სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოველები იმიტომ არიან გაჩენილნი, რომ ადამიანებმა დახოცონ?

მილან კუნდერა – ადამიანები და ცხოველები

ეხ მწერალს თავისი მოსაზრებები გააჩნდა იმის შესახებ თუ რა დამოკიდებულება უნდა იყოს სინამდვილეში ადამიანებსა და ცხოველებს შორის და დღეს არსებულ იერარქიას (როცა ადამიანს რელიგიურადაც კი „მინიჭებული აქვს“ უფლება, ცხოველები სურვილისამებრ დაკლას და „მოიხმაროს“) არასწორად მიიჩნევს.

ამ საკითხთან დაკავშირებულ საკუთარ შეხედულებებს კუნდერა „ყოფის აუტანელ სიმსუბუქეში“ შემდეგნაირად გადმოსცემს:
„’შესაქმის’ დასაწყისშივე წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რათა ფრინველებზე, თევზებსა და ცხოველებზე ბატონობა მიენიჭებინა მისთვის. მაგრამ ‘შესაქმე’ ადამიანმა დაწერა და არა ცხენმა. სრულებითაც არ არის უეჭველი ფაქტი, რომ ღმერთმა მართლა უბოძა ადამიანს სხვა არსებებზე ბატონობა. უფრო საფიქრებელია, რომ ადამიანმა ღმერთი გამოიგონა, რათა ძროხასა და ცხენზე მოპოვებული ძალაუფლება წმინდა საქმედ გამოეცხადებინა. მართლაც, ირმისა და ძროხის მოკვლის უფლება ერთადერთია, რაზეც ყველაზე სისხლისმღვრელი ომების დროსაც კი მთელი კაცობრიობა მშვიდობიანად ეთანხმება ერთმანეთს.

და ეს უფლება ბუნებრივად გვეჩვენება, რადგან იერარქიის სათავეში ჩვენ ვართ. მაგრამ საკმარისია, თამაშში ვინმე სხვა ჩაერთოს, ვთქვათ, უცხოპლანეტელი, რომლის ღმერთმაც თქვა: ‘იბატონებ ყველა სხვა პლანეტის არსებაზე’ და ‘შესაქმის’ უდავობა მაშინვე სათუო გახდება. მაშინ მარსელის საზიდარში შებმული ან ირმის ნახტომის ბინადართა მიერ შამფურზე შემწვარი ადამიანი ალბათ გაიხსენებს ხბოს ბიფშტექსს, რომელსაც, ჩვეულებრივ, თეფშზე წვრილ ნაჭრებად ჭრიდა და მოუბოდიშებს ძროხას (თუმცა დაგვიანებით!).

…ადამიანი ისეთივე პარაზიტია ძროხისა, როგორც სოლიტერი ადამიანისა: წურბელასავითაა მიკრული ძროხის ჯიქანს. ადამიანი ძროხის პარაზიტია – ასე განსაზღრავდა, ალბათ, ადამიანს თავის ზოოლოგიის სახელმძღვანელოში არაადამიანი.

…’შესაქმეში’ ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანს ცხოველებზე ბატონობა უბოძა, მაგრამ ეს შეიძლება ისეც გავიგოთ, რომ ღმერთმა ადამიანს მათზე მზრუნველობა მიანდო. ადამიანი პლანეტის მესაკუთრე კი არა, მხოლოდ მმართველი იყო, რომელსაც თავისი მმართველობისთვის ერთხელაც პასუხისგება მოუწევს.

…და, რაც მთავარია, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, მეორეს იდილია აჩუქოს. ეს მხოლოდ ცხოველს შეუძლია, რადგან ცხოველი არ გაუგდიათ სამოთხიდან. ადამიანსა და ცხოველს შორის სიყვარული იდილიურია. ამ სიყვარულში არ არის კონფლიქტი, სულის შემძვრელი სცენები, მასში არ არის განვითარება.“

აი, რას ფიქრობს კუნდერა ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ის სულაც არ ეთანხმება რენე დეკარტის, რომელმაც ცხოველებს “machina animata” (გაცოცხლებული მანქანა), ანუ უსულო არსებები უწოდა, რომლებიც ვერაფერს გრძნობენ და იმისთვის არიან გაჩენილნი, რომ ადამიანებმა დახოცონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100