზად არის, საკითხი სასამართლოში განიხილონ.
სამსახურიდან გათავისუფლებული სასწრაფო დახმარების ექიმები აცხადებენ, რომ მათთან ერთად გათავისუფლებული ციცი კაშია დაპატიმრებულია. ექიმების განცხადებით, ციცი კაშია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა და სამსახურში შესვლისას მას მობილური ტელეფონი აღმოუჩინეს, რის გამოც დააკავეს. ექიმების განცხადებით, კაშიას დაპატიმრების სამართლიანი საფუძველი არ არსებობს, რადგან მას მობილური ტელეფონი ჩხრეკის ოთახშივე ჩამოართვეს. ექიმები ფაქტს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ და დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს და იურისტებს სთხოვენ.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი პრეზიდენტსა და პრემიერს კოაბიტაციის შეწყვეტისა და გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა დღეს გმირთა მემორიალთან განაცხადა.
გუდაურში საქართველოს სათხილამურო თასის ბოლო ეტაპი გაიმართა. მეექვსე ტურში სამ ასაკობრივ ჯგუფში აბუს ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სეზონის შედეგების გათვალისწინებით კი, საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ. გოგონათა შორის მიმდინარე სეზონში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურის ტიტული ბაკურიანელმა სუსანა გავამ მოიპოვა. ვაჟთა შორის კი დათო სეთურიძემ გაიმარჯვა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო "გუდაურის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და გამარჯვებულ სპორტსმენებს ორგანიზატორებისგან სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
კომენტარი