სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბდულაზიზი (აზიზიე) არც "სისხლისმსმელი" იყო და არც "აჭარის ამაოხრებელი"...

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში მე–19 საუკუნის 20–იან წლებში, მშობლებმა ოსმალო ვაჭრებს ერთი პატარა ლამაზი გოგონა ტყვედ მიჰყიდეს. გოგონა, 17 წლის ასაკში, 1829 წელს, სამ კონტინეტზე გადაჭიმული, მსოფლიოში უძლიერესი ოსმალეთის იმპერიის სულთნის მაჰმუდ მეორის ცოლი გახდა და შეეძინა შვილი, რომელიც დაახლოებით ორასი წლის შემდეგ – 2012 წლის საქართველოში ცხარე პოლიტიკური დებატების, კამათისა და საზოგადოებრივი პროტესტის მიზეზად იქცა.

ვინ იყო აბდულ აზიზი, რომლის სახელზეც ტრაპიზონის ფაშა მუჰლის ემინმა 1869 წელს, ბათუმში, ახლანდელი ზვიად გამსახურდიას ქუჩის დასაწყისში მეჩეთი ააშენა?

მეჩეთი, რომლის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქული მხარე საქართველოს ოშკისა და იშხანის ტაძრების აღდგენას ჰპირდება.

ყველაზე ხშირად, ბოლო თვეებში, მის მიმართ ისეთი ეპითეტები ისმის როგორიცაა სისხლისმსმელი და აჭარის ამაოხრებელი, მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სისხლში ხელებგასვრილი და ა.შ. რამდენად შეეფერება ეს სინამდვილეს?

ბათუმის შოთა რუსთაველის პროფესორი ზაზა შაშიკაძე ამბობს, რომ ეს შეფასებები გაზვიადებულია და მას მეტწილად საბჭოთა ისტორიოგრაფიის გავლენა ეტყობა.

– არცერთი კლასიკური რელიგია და მათ შორის სუნიტური (მართლმადიდებლური ისლამი) არ მოუწოდებს კაცთმოძულეობისაკენ. თუ სადმე კონკრეტული ფაქტი ფიქსირდება, ეს ლოკალურად, პიროვნებაზე დამოკიდებულ ფაქტად უნდა განვიხილოთ და არ უნდა განვაზოგადოთ,- ამბობს ის.

მისი თქმით, სულთან აბდულაზიზის დროს, აჭარაში ისლამის გავრცელება დასრულებული იყო, რაც ეკონომიკური პოლიტიკის დახმარებით მოხდა.

-მუსლიმად ყოფნა ნაკლებ გადასახადებს, მაღალ სოციალურ სტატუსსა და კარიერულ წინსვლას ნიშნავდა. ქრისტიანებს კი შეზღუდვები და გადასახადები ჰქონდათ დაწესებული. ამის გამო, მოსახლეობამ თანდათან ისლამი მიღო. თითქმის არ ფიქსირდება ფაქტი, რომ ან მანამდე ან აბდულაზიზიეს დროს ოსმალეთს გამოეყენებინოს საომარი მოქმედებები ისლამის დასამკვიდრებლად, ყოველ შემთხვევაში, აჭარის ტერიტორიაზე ან მიმდებარე ქართულ პროვინციებში. აჭარა ამ დროისათვის წარმოადგენდა იმპერიის განაპირა მხარეს, რომელიც რუსეთის იმპერიას ესაზღვრებოდა და ამის გამოც, ოსმალეთი ცდილობდა ადგილობრივ მოსახლეობაში მტრები ნაკლებად ჰყოლოდა. აბდულაზიზიეს დროს ოსმალეთის იმპერია დასუსტებული იყო. იგი რუსეთთან ბალკანეთში და კავკასიაში ბრძოლისათვის ემზადებოდა, რის გამოც მეტნაკლებად ლოიალურ პოლიტიკას ატარებდა და აქედან გამომდინარე სისხლისმელი საზღვრისპირა რეგიონში ვერ იქნებოოდა. მისი მმართველობის დროს აჭარაში არ განხორციელებულა არცერთი სადამსჯელო საბრძოლო ღონისძიება. ადგილი არ ჰქონია გადასახადების ზრდას. ერთი სიტყვით თუ არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა, არც უფრო დამძიმებულა.

