"ანასტასია ზაალიშვილი და მისი მშობლები იყვნენ დეპორტირებულები თურქეთიდან" - "სოლიდარობის ფონდი"
ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით "სოლიდარობის ფონდი" განცხადებას ავრცელებს:
"სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და აფინანსებს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას.
დღეის მდგომარეობით საქართველოს სოლიდრაობის ფონდმა უკვე 352 სიმსივნით დაავადებული ბავშვი და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდა დააფინანსა.
პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ანასტასიას გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ მისი ოჯახის დიდ ტრაგედიას.
ვინაიდან ბოლო დროს გახმაურებულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება გავრცელდა სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გარშემო გადავწყვიტეთ გვეპასუხა ყველა შეკითხვაზე.
ანასტასია ზაალიშვილის მკურნალობის, თურქეთში ტრანსპორტირებისა და შემდეგ უკვე გადმოსვენების ხარჯები სრულად დაფარა საქართველოს სოლიდარობის ფონდმა და ჯანდაცვის სამინისტრომ. არცერთი წუთით არ შეწყვეტილა სოლიდარობის ფონდის დაფინანსება თურქეთის კლინიკაში.
ანასტასია ზაალიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებისთანავე 6 დეკემბერს სოლიდარობის ფონდი დაუკავშირდა ბავშვის დედას, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციას არსებობს, იმ დროისთვის, მშობელმა განაცხადა რომ იაშვილის კლინიკაში ბავშვის მკურნალობა სრულად ფინანსდებოდა სახელმწიფოს მხრიდან და დამატებითი ფინანსური საჭიროების შემთხვევაში მოგვმართავდა. უკვე 20 დეკემბერს ფონდის წარმომადგენელი მივიდა იაშვილის კლინიკაში ანასტასიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. ოჯახმა იცოდა რომ ბავშვის მკურნალობა დაფინანსდებოდა ფონდის მიერ მაგრამ სოციალურ ქსელში არ წყდებოდა მოწოდებები ანასტასიას დახმარებისთვის.
შემდეგ უკვე მოვლენები განვითარდა შემდეგი თანმიმდევრობით: ოჯახმა 23 დეკემბერს ფონდში შემოიტანა განაცხადი სრული დოკუმენტაციით მათ შორის ექსპერტული დასკვნაც. ანასტასიას მკურნალობის დაფინანსებაზე გერმანიაში „ჰელიოს“ კლინიკიდან 90 ათასი ევროს მოცულობით. თანხა იმავე საღამოს 23 დეკემბერს ელექტრონული კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული თუმცა გერმანიის კლინიკასთან შეიქმნა შემდეგი პრობლემები - ბავშვს ვერ მიიღებდნენ 10 იანვრამდე. აქედან გამომდინარე ფონდმა დაიწყო მუშაობა ანასტასიას თურქეთში გამგზავრებაზე. რადგან ბავშვის მდგომარეობა იყო მძიმე და დრო არ იცდიდა სოლიდარობის ფონდმა მყისიერად მოახდინა კოორდინაცია თურქეთის კლინიკასთან ვინაიდან ბავშვს სასწრაფო რეჟმში მიეღო სამედიცინო დახმარება.
აქვე განვმარტავთ რომ მიუხედავად იმისა რომ ფონდი აფინანსებს მხოლოდ მკურნალობას და აქ წყდება ფონდის საქმიანობა და ლეგიტიმაცია ეს ის შემთხვევა იყო როდესაც ფონდი ჩაერთო რიგი პრობლემების მოგვარებაში.
ანასტასია ზაალიშვილი და მისი მშობლები იყვნენ დეპორტირებულები თურქეთიდან, თუმცა მანამდე ამის შესახებ ინფორმაცია არსად ვრცელდებოდა. მოგეხსენებათ ბავშვი ავად გახდა ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნის დროს და გამომდინარე იქიდან რომ ოჯახი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა არალეგალურად კლინიკამ არ აიღო ბავშვზე პასუხისმგებლობა და დეპორტაციით გამოუშვეს საქართველოში. გარდა ამისა, ისიც ცნობილია რომ ბავშვს აღმოაჩნდა ურთულესი დიაგნოზი - მედულობლასტომა, მე-4 სტადია.
რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ თითქოს ფორმალობების გამო დაგვიანდა რეაგირება ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ - ბავშვის დაფინანსებაზე განაცხადი ფონდში შემოვიდა 2016 წლის 23 დეკემბერს, დაფინანსება ელექტრონული კომისიის წესით განხორციელდა იმავე დღეს 23 დეკემბერს ხოლო ანასტასიას ტრანსპორტირება მოხდა განცხადების შემოტანიდან 48 საათში. ეს 48 საათი განისაზღვრა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: ამ პერიოდში ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია ჩაედგა დრენაჟი რათა უზრუნველყოფილიყო სტაბილური ტრანსპორტირება და ექიმები ელოდებოდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას რომ პაციენტს შეძლებოდა ტრანსპორტირება, თურქეთის კლინიკა დათანხმდა ბავშვის მიღებას და მოგვარდა ბავშვის და მშობლის დეპორტაციის საკითხი.
აქვე განვმარტავთ ფონდის მუშაობის პროცედურებს და სპეციფიკას, რაც რეგულირდება შესამაბიმის საკანონმდებლო აქტებით და რაც გამჭვირვალეს ხდის პროცესს. სოლიდარობის ფონდი თითოეული ბენეფიციარის კომისიური წესით დაფინანსების შემდეგ მკურნალობისთვის საჭირო თანხას რიცხავს კლინიკაში და არა ოჯახის ანგარიშზე, ბავშვის ანგარიშზე და რასაკვირველია არ გასცემს ხელზე.
ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, სისტემატურად ქვეყნდება და დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს მიუწვდება ხელი.
კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ფონდებს ანასტასიას და მისი ოჯახის გვერდში დგომისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარი