სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წალენჯიხის გამგებელი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სამი წლის წინ მოკლეს (ვიდეო)

წალენჯისხის რაიონის სოფელ მუჟავაში სამი წლის წინ, 2008 წლის 25 ოქტომბერს აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათგან ერთ-ერთი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია მებონია იყო. დაიღუპა ასევე ადგილობრივი მცხოვრები ოთარ საბულუა, ხოლო ერთი პოლიციელი - ზვიად ლაგვილავა მძიმედ დაიჭრა. შემთხვევა დღისით-მზისით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსულ-აფხაზური პოსტიდან, რომელიც მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობდა, მართვადი ნაღმი ააფეთქეს. სავარაუდოდ, ნაღმი შემთხვევის ადგილზე დაყრილ ჯართის გროვაში იყო ჩამონტაჟებული.

წინაღამეს აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთარ საბულუას სახლს ესროლეს. გავრცელებული ვერსიით, სახლის დაცხრილვა აფხაზი კრიმინალების მხრიდან პირად ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა: საბულუას სახლს ყუმბარმტყორცნის ორი ჭურვი ესროლეს და ავტომატებით დაცხრილეს. მეორე დღეს შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად ევროკავშირის დამკვირვებლები გავიდნენ. მათთან ერთად წალენჯიხის გამგებელი, პოლიციელები და ჟურნალისტები: „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია და „პირველი არხის“ ოპერატორი გიგა კილასონია იმყოფებოდნენ. ჩემი კოლეგები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ:

სავარაუდოდ, რუსულ-აფხაზური პოსტიდან გადმოსულმა ჯგუფმა ჯართის გროვაში ნაღმი წინაღამეს ჩაამონტაჟა. რუსმა ოკუპანტებმა, როგორც ჩანს, კარგად გათვალეს, რომ მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე ხალხმრავლობა იქნებოდა და პროვოკაციაც იმ დროისთვის დაგეგმეს. აფეთქების ხმა სწორედ მაშინ გაისმა, როცა ეზოში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მოგვიანებით, გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისგან ცნობილი გახდა, რომ საბულუას სახლთან მიმდინარე პროცესებს რუსულ-აფხაზური პოსტიდან ბინოკლის მეშვეობით აკვირდებოდნენ და ნაღმი სწორედ მაშინ ააფეთქეს, როცა დაინახეს, რომ ჯართის გროვასთან, ეზოში, ადამიანთა ჯგუფი იდგა.

„პირველი არხის“ ოპერატორს, გიგა კილასონიას აფეთქების მომენტში ვიდეოკამერა ჩართული ჰქონდა. აფეთქების ხმის გაგონებისთანავე იგი სხვებივით მიწაზე გაწვა, მაგრამ კამერა არ გამოურთავს - ობიექტივი პოსტისკენ იყო მიმართული. სწორედ ასე შემოუნახა მან ისტორიას გია მებონიას მკვლელობის შემზარავი კადრები. ამ სტატიას თან ერთვის ვიდეოს ბმული. რედაქცია აფრთხილებს მათ, ვისაც კადრები ჯერ არ უნახავს - ისინი საკმაოდ მძიმე სანახავია...

კადრში გია მებონიასთან ერთად მიწაზე გართხმული გია ხარჩილავა ჩანს. ორი გია განუყრელი მეგობრები იყვნენ: ერთი გამგებელი გახლდათ, მეორე კი საკრებულოს თავმჯდომარე. სწორედ გია ხარჩილავამ შენიშნა პირველად მეგობრის თავთან მდგარი სისხლის გუბე და ყვირილი მორთო: სასწრაფო დახმარების მანქანას და დახმარებას ითხოვდა. გია მებონია სასწრაფოდ გადაიყვანეს პოლიციის მანქანაში და ზუგდიდის მიმართულებით წაიყვანეს, მაგრამ ყველანაირი ზომის მიღება უკვე დაგვიანებული იყო: მას ჭურვის ნამსხვრევი თავში ჰქონდა მოხვედრილი და, სავარაუდოდ, ადგილზევე გარდაიცვალა. თავში დაჭრილი ოთარ საბულუა მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა, რაც შეეხება გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრილ პოლიციელს ზვიად ლაგვილავას, მის გადასარჩენად ექიმებს ოთხსაათიანი, ურთულესი ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ...

რუსული ოკუპაციის გარეგნულად დასრულებიდან ორი თვე იყო გასული და რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა თავისი უბრალოობით, სისადავითა და გულღიაობით ცნობილი, არამარტო წალენჯიხელების ფავორიტი გია მებონია...

ბმული ვიდეოზე: "კურიერში" გასული მასალა - 25.10.2008.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100