ამ დროისათვის იმპერიის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მართლმადიდებლური მონასტერი და ეკლესია ფუნქციონირებდა. მათ შორის, ქართულიც. ტრაპიზონში, სტამბულში, სმირნაში (იზმირში).

რელიგიური ნიშნით დევნა თურქეთში მე–19 საუკუნის ბოლოს ეროვნული სახელმწიფოს იდეის დაბადების დროს დაიწყო და იგი, ძირითადად, ქემალისტებს უკავშირდება. თუმცა, ამ დროისათვის ოსმალეთის დაპყრობილ ტერიტორიებზე ქართველი ქრისტიანები კათოლიკეების გარდა, თითქმის აღარ ცხოვრობდნენ. ისინი კი ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ და ოსმალეთი გარკვეული პოლიტიკის გამო მათ მიმართ შემწყნარებლობას იჩენდა.” – ამბობს შაშიკაძე.

მცირე ისტორიული ექსკურსი:

1830 წლის 8 თებერვალს, ოსმალეთის სულთნების თოფკაპის სასახლეში დიდი ფუსფუსი ატყდა. სულთან მაჰმუდ მეორეს ვაჟი შეეძინა. ახალშობილს სახელად აბდულაზიზი დაარქვეს. გავა დრო და იგი გახდება ერთადერთი სულთანი იმპერიის 36 მმართველს შორის, რომელსაც ქართველი დედა ჰყავდა.

გადმოცემის თანახმად, აბდულაზიზის დედა, პერტევნიალი ვალიდე სულთანი (დედა–დედოფალი) 1812 წლის 5 თებერვალს, სამეგრელოში დაიბადა. დაბადების ზუსტი ადგილის შესახებ ცნობები არ შემონახულა. არსებობს ერთი ცნობა, რომ იგი დაახლოებით ახლანდელი სამტრედიის მიმდებარე ტერიტორიებიდან იყო წარმოშობით. თუმცა, რამდენად სანდო ცნობაა მსჯელობა ჭირს. ტყვედ გაყიდვის შემდეგ, იგი იმპერიის დიდგვაროვანთა წრეში მოხვედრილა, სადაც მას სულთნის კარზე გავლენიანი ქალბატონები უწევდნენ მფარველობას, რომელთა დახმარებით მან განათლებაც მიიღო და სამეფო ეტიკეტსაც დაეუფლა.

1829 წელს იგი ცოლად გაჰყვა სულთან მაჰმუდ მეორეს და ხელოვანთა მფარველად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის სულთნის პირველი ცოლი არ იყო, “ვალიდე სულთნის” (დედა დედოფალი) ტიტულს ატარებდა და განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდა. ვალიდე სულთანი ეხმარებოდა, მუსიკოსებს, მხატვრებს, მწერლებს, აგებდა სკოლებსა და საავადმყოფოებს. სტამბულის აქსარაის რაიონში დღესაცაა შემორჩენილი მის მიერ აგებული სასწავლებლები, სამლოცველოები და საავადმყოფოები.

აბდულაზიზის თავდაპირველად ტახტის მემკვიდრედ არ ამზადებდნენ. როცა იგი 9 წლის იყო მამა - მაჰმუდ მეორე გარდაიცვალა. სულთნის ტახტი მისმა ნახევარძმამ, აბდულმეჯიდმა დაიკავა, რომელიც ძმას ბრწყინვალე განათლების მიღებაში დაეხმარა.

აბდულაზიზი კარგად ფლობდა ფრანგულ ენას, მუსიკას, ხატვას, ერკვეოდა საინჟინრო საქმეებში და ლიტერატურაში. შემორჩენილია მის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები და მაღალ დონეზე შესრულებული საბრძოლო გემების მოდელების ნახაზები.

