სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უგულავას დაკავების დეტალები და შეფასებები

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს, დაახლოებით 06.00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერიაც. გიგი უგულავა, გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიფრინავდა.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საზღვრის გადაკვეთის დროს აიყვანეს. გამომძიებლებმა უგულავას ბრალი აეროპორტშივე გააცნეს. უგულავას უკანონო თანხების ლეგალიზება ედება ბრალად.

ამ დროისთვის უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

გიგი უგულავა მისი დაკავების ფაქტს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. როგორ უგულავა აცხადებს, იმიტომ დააკავეს, რომ ყოფილ პრემიერს "თავს არ უხრის". ამის შესახებ გიგი უგულავამ თბილისის აეროპორტში, დაკავების შემდეგ განაცხადა.

"აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანს. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანს, მერე ისევ - დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ, დანარჩენი სამართლებრივად მართალი ვარ. დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასოდეს დავუხრი. ეს ერთი. მეორე - ბრალდება არ ვიცი, აუცილებელი იყო, რომ მე ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და აი, ჩამოვხსენი კიდეც"-განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების ოქმში მითითებულია, რომ უგულავა დააკავეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გადაუდებელი აუცილებლობით.

როგორც ჟურნალისტებს ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა, დაცვის მხარისთვის ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა საქმეზე მიდის გამოძიება და რის გამო დააკავეს უგულავა.

გიორგი გელხაური ე.წ. მოდულის შენობაში დაახლოებით 40 წუთია, გიგი უგულავასთან არის შესული. ადვოკატის თქმით, უგულავა მანამდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჰყავდათ, თუმცა მას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს.

"დაახლოებით 2 საათი ვიყავით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან, ვიცოდით, რომ უგულავა იქ ჰყავდათ, მაგრამ შიგნით შესვლის საშუალება არ მომცეს. გამომძიებლები არ პასუხობდნენ ტელეფონს და არ მაძლევდნენ კონკრეტულ ინფორმაციას. ეს არის კანონდარღვევა, შემდეგ კი მითხრეს, რომ უგულავა მოდულში გადაიყვანეს და იქ მომეცემოდა მასთან შესვლის საშუალება", - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დღეს დილით თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. დაკავების მიზეზად უკანონო თანხების ლეგალიზება სახელდება. ამჟამად უგულავა ე.წ. მოდულის შენობაშია გადაყვანილი.

ამასთან, გიგი უგულავა 4 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იყო დაბარებული.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის გიგი უგულავასთვის ბრალი არ წაუყენებიათ, – ამის შესახებ ე.წ.მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს არ გადასცემია არანაირი საქმის მასალები და მათ მხოლოდ ზედაპირულად იციან, რომ დაკავება უკავშირდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. გარდა ამისა, ადვოკატები უგულავას დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ.

"ჩვენ შევხვდით უგულავას, მას დაკავების შემდგომ არ განუმარტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რას ედავებოდნენ, რა თემაზეა დაკავებული, მას წარმოდგენა არ აქვს, უბრალოდ, მან იცის ზედაპირულად, რომ ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებული. საგამოძიებო სამსახურში გადაყვანის შემდგომ იგი ითხოვდა ადვოკატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას, რისი უფლებაც არ მისცეს, ესეც არის დარღვევა. ყველა ამ დარღვევის შესახებ ისაუბრებს უკვე სასამართლოზე, - განაცხადა გელხაურმა.

მისივე თქმით, უგულავა არ აღიარებს არანაირ ბრალს. "მისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, ასევე არც ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ჩვენთან კომუნიკაციას არ ახდენს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკავებულს ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ, იმედია, როცა ეს მოხდება შეგვატყობინებენ", - განაცხადა გელხაურმა.

მასთან ერთად მოდულში ადვოკატები ბექა ბასილაია და გიზო უგლავა იმყოფებიან. მოდულის შენობასთან ასევე იმყოფებოდნენ უგულავას ახლობლები, რომლებმაც მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

უგულავას დაკავებას გამოეხმაურა გიგა ბოკერია. „კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებს, ივანიშვილის პოლიტიკური მონები არიან მთავარი, კიდევ ერთი დამატებითი ფაქტი, დამატებითი დემონსტრირება, კანონის სრული უგულებელყოფის, ცინიზმის და ივანიშვილის კაპრიზების შესრულების პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით არის ის, რომ ადვოკატი არც შეუშვეს მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში. მიმდინარეობს დემონსტრირება იმისა, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, არც კანონს, არც ადვოკატის ფუნდამენტურ მინიმალურ პროცესიალურ უფლებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომლებიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებენ, ივანიშვილის პოლიტიკური მონები არიან. ამით ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, "ნაციონალურ მოძრაობას" და საერთოდ, ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ გააჩუმებენ, მაგრამ ვითარება გადაჰყავთ სრულიად არასასურველ კალაპოტში", - განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100