სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანონი რელიგიური კონფესიების შესახებ, ანუ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა

საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი ვრცელდება ევროკავშირის მიერ დამტკიცებული და აღიარებული მიდგომებით რელიგიური კონფესიების მიმართ და ის გულისხმობს მათთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას. გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ეს ეხება სომხების გარდა სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებსაც. ახლა იეზიდის ზოროასტრული კონფესია და სომხური გრეგორიანული, ბაპტისტური თუ ლუთერანული კირხე, მაჰმადიანური შიიტური და სუნის კონფესიები - ყველა ზემოთჩამოთვლილი და სხვა კონფესიებიც იურიდიულ პირად არიან ცნობილნი და კანონი არეგულირებს მათ საქმიანობას.

საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოს მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს. ეს კონკორდატი სახელმწიფობრიობის წინაშე უდიდესი პრივილეგია და, ამავდროულად, პასუხისმგებლობაცაა - როგორც ხელისუფლების, ასევე ეკლესიის მხრიდანაც.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცოცხალი ადამიანისათვის სამშობლო ბუნების ძალით, უფლის ნებით მონიჭებული გარდაუვალობაა, სახელმწიფოებრიოობა კი ადამიანთა ეროვნული არსებობის უზენასი ფორმაა. ის უფლის უზენაესი მისია და პატივია ერისთვის, რომელსაც სახელმწიფოებრიობა ენიჭება.

კონკრეტულ, ქართულ შემთხვევაში საზოგადოებრივ განხილვაზე საკანონმდებლო ინიციატივის გატანისა და პარლამენტისათვის ამ კანონის "სახალხო განხილვაზე დელეგირების“ მოთხოვნით ეკლესიამ მოინდომა კანონშემოქმედებაში შეჭრა და საპარლამენტო უფლებების დაკნინება. ეკლესიამ, ნებით თუ უნებურად, ამით კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა "სახალხო განხილვები".

არადა, არსებობს საკითხები, სადაც ხალხი ერთიანია და ის სახალხო განხილვას არ საჭიროებს, თუმცა, ეკლესია არ ჩქარობს ყურად იღოს „ხმა ერისა“. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ რუსების მხრიდან ოკუპაციას ქართული ეკლესია, ნმართალია, არ მიესალმება, მაგრამ განსაკუთრებული ლმობიერებით უყრუებს ყურს და თვალსაც უხუჭავს.

ამავე დროს, საპატრიარქოში უამრავი წერილი და უამრავი ხელმოწერაა გაგზავნილი, აფხაზეთში წამებით მოკლულ მღვდელთა და ბერთა წმინდანად აღიარების მოთხოვნით, მაგრამ საპატრიარქო ამას, სავარაუდოდ, ისევ რუსების "ხათრით" ერიდება.

კამანის ეკლესიაში ტანჯული მამა ანდრიას და მორჩილი აფხაზი ანუას ცხოვრება და წამებით აღსრულება არ განსხვავდება სარწმუნოებისათვის ნებისმიერი წამებულისაგან და მათი მოწამეობრივი სიკვდილისთვის სათანადო პატივის არმიგება, თუნდაც მამა ანდრიას წმინდანად არაღიარებაში გამოხატული, მხოლოდ კრიტიკას იწვევს ეკლესიის მეთაურთა მიმართ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც ასევე მიმართავენ მოქალაქეები, იშუამდგომლოს ეკლესიასთან, რასაკვირველია, არ მოუწოდებს ეკლესიას, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის რიტუალი, რომლის შესრულება-არშესრულება მხოლოდ ეკლესიის პრეროგატივაა.

საპატრიარქომ რუსი გებისტების მიერ კოდორში ქართველი მღვდელ-მონაზვნების დევნაზე ხმა არ აიმაღლა და არც აფხაზეთში, ბიჭვინთის მონასტერში მოთარეშე სქიზმატიკოსი რუსი "ბერები" შეაჩვენა. სხვათა შორის, არც ცხინვალელი სექტანტებისა და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსის ქმედება გაუკიცხავს.

უფლის ნებით, ღვისმშობლის წილხვედრი საქართველო, სახელმწიფოდ აღზევდა და ეს იმას ნიშნავს, რომ მას უნდა ემსახურებოდეს ერიც და ბერიც.

