სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია

რუსეთ-საქართველოს საზღვრის საერთაშორისო მონიტორინგი მნიშვნელოვანია - ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ საქართველოს ამ ეროვნული ინტერესის გამო წავიდა ხელისუფლება კომპრომისზე და დაეთანხმა ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას. ბოკერიას განცხადებით, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანება საქართველოს პარტნიორებისთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო.

უშიშროების საბჭოს მდივნის განმარტებით, შვეიცარიის შემოთავაზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული მონიტორინგის რეჟიმები უნდა ყოფილიყო, ოკუპირებულ რეგიონებში სხვა რეჟიმი იყო ჩადებული, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა. მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველგან ერთი, გამჭვირვალე რეჟიმი არსებობდეს.

ქართული მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარული მხარის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს დათანხმდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ განაცხადა, რომ ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა.

თორნიკე გორდაძის განმარტებით, მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება. მისივე თქმით, საქართველოს წვლილი შეაქვს ამ საერთაშორისო საკითხის გადაწყვეტაში და ახლა საბოლოო ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას.

ამასთან, რუსული მხარის ოფიციალური პოზიცია ჯერ უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100