სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მწვანე სკოლის" დირექტორი განათლების სამინისტროში დაიბარეს

"მწვანე სკოლის" დირექტორი კახა დავითური დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს. ის განათლების მინისტრის მოადგილეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. დირექტორი ამბობს, რომ უწყებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დეტალებზე განათლების სამინისტროში არ უსაუბრიათ. აღნიშნავენ, რომ იგი არის კონფიდენციალური გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არასრულწლოვნის თვითმკვლელობის საკითხს ეხება და შესაბამისად მათგან ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გავრცელებულა.

დავითურის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოხდა პირის იდენტიფიცირება, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის წარწერები გააკეთა.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ძირითადად საუბარი შეეხო სკოლაში არსებულ სიტუაციაზე, მძიმე ვითარებაზე, რაც ლუკა სირაძის თანაკლასელებს აქვთ ახლა მომხდარის შემდეგ და ასევე სასწავლოს პროცესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ „მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესი ორშაბათამდე შეჩერებულია.

"თბილისის მწვანე სკოლის" დირექტორი აღნიშნავს, რომ ბოროტი ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სკოლის ადმინისტრაცია წარწერების გაკეთების შემდეგ ზარალის ანაზღაურების ითხოვდა, ან თითქოს შს სამინისტრომ საქმის აღძვრის გარეშე მათ მორიგება სთხოვა.

ასევე სკოლის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ არანაირი სკოლის შიდა გამოძიება არ ყოფილა, რომლის საფუძველზეც რაიმე ფოტოს ან სქრინებს ამოიღებდნენ რომელიმე თანაკლასელის მხრიდან და მისი თქმით, სამართალდამცველები პროცესში თავიდანვე ჩართულნი იყვნენ.

"თბილისის მწვანე სკოლის" დამფუძნებლის და დირექტორის კახა დავითურის განცხადებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ 15 წლის მოზარდს სამართალდამცავები მსუბუქ საყვედურს ან გაფრთხილებას მისცემდნენ.

რაც შეეხება ერთ-ერთი მოზარდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თვითდაზიანებებთან დაკავშირებით, ამაზეც კახა დგებუაძე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია და ჭორებზე დაყრდნობით ვერ ისაუბრებს.

"ამოცნობა როგორ მოხდა მე ნამდვილად ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ ძალიან ინერვიულეს კლასელებმა. მე ვიცი, რომ ისინი იყვნენ გამოკითხვაზე. მე სხვა დეტალები არ ვიცი. ჩემთვის ეს საკითხი არ არის ცნობილი, მე ვერ ვიმსჯელებ ჭორებით ამის შესახებ.

მიდის გამოძიება, რამდენადაც მე ვიცი, ახლაც არიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩვენი თანამშრომლები. მთელი სკოლა არის უმძიმეს მდგომარეობაში.

თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი? ან ჩვენი მასწავლებლების, ან ბავშვების ადგილას თავი? ეს არის უმძიმესი რამ, უბრალოდ, რომელსაც სამწუხაროდ, ვერავინ ვერ გავთვლიდით წინასწარ.

ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს იქნებოდა ალბათ რაღაცა საყვედური, თუ მით უმეტეს ეს არასრულწლოვანი იყო, ეს იქნებოდა რაღაცა გაფრთხილება მისთვის," - აცხადებს "მწვანე სკოლის" დირექტორი კახა დავითური.

15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ ღამით გარდაიცვალა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა, რა დროსაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ის კომატოზურ მდგომარეობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.

თვითმკვლელობა არასრულწლოვანმა 12 დეკემბერს სცადა. ფაქტს წინ უძღოდა, "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მისი დაკითხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100