“უიგანმა” ნ’ზოგბია “ასტონ ვილას” გადაულოცა
ბირმინგემის “ასტონ ვილამ” უკვე შეათანხმა “უიგანის” გარემარბის, შარლ ნ’ზოგბიას სატრანსფერო ღირებულება და ამჟამად უკვე ფეხბურთელთან აგვარებს პირადი კონტრაქტის პირობებს.
ზაფხულის დასაწყისში უიგანელთა პრეზიდენტმა დეივ უილანმა 9-მილიონიანი შემოთავაზება შორს დაიჭირა. “უიგანი” მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტს ითხოვდა, მაგრამ ბირმინგემელებმა მხოლოდ ნახევარი მილიონის დამატებაზე შეძლეს ნ’ზოგბიას გამყიდველთა დაყოლიება.
“ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი ალექს მაკლიში საფრანგეთის ნაკრების (2 მატჩი) წევრის ძველი თაყვანისმცემელია. მას ნ’ზოგბიას გადაბირება ჯერ კიდევ “ბირმინგემის” თავკაცობისას სურდა. ახლა კი, როცა ახალი გუნდი ჩაიბარა და ეშლი იანგისა და სტიუარტ დაუნინგის გასხვისება მოუწია, შოტლანდიელი სპეციალისტი უფრო მეტად დარწმუნდა, რომ პრობლემური პოზიციის გასაძლიერებლად ფრანგი ფლანგელი შესაფერისი კანდიდატურაა.
კლუბების შეთანხმებაზე უკვე ვთქვი. რაც შეეხება, ფეხბურთელისა და “ასტონ ვილას” გარიგებას, ინგლისური მედიასაშუალებების ვარაუდით, ყველაფერს უახლოეს 24 საათში დაესმება წერტილი.
კომენტარი