ვინ ამოიცნო დიმა ჯაიანმა უნიღბოდ და რამდენს ახსოვს დიმა ჯაიანი ნიღაბში...
დღეს კინოს სახლში ვახტანგ კომახიძის ცნობილი ანტიქართული ფილმის – „ესაც ჩვენი მოგებული ომი!..“ პრემიერა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ჩვენებას, ძირითადად, ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, ერთმა ნაწილმა აშკარად ანტიქართული ფილმის ბოლომდე ნახვა ვერ შეძლო და პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ფილმის დასრულების შემდეგ ტაში დაუკრეს და თვალებზე მომდგარ ცრემლსაც იწმენდნენ.
ზოგიერთმა გაპოლიტიკოსებულმა მსახიობმა და რეჟისორმა კი ფილმს „სიტყვაც შეაწია“. მაგალითად, დიმა ჯაიანმა სენსაციური და ყოვლად დაუჯერებელი განცხადება გააკეთა: „ფილმის იმ ეპიზოდში, სადაც ოსი „ბოევიკები“ ტყვე ქართველ ჯარისკაცებს ქართულ დროშაზე აცეკვებენ, ის ჯარისკაცები ამოვიცანი, რომლებიც 26 მაისს გვარბევდნენ. ეს მართალი ფილმია“, – თქვა მან.
დიმა ჯაიანის განცხადებამ იქ მყოფ მაყურებელშიც კი პროტესტი გამოიწვია. რამდენიმე მოქალაქე, რომელმაც დარბაზი დიმა ჯაიანის განცხადების გამო დატოვა, აღშფოთებას ვერ მალავდა: „ეს ის დიმა ჯაიანი არ არის, სამოქალაქო ომის დროს რუსთაველზე რომ ავტომატით ხელში, ნიღაბაფარებული დარბოდა? ეს ის დიმა ჯაიანი არ არის, რომელმაც სოხუმი პირველმა დატოვა? ეგ კიდევ ვიზე ლაპარაკობს, ეგ...“ – ბრაზობდა 60 წელს მიტანებული მამაკაცი.
„ეს რა ანტიქართული ფილმი ვნახე და რა საშინელი განცხადება მოვისმინე დიმა ჯაიანაისგან, რომელსაც დღემდე უდიდეს პატივს ვცემდი... ჩემს თვალში მან ფასი დაკარგა. ასე ლაპარაკი შეიძლება?“ – გაკვირვებული კითხულობდა შუახნის ქალბატონი, მის გვერდით მდგომმა ქალმა კი დაამატა: „ამოვიცანიო, რომ იძახის, ის თუ იცის, თვითონ დიმა ჯაიანი რამდენმა ამოიცნო, მხედრიონელებთან ერთად რომ დარბოდა?..“
ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიის ხელისუფლებას შარშან სთხოვა, მიზეზად კი მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დევნა დაასახელა. ვახტანგ კომახიძის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტია, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, ბოლომდე მიიყვანოს დოკუმენტური ფილმის გადაღება და მეტიც, ამ ფილმზე მუშაობის გამო სდევნიან კიდეც. შვეიცარიამ კომახიძის თხოვნა დააკმაყოფილა. ის ამჟამად ოჯახთან ერთად სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს.
ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ შვეიცარიაში გამგზავრებამდე ვახტანგ კომახიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და 2008 წლის საქართველო–რუსეთის ომზე საკუთარი ფილმისთვის მასალები იქაც გადაიღო. შვეიცარიაში ვახტანგ კომახიძემ საბოლოოდ დაასრულა ფილმზე მუშაობა და მას „ესეც ჩვენი მოგებული ომი!“ დაარქვა.
რასაკვირველია, 45–წუთიანი „დოკუმენტური“ ფილმის მსვლელობაში ვერსად შეხვდებით ფრაზას: „საქართველო–რუსეთის ომი“. იქ ამ ომს, უბრალოდ, „ქართული აგრესია“ ჰქვია, – ანუ, ზუსტად ისე, როგორც ამას 2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსული საინფორმაციო საშუალებები უწოდებდნენ.
ფილმში საქართველო აგრესორად, ქართველი ჯარისკაცები კი პირსისხლიან ჯალათებად არიან გამოყვანილნი, რომლებიც თავს დაესხნენ მძინარე ქალაქ ცხინვალს და იქ მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები სარდაფში უმოწყალოდ ამოხოცეს.
ფილმი ამ სულისკვეთების რომ არ ყოფილიყო, რასაკვირველია, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლები კომახიძეს ცხინვალში არ მიიპატიჟებდნენ და არც გადაღების უფლებას მისცემდნენ: ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველასათვის ცნობილია, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ კოკოითის ხელისუფლებას, რუსეთის სამხედრო მანქანის წარმომადგენლებს იმ რუსი თუ უცხოელი ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც 2008 წლის ომზე ობიექტური ფილმების გადაღება გადაწყვიტეს.
სხვათა შორის, ვახტანგ კომახიძეს თავისი ფილმი რუსეთის სხვადასხვა ტელევიზიაშიც ჰქონდა გაგზავნილი, თუმცა, მისი ეთერში გაშვებისგან იქაც კი თავი შეიკავეს. რასაკვირველია, მიზეზი ის არ ყოფილა, რომ ფილმი ანტიქართული შინაარსის იყო. უბრალოდ, რუსულმა სოლიდურმა ტელეკომპანიებმა ჩათვალეს, რომ მაყურებელს ფილმი იმაზე მეტს ვერაფერს ეტყოდა, რასაც თავიანთი, ქართველებისადმი სიძულვილით გაჟღენთილი სიუჟეტები ეუბნებოდნენ 2008 წლის აგვისტოში...
კომენტარი