რომ არა რუსეთის ფედერაცია ადამიანები უფრო ტკბილად იცხოვრებდნენ
დღეს რუსეთის იმპერიას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. რუსეთს დაპყრობილი აქვს ადიღე, ყარაჩაი-ბალყარეთი, ნამდვილი ოსეთი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი და ა. შ. რუს იმპერიალისტებს უნდათ ძველი კოლონიების, ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების კვლავ დაპყრობა-დაბრუნება. ამისთვის არც კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას ერიდებიან. XIX საუკუნეში მოაწყვეს ადიღე-ჩერქეზების, ჩეჩნებისა და დაღესტნელები გენოციდი, ხოლო XX საუკუნეში ჩეჩნებისა და ქართველებისაც, რამეთუ აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლში მათი ქმედება მხოლოდ ეთნიკური წმენდა, გასახლება არ ყოფილა, ეს იყო ეთნიკური წმენდა ადამიანთა დიდი მასის, ქართველების განადგურებით. საუკუნეების მანძილზე მათი საქციელი, არაობიექტურად მოტივირებული იყო რუსულ იდეოლოგიაში არსებული აბსურდული აზრით. რუსული იდეოლოგია საუკუნეების მანძილზე ჯიუტად იმეორებდა, რომ რუსეთი არის მესამე რომი. რუსული იდეოლოგია დღესაც ამას ამტკიცებს. რუსეთის ფედერაციამ (ნეო-იმპერიამ) თავის გერბად აირჩია რუსეთის იმპერიის გერბი, ორთავიანი არწივი. ოდესღაც ორთავიანი არწივი გახლდათ ბიზანტიის იმპერიის გერბი. ბიზანტია იყო აღმოსავლეთ რომის იმპერია – “მეორე რომი”. ორთავიანი არწივის გერბად არჩევით რუსმა ცარებმა (ახლა კი ვლადიმერ პუტინმა) გამოაცხადეს პრეტენზია რომის მემკვიდრეობაზე ანუ მსოფლიო ბატონობაზე. მსგავსი პრეტენზია ჩანს “გერმანელი ერის წმიდა რომის იმპერიის” დაარსებაშიც. პრინციპში, გერმანელებს უფრო დაბეჯითებით შეეძლოთ ეწოდებინათ თავისი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისთვის მესამე რომი, პირველი რომი ხომ 476 წელს მათმა ბელადმა ოდოაკრმა დაამხო. თუმცა, რუსეთი მართლაც იყო (და არის) დიდი იმპერია. აგრეთვე საინტერესოა რუსეთის იმპერატორების გვარი – Романов, შეიძლება ის აიხსნას როგორც "ახალი რომი" (Рома – რომის სახელწოდებაა, нов – новый – ახალი). მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს – პეტრე I-ის მერე რომანოვთა გვარი რეალურად შეწყდა, ვინაიდან ის მდედრობითი ხაზით გაგრძელდა. ფაქტობრივად რომანოვთა დინასტია შეიცვალა. რუსული ლეგიტიმიზმის მიხედვით გვარის გაგრძელება შეიძლება ქალის ხაზით, მაგრამ, რეალურად ასე არ არის. ეს შეიძლება მხოლოდ თანამედროვე ლიბერალური კანონებით. არც ერთ ტრადიციონალისტურ ქვეყანაში დინასტიის გვარი არ გრძელდება ქალით. არც ევროპულში იყო ასე. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას. ქალაქ რომის დაარსებასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს. პლუტარქეს მიხედვით რომული და რემი, რეა სილვას ვაჟები, იყვნენ ტყუპები სამეფო ოჯახიდან (Plut., Romulus, I, II, III,). მათ თავიანთ ბიძას წაართვეს სამეფო, დაანგრიეს ქალაქი ალბა-ლონგა და დააარსეს ახალი ქალაქი რომი. ქალაქისათვის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით ამტყდარ დავის დროს, რომულმა მოჰკლა რემი და ქალაქს დაარქვა საკუთარი სახელი – Roma" (ვ. ს. სერგეევი, "ძველი რომის ისტორიის ნარკვევები", 1940, გვ. 33. ქართულ ენაზე). პლუტარქე სხვა ლეგენდებსაც გადმოგვცემს, მაგრამ საფუძვლიანად რომის ისტორიის დაკავშირება რომულთან მიაჩნია (იქვე, გვ. 32). მაშასადამე, რომის დამაარსებელი და პირველი ხელმწიფე იყო რომულუსი. გავიდა 1230 წელი, გერმანელთა ბელადმა ოდოაკრმა ახ. წ. აღრიცხვის 476 წლის 28 აგვისტოს რომის იმპერატორის ტახტიდან გადმოაგდო რომის უკანასკნელი იმპერატორი – რომულუს ავგუსტულუსი. ახ. წ. აღრიცხვის 330 წლის 11 მაისს რომის იმპერატორმა კონსტანტინემ დიდი ზარ-ზეიმით აკურთხა ახალი მსოფლიო "ცენტრი", "ახალი რომი" – ქალაქი კონსტანტინოპოლი. 