ქართული რეალობა და კულტურა ანუ რას ვერ შეცვლის ასოცირების ხელშეკრულება
ჟურნალისტი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს ყველანი ალჟირელები რომ ვიყავით" და ასე გულმხურვალედ ვაჩვენეთ საკუთარი "პატრიოტიზმი", გაჭირვებით, მაგრამ მაინც გავიარე ეგ დღე, მაგრამ ასოცირებულები, მაშასადამე "ევროპელები" რომ ვართ, მისი შინაარსით, აი ეს უკვე მეტისმეტია
ჩემო საყვარელო კავკასიელებო. ჩვენ ხვალ ისევ დღის ათ საათზე წავალთ სამსახურებში და თან ისევ დავიწუწუნებთ, რომ ძალიან გვიჭირს ასე ადრე ადგომა. ნაწილი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდომას ისევ "არ ვიკადრებთ" და დედისთვის გამორთმეული 5 ლარით, ტაქსით წავალთ. მეორე ნაწილი კი, ჩავსხდებით გაზზე გადაყვანილ რენჯ-როვერებში და იმითი გავეშურებით. ათზე დაწყებულ სამსახურში ისევ დავიგვიანებთ, რადგან სახლიდან 11-ის 10 წუთზე გავალთ. გზაში უკვე საცობი იქნება, რადგან ამდენ იქს5-ს ისევ ვერ დაიტევს ეს პატარა და თან ვიწრო ქალაქი. ასოცირების ხელშეკრულება ვერც საცობში დგომის კულტურას გვასწავლის. ისევ არ დავიცავთ ხაზს, ისევ დავუსიგნალებთ წინა მანქანას, მიუხედვად იმისა, რომ მის წინ კიდევ ასი მანქანა იქნება ჩახერგილი და "პატრონს" ვაგინებთ ყველა დანარჩენს, რომელიც ისეთივე უკულტურო ღორი იქნება საცობში, როგორებიც ჩვენ თვითონ ვართ.
სამსახურიდან ისევ 20 წუთით ადრე "გამოვძვრებით", დაქალის დაბადების დღეზე გვაგვიანდება და სალონში რომ ვართ ჩაწერილები, მაგიტომ. ვინც ვერ "გაძვრება", უფროსი ამუშავებს დამატებით 4 საათს, თუმცა დამატებითი საათებისთვის ანაზღაურების დამატებას, გულშიც არ გაივლებს. ისევ გადააფურთხებენ შუა ქუჩაში, გოგოსთან ხელჩაკიდებული ყმაწვილები და გოგოები ისევ "ჩვეულებრივ ფაქტად" მივიღებთ ამას. ისევ გადავყრით ბიჩოკებს და კაფე-რესტორნები ისევ მხოლოდ მწეველებზე იქნება გათვლილი. 30 წლის ბიჭები, დაბადების დღეს ისევ დედიკოების სახლში გადაიხდიან და მათი დედები იტყვიან, დღეს ჩემი "ბავშვი" 30-ის გახდაო. 35 წლის "გოგონებს" კი ისევ 11 საათზე დაურეკავენ მამები და ეტყვიან, რომ დროზე (!) მივიდნენ სახლში.
სკვერები ისევ სიბინძურის ბუდე იქნება, ლოჯიები ისევ მიშენებული. შარდენზე ისევ ამრეზით გამოგვხედავენ "ქუსლებიანი" გოგონები და მათი გამოპიჟონებული ბიჭები, თუ ჩვენ კედებით და ჯინსებით მივალთ და ისევ ვერ გავაგებინებთ, რომ ფინჯანი ჩაის დალევა კაფეში, სულაც არ გვავალდებულებს შევდგეთ ტრამპ-თაუერის სიმაღლის შპილკებზე!