აბდულმეჯიდის გარდაცვალების შემდეგ 1861 წლის 25 ივნისს, 31 წლის აბდულაზიზიემ ოსმალეთის იმპერიის ტახტი დაიკავა და 32–ე სულთანი გახდა.

ახალგაზრდა სულთანმა მმართველობა ადმინისტრაციული რეფორმების გატარებით დაიწყო. დახვეწა სასამართლო სისტემა. საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო სასამართლოს ინსტიტუტებს. საზღვაო ფლოტის მოდერნიზაცია მოახდინა, შემოიღო თანამედროვე სამხედრო ფორმები, მის სახელს უკავშირდება ოსმალეთის იმპერიაში ქალთა უფლებების გაფართოება, რისთვისაც ხელს უწყობდა ქალთა სასწავლებლების დაარსებას. მხარს უჭერდა კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას.

თუმცა, აბდულაზიზის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის იმპერიის ხაზინა ცარიელი იყო, ოსმალეთის საგარეო ვალები საკმაოდ ბევრი. ამას ემატებოდა რევოლუციები და არეულობები ევროპის ქვეყნებში, რის გამოც, მის რეფორმებს ხშირად სერიოზული პრობლემები ექმნებოდა.

სულთანი ევროპისა და ევროპული კულტურის დიდი მოყვარული იყო. ამიტომ ხშირად მოგზაურობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ინგლისში, საფრანგეთში, პრუსიაში და სხვაგან. თუმცა, ამ მოგზაურობას ხშირად მის სიყვარულს უკავშირებდნენ. სხვადასხვა წყაროების ცნობით, იგი შეყვარებული იყო საფრანგეთის დედოფალ ევგენიაზე, რომელიც ეგვიპტეში სუეცის არხის გახსნაზე დასასწრებად გამგზავრებამდე, სტამბულს სტუმრობდა, რის შემდეგ ისინი ერთად გაემგზავრნენ ეგვიპტეში.

აბდულაზიზის მმართველობის დროს, ოსმალეთის პოლიტიკის გავლენა მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც, მას ხშირად დათმობებზე წასვლა უწევდა და ამით ბალკანეთში და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა სახელწიფოების ზეწოლით გარკვეულ ტერიტორიებს კარგავდა.

სულთან აბდულ აზიზის ოსმალეთის ტახტი 14 წლის 11 თვისა და ხუთი დღის განმავლობაში ეკავა. 1876 წლის 30 მაისს, იგი იმპერიის დიდგვაროვანთა შეთქმულების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ტახტიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს. ოთხი დღის შემდეგ, ციხის საკანში მან წვერის შესაკრეჭად მაკრატელი მოითხოვა, როცა მიუტანეს, ვენები გადაიჭრა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ისტორიკოსები ამ თვითმკვლელობას გათამაშებულ სცენად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ იგი მოკლეს. ამის მტკიცებულებად კი იმაზე მიუთითებენ, რომ სულთანს, ვენები ორივე ხელზე ჰქონდა გადახსნილი.

ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1877 წელს რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები წამოიწყო და ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, ოსმალთა მიერ მიტაცებული აჭარა, ტაო, კლარჯეთი და ლაზეთი დანარჩენ საქართველოს შეურთდა.

თუმცა, რუსეთის იმპერიის სასტიკი პოლიტიკისა და მხეცური სადამსჯელო ოპერაციების გამო მრავალი ადამინი ქობულეთსა და აჭარის სხვა ადგილებიდან მშობლიური სამოსახლოდან აიყარა და ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, “მუჰაჯირობის” დროს რუსული პოლიტიკის გამო მშობლიური მიწები 200 ათასიდან 400 ათასამდე ქართველმა მიატოვა. მრავალი მათგანი კი შიმშილისა და ეპიდემიების მსხვერპლი გახდა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100