სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კახეთში საცხოვრებლად გადასული მოყვარული მეღვინის წარმატების ისტორია

სოფელი ბაბანეური, ახმეტის რაიონი - ეს ადგილი ძველი დროიდან საუკეთესო ხარისხის ყურძნით იყო სახელგანთქმული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივები ვაზის მოვლას ვერ ახერხებდნენ , ვენახი თითქმის უკვე ტყედ იყო ქცეული. ვაზისა და მეურნეობის სიყვარულმა ვახო ოდოიძესა და მამამისს თბილისის დატოვება და ბაბანეურში ღვინის მეურნეობის დაწყება გადააწყვეტინა. 2005 წელს მოყვარულმა მეღვინეებმა ნავენახარი შეიძინეს და მარნის მშენებლობაც დაიწყეს. ტერაბანკის ბიზნესკლიენტი ვახო ოდოიძე დღეს უკვე საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

„კახეთში არის სოფელი ქვემო ალვანი. ღვინის პირველი წარმოება ამ სოფელში დავიწყეთ. შენობა შევისყიდეთ და ქვევრები ჩავალაგეთ. თუმცა, გარდა იმისა, რომ ზაფხულში ძალიან ცხელი ადგილია, ალაზნის პირია და წყლის სიახლოვის გამო სარდაფების გაკეთების პრობლემა შეგვექმნა.ჩვენნირი პატარა მარნებისთვის კი,მით უმეტეს, აუცილებელია, რომ ღვინის შესანახად კარგი პირობები ჰქონდეს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ წარმოება ბაბანეურში გადაგვეტანა. დავიწყეთ მარნის მშენებლობა 1500 კვ.მ.-ზე, ქვევრები გავამზადეთ და წელს პირველი მოსავალი უკვე ბაბანეურში ჩავწურეთ. გარდა ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობისა, კლიმატისა და პირობების თვალსაზრისით ადგილი მართლაც საუკეთესოა. შემიძლია მოვიყვანო კარგი ხარისხის ყურძენი, დავწურო, დავალაგო და დავაძველო.

სულ 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ: კახური მწვანე, საფერავი, რქაწითელი და ქისი, უნიკალური ქართული ჯიში, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. ჩვენი ღვინის მთავარი უპირატესობა ინდივიდუალური, სახასიათო და გამორჩეული გემოა. ეს ახასიათებთ პატარა მარნებს. აი, მაგალითად, ჩემი ვენახიდან სხვამ რომ წაიღოს და დაწუროს ყურძენი, მისი ღვინო სხვანაირი გამოვა - კარგი, თუმცა თავისებური, ინდივიდუალური გემო ექნება.

პირველი მოსავალი 2005 წელს მივიღეთ და მას შემდეგ კმაყოფილები ვართ ჩვენი შრომით. თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ოჯახიც იქ მყავს, მაგრამ ფაქტობრივად, კახეთში ვართ გადმოსულები. ყველაფერს მე და მამა ვაკეთებთ, თუმცა ფიზიკურად, ბუნებრივია, ვენახის მოვლას მარტონი ვერ გავწვდებით. სეზონზე 30-40 კაცი მაინც უნდა გამოვიყვანოთ ხოლმე თითო ოპერაციაზე. ჯერ-ჯერობით იმედიანად ვართ და სამომავლოდაც ამ საქმის კეთებას ვგეგმავთ. წინ ნელი ნაბიჯებით მივიწევთ. შემეძლო ხოლმე, რომ მეჩქარა, აქამდე ბევრი რამ გამეკეთებინა, მაგრამ არ მინდა, ხარისხი გავაფუჭო. თუკი ღვინო საუკეთესო არ არის, მირჩევნია საერთოდ არავის გავასინჯო, არათუ რეალიზაციაში გავუშვა. ჯერ მაინც ახალგზარდა ვენახი იყო და აქამდე არ მოგვეცა საშუალება, თუმცა წელს უკვე დავიწყეთ და ცოტა ხანში მთლიანად გადავალთ ბიომეღვინეობაზე. ეს ბიოლოგიურად სუფთა წარმოებას გულისხმობს - შხამ-ქიმიკატები, რომლითაც ვენახი იწამლება, ბიოლოგიურად სუფთაა და წამალს ვაზთან კონტაქტი არა აქვს. ბიომევენახეობაში რაოდენობას გაცილებით ნაკლებს იღებ, მაგრამ სამაგიეროდ, იმდენად ხარისხიანს, რომ ფასიც უფრო მაღალია და მოთხოვნაც.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ღვინის ტურიზმის განვითარება და ბაბანეურის უფრო ფართო მასებისთვის გაცნობა გვინდა. უკვე დაწყებულია სასტუმროს მშენებლობა, სტუმრის სათანადოდ მიღება და გამასპინძლება რომ შეიძლებოდეს. გავაცნობთ კახურ ტრადიციებს, თონეში პურის ჩაკვრას, ჩურჩხელის ამოვლებას ვასწავლით. აქ ამისთვის ყველა პირობა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ პროცესები შეფერხების გარეშე წარიმართება და გაზაფხულზე სასტუმროსაც გავხსნით.სახელად ,ალბათ ,ბაბანეური დარჩება, რადგან ეს ჩვენი ღვინის საფირმო სახელია. წლებია ,უკვე გამოფენებზე ბაბანეურის მარნის სახელით გავდივართ და ხალხიც გვიცნობს.

მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნი დახმარება გაგვიწია ტერაბანკის ბიზნესსესხმა. მართალია, სამუშაოების დასრულებას საკუთარი ფინანსური რესურსითაც შევძლებდით, მაგრამ დროში ძალიან გაგვეწელებოდა. მშენებლობა შარშან დეკემბერში დავიწყეთ და წელს გაზაფხულზე უკვე ვამთავრებთ, საკუთარი ფინანსებით კი, ორ წელს ან მეტს მოვუნდებოდით. შემოდგომამდე ბაბანეურში ქვევრები უნდა ჩამეყარა, რასაც საკუთარი ხარჯებით ვერ შევძლებდი. აი, აქ გამომადგა ტერაბანკის სესხი.

ჯერ-ჯერობით საქმე კარგად მიდის და ჩვენც იმედიანად ვართ. ადგილობრივი რეალიზაციის გარდა, სამომავლო გეგმები ექსპორტის გაზრდასაც უკავშირდება. შარშან ჰოლანდიაში გამქონდა ღვინო, მაგრამ მცირე რაოდენობით, წელს კი მოლაპარაკებები საფრანგეთთანაც მაქვს და ვფიქრობ ძალიან, წარმატებულად. გაზაფხულიდან სასტუმროც დაიწყებს ფუნქციონირებას და ბაბანეურის მარანი ღვინის ტურიზმის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100