სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუმინეთში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლები დაამარცხა: რუმინეთი-საქართველო 13:19

ბუქარესტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რაგბიში რუმინეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრა. მეტად საინტერესო და პრინციპული მატჩი საბოლოოდ ქართველთა გამარჯვებით 19:13 დასრულდა. პირველ ტაიმში რუმინელებმა ქართველებს სძლიეს და 10:6 გაიმარჯვეს, თუმცა, ქართველმა რაგბისტებმა მეორე ტაიმში გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ეს ამ ტურნირში საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.

პირველ ტაიმში რუმინელებმა საქართველოს ნაკრებს ერთი ლელო გაუტანეს და გარდასახვისა და ერთი ჯარიმის გატანაც მოახერხეს. ქართველთაგან პირველ ტაიმში თავი მერაბ კვირიკაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ორი ჯარიმა აქცია ქულებად. მეორე ტაიმში ქართველები გააქტიურდნენ და დავით კაჭარავამ მეტოქეს ერთი ლელო გაუტანა. საქართველოს ნაკრებმა ასევე ზუსტად შეასრულა ორი ჯარიმა და ანგარიში 19:13 გახდა.

დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრის ბოლო 15 წუთი. ვიქტორ კოლელიშვილის გაძევების შემდეგ საქართველოს ნაკრები მოედანზე 14 კაცით დარჩა და ძირითადად, თავდაცვაზე გადავიდა. ბოლო 5 წუთი, ფაქტობრივად, საქართველოს ჩათვლის მოედნის ხაზთან მიმდინარეობდა. რუმინელებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა და შეხვედრის შემოტრიალება, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა დაცვაში თავგანწირვით ითამაშეს და შეხვედრა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა.

მოგების შედეგად ქართველი მორაგბეები ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლენ, რომელიც, ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის თამაშდება.

მომდევნო შეხვედრას ქართველები საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ - ზუსტად ერთ კვირაში ბორჯღალოსნების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100