სტადიონზე ისევ ბოლო ხმაზე ვაგინებთ საკუთარ ეროვნულ ნაკრებს და პატრიოტიზმის გაგება ისევ ირინა შეიკის ფოტოზე დაკომენტარება და "დღეს ჩვენ ყველანი ალჟირელები ვართ" იქნება. განსხვავებული აზრის გამო ისევ ჩავქოლავთ. ფეისბუქზე კამათს ისევ ვერ ვისწავლით და ერთმანეთს ისევ დავუწერთ "შე ნაბოზ**ო", "შე ყ**ო", "შენი დდშვც"-ის. ნინა წკრიალაშვილთან ისევ გადავალთ და ფოტოზე დავუწერთ რომ "ძაან მახინჯია". ნაციონალებს ისევ ქვებს ვესვრით ქუჩაში და ისევ გავუტეხავთ თავებს, მერე კი ვიტყვით, "არა, ძალადობას ვგმობ, მაგრამ.." ვაკეში "რა პონტში" მოძრაობთო, ისევ ჰკითხავს ვიღაცეებს ერთი "ვეს ტაკაია იმპაზანტნაია" მანჩო.
26 წლის გოგონებს ისევ ვკითხავთ, თანაც წარსულ დროში, თუ რატომ ვერ გათხოვდნენ და 28 წლის ბიჭები, ისევ მშობლების სახლში აცხოვრებენ მეუღლეებს, ძმაკაცისგან ნასესხები ფულებით. გოგოსთვის ყვავილების მირთმევა ისევ გოიმობა იქნება და ცოლ-შვილიანი ტიპი ძმაკაცს "ნაშებში გაყოლაზე" უარს თუ ეტყვის, ეგეც. ჰო, სითი პარკის გაუქმება "გულის სიღრმეში" ისევ იმ მოტივით გვენდომება, საკუთარი გაზზე გადაყვანილი ჯიპების ტროტუარზე გაჩერებაში, ხელი რომ არავინ შეგვიშალოს. თუმცა, ხმამაღლა სხვა მოტივს ვიტყვით ბუნებრივია. "ხალხს აყაჩეღებენ ტოო", ან რამე მაგდაგვარს.
ხეებს ისევ გავჩეხავთ და ავაშენეთ მახინჯ კორპუსებს. ვაკის პარკში ისევ "საქეიფოდ" ვივლით და ბერას სითეთრეზე ისევ ვიქირქილებთ. პრეზიდენტებს ისევ 97 პროცენტით ავირჩევთ და საყვარელი ფრაზა ისევ "რუსეთს რაა, დედის ტ**ნა" იქნება, თანაც ბოლო ხმაზე. ანუ ყველაზე მაგარი პატრიოტი იქნება ის, ვისაც ყველაზე მაგარი ხმის იოგები აქვს. ევროპაში სამოგზაუროდ ისევ მხოლოდ 5 პროცენტი ივლის, იმიტომ, რომ დანარჩენი 95 სიღარიბეში ვიხრჩობით. ჩვენი ინტელექტი კი ისევ იმ დონეზე იქნება, რომ "ამერიკაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს, იცი რამდენი ფულით აქვთ? სახელმწიფო იმდენს უხდის, რომ აი, მართლა ძალიან მაგრად ცხოვრობენო!"
ძაღლებს ისევ ქუჩაში მოვასაქმენინებთ და მოსაქმებულს ისევ იქვე დავტოვებთ. საჯარო პირი კი, ისევ არ დაისჯება თუ იტყვის, რომ კატებს ვერ იტანს და ამიტომ ხოცავს მათ. კაცის ღალატი ისევ მისაღები იქნება "კაცია და გაიარა, რა მოხდას" პრინციპით და ქუჩაში სიარულისას, ვინმე თუ დაგვეჯახება, ისევ იქეთ უნდა მოვუხადოთ ბოდიში. ჰო, ტროტუარზე მიმავალი მანქანებიდან, ისევ გვაგინებენ ფეხით მოსიარულეებს, მოვდივარ და გაიწიე შენი დედაცო!
მოკლედ, ჩემო ასოცირებულებო. რაც არ უნდა ევროკავშირის დროშები დავიყენოთ ავატარებად, რა ღორებიც ვიყავით გუშინ, ის ღორები ვიქნებით ხვალაც. პატივისცემით, საკუთარი ქვეყანასავით პროვინვიელი, მასავით სნობი და 26 წლის ასაკშიც მშობლის კმაყოფაზე მცხოვრები თამარ კვარაცხელია.
კომენტარი