1123 წლის მერე, 1453 წლის 23 მაისს დაეცა ქალაქი კონსტანტინოპოლი. უკანასკნელ იმპერატორს ერქვა კონსტანტინე XI. იგი ქალაქის დაცვისას დაიღუპა. შევამჩნიეთ, რომ ამაში არის რაღაც საკრალური კანონზომიერება – პირველი რომი დაარსა რომულმა, ბოლო იმპერატორს ერქვა რომული, მეორე რომი დაარსა კონსტანტინემ, ბოლო იმპერატორს ერქვა კონსტანტინე. ორივე რომის იმპერიამ იარსება ათას წელზე მეტი. ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იდეა ათასწლოვანი მეფობისა. რუსეთის იმპერიის ისტორია მსგავს საკრალურ ვითარებებს არ იცნობს. მოსკოვი არ არის მესამე რომი, ის თითქმის არც კი იყო რუსეთის იმპერიის დედაქალაქი. ქალაქი მოსკოვი არ დაუარსებია იმპერიის დამაარსებელს. რაც შეეხება სხვა ვითარებას. რუსეთი პირველი იმპერატორი იყო პეტრე. მან მდინარე ნევას ნაპირებზე დააარსა ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, რაც ნიშნავს წმიდა პეტრეს ქალაქს. წმიდა პეტრეს ქალაქად ითვლებოდა რომი, ვინაიდან რომში მოღვაწეობდა მოციქული პეტრე. ამით პეტრე I-მა და რუსულმა იდეოლოგიამ ყველას განუცხადა, რომ რუსეთს პრეტენზია ჰქონდა რომის გეოპოლიტიკურ და სულიერ მემკვიდრეობაზე. თუმცა, პეტრე I-ის მიერ ქალაქისათვის წმინდა პეტრეს სახელის დარქმევა არის მფარველი, სეხნია წმინდანის სახელის დარქმევა საკუთარი ქალაქისათვის და შესაძლოა რომის იმპერიის იდეოლოგიის მიმსგავსებაც. მაგრამ, ეს არ არის ისეთივე ბუნებრივი მოვლენა, როგორც რომულისა და კონსტანტინეს ვითარებაში. მათ საკუთარი სახელები დაარქვეს თავიანთ დაარსებულ ქალაქებს. ამასთან, როგორც ვიცით, პეტრე პირველმა პატრიარქობა გააუქმა რუსეთში. ეს კი ნამდვილად არ იყო ურყევ კლდეზე წმინდა ეკლესიის დაშენება. რომისა და კონსტანტინოპოლის სახელმწიფოების არსებობის დროს ეს ქვეყნები იყო უდიდესი ძალმოსილებისა (დაარსებისას და ზენიტის დროს მაინც), ასევე ამ ქვეყნებში ჰყვაოდა კულტურა, სამართალი, განსხვავებით რუსეთისგან. რომიც და კონსტანტინოპოლიც უდიდესი ცივილიზაციის ცენტრები იყო, რასაც ვერ ვიტყვით პეტერბურგზე (და მოსკოვზე). პეტერბურგის ხელმწიფენი და მმართველი ელიტა ყოველთვის ცდილობდა მიებაძა სხვებისთვის, ევროპისათვის. არც რომისა და არც კონსტანტინოპოლის იმპერატორები და ელიტა ასე არ იქცეოდნენ, პირიქით თვითონ აძლევდნენ (ან ცდილობდნენ მიეცათ) ტონი ყველაფრისათვის. ამასთან, პეტერბურგი მხოლოდ 1722 წლიდან 1917 წლამდე იყო იმპერიის დედაქალაქი. 1917 წლიდან ბოროტების იმპერიას ქალაქ მოსკოვიდან მართავენ. ხოლო ნამდვილმა რომმა და მეორე რომმა – კონსტანტინოპოლმა ათასი წელი შეასრულეს დედაქალაქის როლი. რაც მთავარია, მეორე რომი პირველი რომის საქმის გამგრძელებელი, მემკვიდრე გახდა იმავდროულად, რომის, შეიძლება ითქვას, დაცემამდეც კი. ხოლო 1453 წელს, როცა მეორე რომი, კონსტანტინოპოლი დაეცა საბოლოოდ. რუსეთი, მით უმეტეს, მოსკოვი ვერაფრისდიდებით, ვერ ასრულებდა ვერც ცივილიზაციის, ვერც მსოფლიო იმპერიის, ვერც ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) მეთაურის როლს. რუსეთი ყოველთვის იყო ევროპის ჟანდარმი. დღესაც რუსეთის იმპერია არის უდიდესი პრობლემა მსოფლიოსთვის და არა ცივილიზაციის ცენტრი, რომ არა რუსეთის ფედერაცია ადამიანები უფრო ტკბილად იცხოვრებდნენ. ამგვარად, მოსკოვს რომის მემკვიდრეობასთან არაფერი აკავშირებს.
კომენტარი