როგორ გამოიყურება სოხუმი 2008 წლის ომზე გადაღებული რუსული ფილმის შემდეგ
რუსეთისა და რუსულისადმი მზარდი აგრესია უკვე აფხაზურ ინტერნეტსივრცეშიც იგრძნობა. რა თქმა უნდა, ეს აფხაზური სივრცე მთლიანად ათქვეფილია რუსულში, მაგრამ აფხაზი ბლოგერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ ბლოგტექსტებს და ფოტოებს, სადაც უკმაყოფილება აშკარადაა გამოთქმული.
ერთ ერთმა ასეთმა ნლოგერმა ბოლო ფოტოებში ის სოხუმი დახატა, რომელიც რუსებმა დატოვეს, 2008 წლის ომზე გადაღებული ფილმის შემდეგ.
სხვათა შორის, აფხაზი ბლოგერი იმის გამოც გამოთქვამს გაოცებას, რომ რუსებმა ყველა ფილმი 2008 წლის ომზე სწორედ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმში გადაიღეს და არა სამხრეთ ოსეთში. სწორედ სოხუმში მიმდინარეობდა ყბადაღებული „ოლიმპუს ინფერნოს“ გადაღებაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, რუსებს ჩაუვარდათ.
ამ კონკრეტულ ფოტოებზე გამოსახული სიტუაცია კი 2008 წლის შესახებ კიდევ ერთი რუსული ფილმის გადაღებას უკავშირდება, რომელიც სოხუმში ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ბლოგერი ჩივის, გადაღების ადგილას, ძველი მინისტრთა საბჭოს შენობასთან, რუსმა კინოხელოვანებმა რეკვიზიტები დატოვეს. „დაგვპირდნენ, მალე წავიღებთო, მაგრამ არ მიაქვთ. არადა, მოსახლეობა ამ ყველაფერს რომ ხედავს, წარსული ახსენდება, ეს კი ცუდია“, – წერს აფხაზი ბლოგერი. სოხუმზე საუბრის დროს ის ძველი ავტოსადგურის მასალებსაც აქვეყნებს შესავალით: „სოხუმის ძველი, ტკბილი ვაგზალი: ასეთია ის ახლა – სრულიად მიტოვებული, კაცისგანაც და ღმერთისგანაც მივიწყებული, სადაც დანგრეული და გავერანებული შენობებია და გვერდით კი – „მარშრუტკების“ გაჩერება.“
კომენტარი