ჩვენ ვერ ვივლით ჩამორჩენილთა გზით და ვერც ჩამორჩენილობით გავცემთ პასუხს სამართლებრივად ჩამორჩენილ მეზობლებს.

სამართალმა უნდა შეძლოს ყველა ლეგალურად აღიარებული კონფესიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა.

თუკი ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპასა და ამერიკა-კანადაში, სხვა განვითარებულ ქვეყნებში ჩამოგვერთვას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი, რითაც ჩვენი ეკლესია კანონით არის მფლობელი მრავალი საზღვარგარეთული ეკლესიის, მაშინ უნდა მიგვეცა კიდეც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი იუდეველთა კონფესიის წარმომადგენლების, გრეგორიანულის და მაჰმადის სჯულის, ზოროასტრული, ბუდას სჯულთა მაღიარებლებისთვისაც.

თუ გვინდა, რომ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არსებობდეს, მაშინ სახელმწიფობრიობაზე წინ არაფერი არ უნდა იდგას

თუ სახელმწიფოზე, სახელმწიფოებრიობაზე მაღლა დგომას ეკლესია მოინდომებს, მაშინ ის უზენაესის ნების ამღსრულებლის უფლება-მოვალეობასაც აკნინებს.

ძალიან გთხოვთ მიიღოთ რეალობა - ახლა ჩვენ გვაქვს სახელმწიფო და კონსტიტუციით, კონკორდატული ხელშეკრულებით - სახელმწიფობრიობის მცველი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

ძლიერ სახელმწიფოში არ დაგვეკარგება არც ავტოკეფალია, როგორც ერთ დროს მოხდა, არც უცხოეთში მდებარე ქართული ტაძრები გახდება სხვათა სათარეშოდ თუ იავარქმნილ ადგილებად და არც საკუთარ ქვეკანაში წაგვიშლიან ქრისტეს სახელით მოსული ფარისეველნი ქართულ ფრესკებს, არც ოდესმე გადაყრიან მტკვარში რუსი სათანაილი ეგზარხოსების ბრძანებით ქართული დამწერლობის უამრავ ნიმუშს და არც თავად ქართულ მონასტრებს დაგვინგრევენ ნამესტნიკებისა თუ ჩეკას ჯალათების ბრძანებით.

ქართულმა სახელმწიფობრიობამ განადიდა და ააყვავა ქართული ეკლესია. საზღვარგარეთ ქართული სავანეების დაარსება, აშენება, მოვლა-პატრონობა ქართული სახელმწიფობრიობის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. ჩვენი თურქეთში, იერუსალიმში, ათონის წმინდა ადგილას, ეგვიპტეში ძველი ქართული ეკლესია-მონასტრების, სავანეების აღსადგენად, ამერიკა-კანადაში, ევროკავშირის ქვეყნებში კი ახალი ეკლესია-მონასტრებისა და სავანეების ასაშენებლად, უფლის სახელის სადიდებლად "ქართულითა ენითა ჟამნის საწირველად" - თუ გვსურს ეს ძველი დიდების აღდგენა, მაშინ უნდა ავმაღლდეთ სამართლებრივად . ჩვენ უნდა მივბაძოთ დემოკრატიულ ევროკავშირს და არა სამართლებრივად და რელიგიური შემწყნარებლობის დონით ჩამორჩენილ რუსეთს...

სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული სამშობლო უკეთესი დამცველია და უდიდესი წყალობაა ერისათვის, ვიდრე უბრალოდ, სამშობლო ანუ ის ადგილი, სადაც დაიბადე...

იქ, სადაც არაა ქართული სახელმწიფობრიობა, ქართული ეკლესია ან არ არსებობს და დევნილია, ან უსუსურ, დაჩაგრულ უჯრედადაა წარმოდგენილი. ერის ყველაზე მაღალი განვითარების ფორმა სწორედ სახელმწიფოა და ეკლესიის ყველაზე ძლიერი და ეფექტური დამცველიც სწორედ სახელმწიფო გახლავთ. ამიტომაც, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ეს კანონი არათუ ხელს შეუშლის, პირიქით - უფრო ეფექტურადაც დაიცავს ეკლესიას, მიაგებს რა კეისარს კეისრისას და ღმერთს ღვთისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100